1986 წლის 12 ნოემბერი იდგა…
ლანჩხუთში დილიდანვე დიდი ფაცი-ფუცი იყო. პატარა ქალაქი დიდი ისტორიის დასაწერად ემზადებოდა. ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო დღე არ უნდა ყოფილიყო _ ამ დღეს ლანჩხუთს მთელი საბჭოთა საფეხბურთო სამყაროსთვის უნდა ეთქვა თავისი სიტყვა!
„გურიას“ ყველაზე დიდი პატრონის, ევგრაფ შევარდნაძის, „ატეკამ“ საქალაქთაშორისო რეისები გააუქმა: გურიის ამ ქალაქიდან ტრანსპორტს ერთი მიმართულება ჰქონდა _ ბათუმი!
დილიდანვე ავტობუსებისა და ავტომობილების უწყვეტმა კოლონამ აჭარის დედაქალაქისკენ აიღო გეზი. დამატებითი სამგზავრო მატარებლებიც დაინიშნა…
იმ დღეს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 10 ათასზე მეტმა ლანჩხუთელმა მოიყარა თავი. 20-ათასიანმა არენამ კი გათვლილზე თითქმის 10 ათასით მეტი მაყურებელი დაიტია…
„ბედნიერად დადგა ჩემთვის ეს 12 ნოემბერი,
უმაღლეს ლიგას ვესტუმრე, დაბრუნებას აღარ ველი…
ჩვენ ლანჩხუთელებს _ უმაღლეს ლიგაში გვიყვარს გადასვლა,
მიზანი ყველას ერთი გვაქვს, ასპარეზი გვაქვს _ სხვადასხვა…“
„ნიანგის“ ლეგენდარული რედაქტორის, ზაურ ბოლქვაძის, ეს სტროფები სწორედ 12 ნოემბრის საღამოს დაიწერა…
მოგვიანებით კი ადგილობრივი გაზეთი „კომუნისტური შრომა“ საბჭოთა ლიდერების ყრილობის მოხსენებებს გვერდზე გადადებს და მთელ ნომერს „გურიას“ მიუძღვნის. რედაქტორი ამას, ფაქტობრივად, დაპატიმრების რისკის ფასად გააკეთებს…
მანამდე კი ბესიკ ფრიდონაშვილმა გაიტანა გოლი, რომელმაც ლანჩხუთის ისტორია შეცვალა!
ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 10 ათასს არ აღემატებოდა, მწვანე მინდორზე მილიონიანი ქალაქების გუნდებს უნდა დაპირისპირებოდა. ლანჩხუთის გუნდი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა!
1986 წლის 12 ნოემბერს „გურიას“ მესვეურებმა სისრულეში მოიყვანეს ორი ათეული წლით ადრე ჩაფიქრებული თითქმის დაუჯერებელი საფეხბურთო ავანტიურა _ სოფლის გუნდს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში უნდა ეთამაშა!
მიუხედავად იმისა, რომ „გურიაში“ საუკეთესო ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, წინა სეზონში მე-17 ადგილზე გასულ გუნდს მაინც არავინ არაფრად აგდებდა. სანამ… ცსკა-ს არ წამოეწია!
თუმცა კლუბის მმართველებმა, რომლებსაც ეს გაუგონარი და გიჟური ავანტიურა ჰქონდათ წამოწყებული, კარგად იცოდნენ: მათ საბჭოთა არმიის გუნდზე წინ არავინ გაუშვებდა.
ამ დროს კი რიგის „დაუგავას“ 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. თანაც, მაშინ ორქულიანი სისტემა მოქმედებდა და დარჩენილ 10 ტურში ამხელა ფორის განიავება თითქმის დაუჯერებლად მოჩანდა.
თუმცა რაც არ სჯეროდათ რიგაში, აღასრულეს გურულმა საფეხბურთო მოხელეებმა და „კომბინატორებმა“ (ასეთად საბჭოთა კავშირში ე.წ. „ცეხავიკებს“, ფულიან ხალხს მოიხსენიებდნენ) _ რა გასაკვირია, თუ ბალტიისპირული გუნდის მთავარი მწვრთნელის უცხოურ კურსებზე „გაშვებასა“ და რიგელთა ქულების პანტა-პუნტით დაკარგვაში (ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ 7 ქულა დააგროვეს), გურულების ხელი დაინახეს…
მოგვიანებით „გურიას“ პრეზიდენტი ამირან წილოსანი გაიხსენებს, რა ნახა საკუთარი თვალით მოსკოვის საავადმყოფოში იმედო დუნდუას მონახულებისას: საბჭოთა ფეხბურთის სამმართველოს წარმომადგენელი პალატაში ესტუმრა კლუბის ლეგენდარულ დირექტორს და ჩემპიონატის კალენდარი შეუთანხმა!
არსად გამოჩენილა, მაგრამ ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ გურულების ამხელა ავანტიურას „ზემოთ“ პატრონი არ ჰყავდა. ეს უჩინარი მფარველი კი, სავარაუდოდ, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე უნდა ყოფილიყო _ „გურიას“ ყველაზე დიდი გულშემატკივრის, მაშინ უკვე გარდაცვლილი ევგრაფ შევარდნაძის ძმა…
„დიდი მამათელის“ ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ლანჩხუთის საფეხბურთო ინფრასტრუქტურისთვის 23 მილიონი მანეთის გამოყოფა, მაშინ როცა მთელი რაიონის ბიუჯეტი 5 მილიონს არ აღემატებოდა…
ეს იყო დრო, როცა პატარა ლანჩხუთში ისეთი მასშტაბის საფეხბურთო ამბიცია დაიბადა, რომლის დაჯერებაც ბევრს უჭირდა. მაგრამ გურულებმა შეუძლებელი შეძლეს!

მათ ლანჩხუთის ისტორია დაწერეს… ქვედა რიგში, მარცხნიდან: ენუქი თევზაძე, გოჩა ტყებუჩავა, ირაკლი იმნაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი და სერგეი შვეცოვი. შუა რიგში, მარცხნიდან: ბეგი სიხარულიძე (მთავარი მწვრთნელი), გიგლა იმნაძე, ბესიკ ფრიდონაშვილი, მურმან აკოფიანი, ლევან მელიქია, კარლო მჭედლიძე და იმედო დუნდუა (გუნდის უფროსი); ზედა რიგში, მარცხნიდან: თეიმურაზ ჩხაიძე, თეიმურაზ ებანოიძე, ალექსანდრ კონდრატიევი, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ბადრი დანელია და გურამ ცარიელაშვილი (ექიმი)
თუმცა ეს ყველაფერი ფეხბურთელებისა და ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედის, ბეგი სიხარულიძის, გარეშე ვერ მოხდებოდა. კაცი, რომელიც „გურიას“ ისტორიაში ლეგენდად შევიდა ორჯერ _ ჯერ როგორც ფეხბურთელი, შემდეგ კი როგორც მწვრთნელი, რომელმაც კლუბს მის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა!
საოცარი სანახავი იყო ბათუმიდან ლანჩხუთში მომავალი გამარჯვებული ქომაგების უწყვეტი კოლონა და გზისპირა სოფლებიდან გამოფენილი მოსახლეობა, ჩირაღდნებით ხელში…
მარტო ამის სანახავადაც ღირდა ის დისკვალიფიკაცია, რომელიც „გურიას“ საბჭოთა ფეხბურთის სამმართველომ მხოლოდ იმისთვის „გამოუწერა“, რომ წინა საშინაო შეხვედრაში, მთავარ კონკრენტ „დაუგავასთან“ მოგების შემდეგ, გახარებული ქომაგი მოედანზე გადავიდა…
„მალე გიჩვენებთ უეფას თასის ფინალში თამაშს,
თასს ლანჩხუთში ჩამოვიტანთ და შიგ „ბახმაროს“ ჩავასხამთ,
ფრთები რომ ფართოდ გაშალოს დიდმა ფეხბურთმა, ქართულმა,
უთუოდ უნდა მომბაძოს ქუთაისმა და ბათუმმა.
ბათუმთან მუდამ მექნება უმჭიდროესი კავშირი,
იქ ძეგლი უნდა დავუდგა გოლს ბესიკ ფრიდონაშვილის,
იბრწყინებს ოქროს ფინიშით, თუკი მომბაძავს თბილისიც,
თუ არ მომბაძავს, ეგება, სულ გამოვარდეს _ ვინ იცის?“
ესეც ლეგენდარული ზაურ ბოლქვაძის 12 ნოემბრის სალაღობოდანაა…
უეფას თასის ფინალში ვერა, მაგრამ საქართველოს პირველი თასი კი ჩამოვიტანეთ ლანჩხუთში! თუმცა ამის შემდეგ კლუბს დიდი დაღმასვლა დაეწყო და „გურია“, რომელიც ერთ დროს ქართული კლუბების სამეულში ყოფნით იწონებდა თავს, ქვედა ლიგებს გაუშინაურდა…
მაგრამ არის გამარჯვებები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს. არის დღეები, რომლებიც მხოლოდ კალენდარში კი არ რჩება, ადამიანების მეხსიერებაში ცხოვრობს. და არის ქალაქები, რომელთა ისტორიაც ერთმა გოლმა შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს.
1986 წლის 12 ნოემბერი სწორედ ასეთი დღეა!
და დღეს, 40 წლის შემდეგაც, იმედი ისევ ცოცხალია, რომ „გურია“ კიდევ ერთხელ გადარევს დუნიას!



