არ ჰქონდა არავითარი ლაქა მეძავს _ გია ქურიძის სულისშემძვრელი მინი-ნოველა: აფსუს, სოფელო…

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | სოფლის ეზო, ჭა, მეძავი და ადგილობრივები

ლანჩხუთის დიდი ტკივილია უნიჭიერესი გია ქურიძე, რომელმაც არაერთი შთამბეჭდავი ნოველა დაგვიტოვა. გთავაზობთ ერთ მათგანს _— „მეძავს“, სულისშემძვრელ ამბავს იმის შესახებ, თუ რა მძიმე დასასრული შეიძლება მოჰყვეს ერთ დაუფიქრებელ ნათქვამს:

მეძავი ჩამოსახლდა სოფელში.

პატარა ეზო-სახლი იყიდა. მარტო ცხოვრობდა. სულისშემძვრელი და რაღაც საშიში სილამაზე ქონდა იმ ჩემი ცოდვით სავსეს.

გულზე მუშტებს იბრახუნებდნენ კაცები.

ჩუმად უთვალთვალებდნენ ქმრებს ქალები.

იმ საღამოს მთელმა სოფელმა დაინახა, როგორ ჩაბარბაცდა მთვრალი ჯაბა მეძავის ეზოში. დილით გადმოვიდა, მაღაზიასთან კაცებს ხმამაღლა მიახარა, რომ მარცხენა ძუძუს ქვეშ თანდაყოლილი დიდი ლაქა აქვსო მეძავს.

ვერ მოასწრო გაფრთხილება ოტიამ, კივილი გამოვარდა მაღაზიიდან.

ჯაბას ცოლი კივილით მიუვარდა მეძავს: „მეზობელი არ იცი, შე კახპაო?!“

„გადადი ჩემი ეზოდანო“ და მეტი სიტყვა აღარ ამოუღია მეძავს.

საღამოს მისი მეზობელი კიოდა უკვე, ჭაში დაეხრჩო უბედურს თავი.

მთელი სოფელი წვალობდა ამოყვანაზე.

როგორც იქნა, ამოიღეს.

კაბა შემოხეოდა ჭიდან ამოღებისას.

თვალი გაექცა მოხუც ოტიას. ჯერ დაბჯენილი ჯოხი დაუვარდა, არ აუღია, მიტრიალოდა და იქვე მდგომ ჯაბას გამეტებით გაარტყა სახეში.

არ ჰქონდა არავითარი ლაქა მეძავს.

აფსუს, სოფელო…