ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის დაანონსებული პროტესტი გრძელდება _ გურულებმა „ნიკე ლუსოსთან“ თამაშზე ისევ უარი თქვეს და მატჩი ჩაშალეს.
„ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მსაჯის სასტარტო სასტვენის შემდეგ ბურთი გაათამაშეს და გუნდის პაიტანმა, ნინი ჩხარტიშვილმა ის მსაჯს მიაწოდა. ამის შემდეგ სტუმარმა ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს.
“ყოჩაღ, ლანჩხუთი!” – ისმის კლუბის წევრების მოქმედების მხარდამჭერი შეძახილი “პუბლიკის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
დღეს “ლანჩხუთმა” სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “არანაირი ჩემპიონატი არ არის ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსებაზე მნიშვნელოვანი!”
ასევე კლუბის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა დარჩენილი თამაშების განრიგი, სადაც გადახაზული იყო „ნიკე-ლუსოსთან“ გასამართი ორივე თამაში.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ ეროვნული ლიგის წინა შეხვედრის ჩატარებაზეც უარი განაცხადა.
მას შემდეგ, სასამართლომ გაამართლა “ნიკე-ლუსოს” ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც ამავე კლუბისა და ეროვნული ნაკრების წმაყვანი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, ფეხბურთელმა ქალებმა პირდაპირ სტადიონზე გამოხატეს პროტესტი და მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, მატჩი ჩაშალეს.
„ლანჩხუთს“ ამის გამო ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალა.
რა ელის „ლანჩხუთს“ იგივე ქმედების განმეორების გამო? სადისციპლინო კოდექსში მატჩის მიტოვების განმეორებით შემთხვევა არაა გათვალისწინებული, შესაბამისად, მოქმედებს დათქმა, რომელიც უკვე გამოიყენეს გურულების მიმართ და ეს ტექნიკური წაგება 0:3-ია.




