ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი სოფიო ჩხაიძე სოციალურ ქსელში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დღეს დიდი დღეა ქართველებისთვის. დაცემის და წაქცევის დღეა და მძიმედ მოსაგონებელია. ძალიან სევდიანად, უსიტყვოდ, კომპოზიციურად საინტერესოდ შეკრული პერფორმანსი მოეწყო კულტურის ცენტრის წინ.
ამაზე ახლა არ მინდა ლაპარაკი. უფრო ძველი უნდა გავიხსენო.
აფხაზეთის ომი ლანჩხუთის რაიონმაც (მაშინ რაიონს ეძახდნენ) განიცადა, გაირა, იტკივილა. სკოლის ასაკის ვიყავი იმ ხანად. რაც ჩემს ასაკში უნდა გამეგო ის არ მესმოდა, უფრო დიდივით უნდა ავყოლოდი ცხოვრებას, გინდა არ გინდა ასე იყო ყველა ჩემხელა ბავშვი.
კულტურის სახლს, ზუსტად არ მახსოვს, ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ, თუ არ ვცდები, ლია ურუშაძე. დედაჩემმა მითხრა, რომ იმ დღეს აფხაზეთის გმირებისადმი მიძღვნილი საღამო იყო. ადრე მივედით მოსწავლეები. დარბაზი კი არ გაივსო _ გადაიჭედა.

მაშინ სად იყო მონიტორები და ამდენი კომპიუტერული გამოგონებები. დარბაზში დამონტაჟებული ოთხი ტელევიზორი ერთდროულად აჩვენებდა ომის კადრებს. პირველად ვნახე ასე ცოცხლად ნამდვილი სიკვდილები ოქრო-ბიჭების, ხელში რომ აკვდებოდნენ მეგობრებს.
გადარჩენილები კი ორმაგი ჟინით ისროდნენ მიზანშიც და ალბათ ბრმადაც, რადგან მეგობარს, ძმას, შენს ქალაქელს რომ ხელში ჩაგაკლავენ, მერე მიზანს როგორ გაასწორებ, ან იქნებ სწორედ მაშინ ამოგყავს სამიზნე მტერი და შიგ შუბლში ესვრი ნაწყევლ-ნაგინებ ტყვიას.
დარბაზში სრული სიგიჟე იყო ემოციების. გმირების დედებიც ესწრებოდნენ ამ დიდ თავშეყრას. ერთი ამოგმინვა და ვაიდედაშვილოს ამოძახილი გაისმა. მიველურსმნეთ სკამებზე. სუნთქვა გავაჩერეთ თითქოს. რამდენი წელია გასული ამ უახლესი ისტორიიდან და დღესაც ის ოთხი ტელევიზორი და იქიდან გადმოსული სიკვდილები მახსენდება სექტემბერში.
რამდენი გმირი გვყავს..
უთვალავი..
ურიცხვი..
მერედა, როგორები, სულ ოქროგულები…“ _ წერს სოფიო ჩხაიძე.
ლანჩხუთის კულტური სახლის წინ, „წერილების გარდა“ გაკეთდა, სადაც გმირების წერილები იყო გაცოცხლებული.
„ჩემს შვილს უთხარი, რომ მამამისი საქართველოს იცავდა… თუ ღმერთი გწამს, დედას მიმიხედე“
„გიო! ჩემო ჭკვიანო ბიჭო, როგორ ხარ? მაგრად მიყვარხარ, მამი, შენ და დედიკო. იციდე, მსოფლიოში ყველაზე კარგი და ლამაზი დედიკო გყავს. არ გამიბრაზო, მოუარე.
მამი, მინდა, რომ ყველას უყვარდე და ყველა გიყვარდეს, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ თუ მტერი გეყოლება, ძაანაც ნუ ინერვიულებ _ უმტერო კაცი კაცი არაა. ჩხუბს მოერიდე და აყალ-მაყალს. ამის გარეშე რომ მოაგვარებ საქმეს, მაშინ უფრო მაგარი ბიჭი იქნები. აბა, დროებით, ისევ მოგწერ“
სამწუხაროდ, ვეღარ მიწერა… დიდება გმირებს!




