ლანჩხუთის ფეხბურთის გამორჩეული გულშემატკივარი იური გოგუაძე გარდაიცვალა.
იგი, ათწლეულების მანძილზე, ერთგულად ქომაგობდა „გურიას“, ბოლო ათწეულში კი უკვე ქალთა კლუბ „ლანჩხუთსაც“.
„გურიას“ ფან-კლუბი „ფირალები“ ვრცელი წერილით ემშვიდობება გამორჩეულ წევრს და აღინიშნავს, რომ იგი „ცოცხალი ხიდი იყო ძველ და ახალ თაობას შორის. მისი მონაყოლი ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა, უკეთ გაეგო, რა ისტორიის მქონე კლუბის ფანკლუბს წარმოადგენდა“.
მეტად ემოციური და განსაკუთრებული „ფირალი“ იყო, ტრიბუნაზე დამჯდარს ვერ ნახავდით, უმეტესად, მოედნის გვერდიდან „დაჰყვებოდა“ მატჩის მიმდინარეობას და „სისხლს უშრობდა“ გვერდით მსაჯებს…
„იური ჩვენი ფანკლუბის წევრი და ჩვენი უფროსი მეგობარი იყო _ ადამიანი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ჩუმად, უანგაროდ და მთელი გულით უყვარდა „გურია“. სახლის თუ გასვლით მატჩებზე, იური ყოველთვის ჩვენი გუნდის გვერდით იდგა. ხშირად თავისი საყვარელი „ჟიგულით“ მიემართებოდა სხვადასხვა ქალაქში, მხოლოდ იმისთვის, რომ „გურიას“ თამაში ენახა. მაგრამ მისი ღვაწლი მხოლოდ თამაშებზე დასწრებით არ შემოიფარგლებოდა. ის ფანკლუბ „ფირალებში“ ახალგაზრდა თაობას „გურიას“ ისტორიას აცნობდა _ უყვებოდა იმ დიდ წარსულზე, იმ ადამიანებსა და ფეხბურთელებზე, რომლებმაც ჩვენი კლუბის ისტორია შექმნეს“ _ ვკითხულობთ „ფირალების“ სამძიმრის წერილში.
იური გოგუაძეს გულით უყვარდა ლანჩხუთის ფეხბურთი და ადგილობრივი გუნდები. ძალიან უხაროდა ციცების წარმატება და ბედნიერი იყო, რომ „გურიას“ აღმავლობის ხანა დაიწყო.
„თავისი „ჟიგულით“ დადიოდა გასვლით თამაშებზე. თუ მანქანა გაუფუჭდებოდა და ასე ხშირად იყო, რადგან მის შეკეთებაზე მეტად, ერჩივნა ფეხბურთელებისთვის ხილი ეყიდა, მაშინ ტაქსს იქირავებდა და თამაშს არ დააკლდებოდა, ფეხბურთელებისთვის ხილით სავსე ყუთები მიჰქონდა. იმ დროს „გურიას“ ცუდი დროება ედგა“ _ ამბობს მისი მეგობარი.
ლანჩხუთის ფეხბურთის გამორჩეული ქომაგი შუხუთიდან იყო, ამ სოფელში კი განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ძმებმა იმნაიშვილებმა სახლის დასახური შიფერი გაყიდეს, „გურიას“ გასვლით შეხვედრაზე რომ წასულიყვნენ. იური გოგუაძეც განსაკუთრებული ქომაგი იყო…
„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს იური გოგუაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.




