„ჩვენი ბრძოლა გრძელდება… მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი… ჩვენი ხალხის მომავალი… ხელებჩამოშვებულები, მხოლოდ ზიზღს იმსახურებენ… არასდროს დანებდეთ, ერთმა კაცმა მაინც…“ _ წერს არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში.
ლანჩხუთელი, რომელიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის, მერაბ დვალიშვილზე მზაკვრულ თავდასხმაზე ქართველი მებრძოლისა და მისი მეგობრის, საბა ლაზიშვილის პასუხს ეხმაურება: „ის ქნეს, რაც უნდა ექნათ, განსაკუთრებით იმ პატარა ბიჭმა საბამ… გამიხარდა, ზუსტად ისე, როცა მსგავს რაღაცებში ჩემი შვილი მონაწილეობდა…“ _ წერს არჩილ ხოფერია, რომლის შვილი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია მორაგბე და ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო თასის გამარჯვებული იყო. იგი 4 წლის წინ, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეეწირა.
არჩილ ხოფერია, რომელმაც ახლახან უკრაინაში სამხედრო წოდება მიიღო, ფრონტის ხაზიდან მძიმე ამბავს ჰყვება:
„ზოგადად შურისძიებას, პირადულს თუ სამხედრო პასუხს, ჩვენგან მოითხოვდა არა მარტო ღირსება, არამედ სამხედრო აუცილებლობა. რამეთუ შემოჯარულ მტრებს სცოდნოდათ, ჩვენი სისხლის წილ იმათიც დაიღვრებოდა.
ჩვენი მოკვეთილი თავის მაგივრად, იმათი მარჯვენაც მიეჭედებოდა დირეს… ასე გვზრდიდნენ… ასე ვცხოვრობდით, ასე ვითხოვდით პასუხს..
ომის კი არ გვეშინოდა, ჩვენი ცხოვრება თავად იყო ომი…
ჩხუბზე არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, ის ქნეს, რაც უნდა ექნათ, განსაკუთრებით იმ პატარა ბიჭმა საბამ…
გამიხარდა, ზუსტად ისე, როცა მსგავს რაღაცებში ჩემი შვილი მონაწილეობდა…
საკუთარზე არაფერს ვიტყვი, გინდა მაგათზე, გინდა რუსებზე, ერთი ვიცი, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, ვემახსოვრები…
არა მარტო ომიდან, მანამდე…
მაგრამ ორი ომი წავაგეთ, სახლებიდან გამოგვყარეს და ახლა მთელ პლანეტაზე დავსდევთ, რომ როგორმე პასუხი მოვთხოვოთ, დავაზარალოთ, დავასუსტოთ..
აქამდე არაფერი დამიწერია, რამეთუ პარალელურად ეს ხდებოდა… ველოდებოდი დასასრულს…
სამშვიდობოს ვართ ა… სტაბ. პუნქტში, სტაბილიზაციისთვის კეთდება ყველაფერი და გადაიყვანენ მომდევნო სამედიცინო დაწესებულებაში, მძიმე კანტუზია აქვს, ჯ… მჩატე კანტუზია, მე ყველაფერი კარგად მაქვს, დაზიანებების გარეშე ვარ, გზაში ორი ჟდუნი იყო, ვეომეთ, დავამარცხეთ…
ჩვენი ბრძოლა გრძელდება… მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი… ჩვენი ხალხის მომავალი..
ხელებჩამოშვებულები, მხოლოდ ზიზღს იმსახურებენ…
არასდროს დანებდეთ, ერთმა კაცმა მაინც…“ _ წერს არჩილ ხოფერია.



