გაიცანით „ალაგე“, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარულია _ ლანჩხუთელი ფერმერის ცხოვრებით AMBEBI.GE დაინტერესდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | კორნელი ჭყონია და ფერმა

დიდი ხანი არ არის, რაც ფერმერი გახდა. ტრადიციულ სოფლის მეურნეობას – თხილის, ხილის, მარცვლეულისა და სხვა კულტურების მოყვანას – თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს უთავსებს და თავის ყოველდღიურ შრომას ათასობით გამომწერს უზიარებს. სწორედ ამიტომ ლანჩხუთელ ფერმერს, კორნელი ჭყონიას საზოგადოება სოციალური ქსელებიდან უკვე კარგად იცნობს.

პოპულარულმა ქართულმა ვებ-პორტალმა ambebi.ge მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

– ერთი გურული ბიჭი ვარ, 34 წლის, ლანჩხუთიდან. გურიის გახსენებაზე ყველას ნოდარ დუმბაძე, ბახმარო, ჩოხატაური ან გომისმთა ახსენდება. ლანჩხუთი ამ მხრივ ცოტა მივიწყებული და დაჩაგრულია. საერთოდ, გურია საკმაოდ მივიწყებული კუთხეა, მათ შორის, მისი ზღვისპირეთიც, თუ არ ჩავთვლით ურეკს, რომელიც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა გააცოცხლა. აი, გრიგოლეთი კი აბსოლუტურად უყურადღებოდაა მიტოვებული.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენი პოლიტიკოსიც გამოვზარდეთ გურულებმა – პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, ედუარდ შევარდნაძით დამთავრებული თუ მერეც – არცერთი აღარ დაბრუნებულა ამ მხარის დასახმარებლად…

„ჩემი დილის რუტინაა კატების მოფერებაც. სამი კატა მყავს, სამივე ქუჩიდან შეფარებული“

რაც შეეხება ჩემს ბავშვობას: 90-იანების შვილი ვარ, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში გავიზარდე. ბავშვობიდან, როგორც მასწავლებლები გვეძახდნენ ხოლმე უმეტესობას – „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ ბავშვი ვიყავი. თუმცა, ხელოვნების მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი. სკოლაში სწავლისას ადგილობრივ თეატრში ვთამაშობდი. მაშინ მჯეროდა, რომ გავხდებოდი პირველი ქართველი მსახიობი, ვინც „ოსკარს“ აიღებდა.

დღეს სიცილით მახსენდება ჩემი „ოსკაროსნობაზე“ ოცნება, მაგრამ თეატრის სცენამ და ადამიანებთან ურთიერთობამ დამძლია კომპლექსები.

– ფერმერობამდე ბევრი რამ სცადეთ?

– ცხოვრებამ ხან იქით წამიღო, ხან – აქეთ. ბავშვობიდან მშობლები იმის ფუფუნებას მაძლევდნენ, რომ გამეკეთებინა ის, რაც თავად მინდოდა. როცა ვთქვი, „თეატრალურში“ მინდა ჩაბარება-მეთქი, ბოლო ორი კლასი თბილისში წავედი აკადემიაში მოსამზადებლად, რომ არ გამჭირვებოდა. მანამდე, 14-15 წლამდე, „დინამოს“ აკადემიაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მშობლებისგან სულ მქონდა მხარდაჭერა – ოღონდ, შენ თქვი, რა გინდა და გვერდში დაგიდგებითო.

„თეატრალურში“ სამწუხაროდ ვერ ჩავაბარე, რადგან სკოლის დამთავრებისას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა. მთელი ის წელი ფორმის აღდგენას მოვანდომე. წოლით რეჟიმში როცა ხარ, ბევრს ფიქრობ. სწორედ მაშინ მოხდა გარდატეხა – კითხვა დავიწყე. ხშირად ჰგონიათ, რომ დიდი განათლება მაქვს, სინამდვილეში კი წიგნების კითხვა სკოლის დამთავრების შემდეგ, ძირითადად მხატვრული ლიტერატურით დავიწყე. ვკითხულობდი იმას, რაც ჩემში რაღაცას აღძრავდა და არა იმას, რასაც სკოლაში იძულებით გასწავლიდნენ.

მოგვიანებით ფსიქოლოგიით დავინტერესდი. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, სუფრასთან ჩემი მოძღვარი გავიცანი, აღმოჩნდა ჩვეულებრივი ადამიანი – ჩემნაირად საუბრობდა, ასაკითაც ახლოს იყო ჩემთან. მეორე დღესვე დავურეკე და ტაძარში მივედი. გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, ქუთაისში, გელათის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ჩამებარებინა… პროფესიით თეოლოგი ვარ, თუმცა ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. მშობლები სულ მეხუმრებიან: ისეთ პროფესიებს ირჩევ, ფინანსური სარგებელი რომ არ მოაქვსო.

– სოციალურ ქსელებში თქვენს ვიდეოებს რომ ვუყურებ, თითქოს კადრში არ ჩანხართ, მაგრამ – ისმის შინაარსიანი, იუმორით სავსე ხმა…

– ჩემს გვერდსა და ვიდეოებში ვცდილობ, მე ნაკლებად გამოვჩნდე. მირჩევნია, წინა პლანზე საქმე იყოს და არა ადამიანი. იუმორი კი აუცილებელია. ბუნებით ინტროვერტი ვარ. ფერმა იმისთვის ვიყიდე, რომ მარტო ყოფნით დავმტკბარიყავი, მაგრამ მერე სოციალური მედია გავაკეთე. ახლა Facebook-ზე 18.000-მდე გამომწერი მყავს, ასევე TikTok-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე.

– საიდან დაიწყო ფერმის იდეა?

– მე და ბებიაჩემი ვცხოვრობდით ლანჩხუთის სახლში – ჩემი პატარა ძმა თბილისში მუშაობს, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მშობლები კი – ემიგრაციაში იყვნენ (ახლა მამაჩემი ჩამოსულია). ბაბუაჩემის სახელი მქვია და იმ სახლში გავიზარდე, რომელიც ბებიამ და ბაბუამ საკუთარი ხელით ააშენეს. არასდროს მქონია სურვილი, ის კარ-მიდამო დამეკეტა და მიმეტოვებინა…

„უნდა შევქმნა ადგილი, სადაც სტუმარი მოვა, დაისვენებს, ითევზავებს და ნატურალურ, სიყვარულით შექმნილ პროდუქტს დააგემოვნებს“

კოვიდის პერიოდში, სანამ ბებია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მეგობარმა ორი ოჯახი ფუტკარი მაჩუქა. ისე ჩავერთე ამ საქმეში, რომ 30 ოჯახამდე ავიყვანე. ტყის პირას მყავდა დასკუპებული. დაახლოებით ორი წლის წინ გავიგე, რომ ქალაქის განაპირას, ტყის პირას, იყიდებოდა მიტოვებული ნაკვეთი… ავიღე ბანკის სესხი, დავამატე ჩემი დანაზოგი და შევიძინე ეს მიტოვებული ტერიტორია. 20 წელი იქ არაფერი გაკეთებულა ჯაგნარი და ეკალ-ბარდი იყო. ნელ-ნელა, აგურ-აგურ დავიწყე შენება.

– რას მოიცავს ეგ ტერიტორია?

– დაახლოებით 1 ჰექტარია. არის 3000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის აუზი (ტბორი), დგას ძველი შენობა-ნაგებობები, საღორე, ხეხილისა და თხილის ბაღი. მერე ნათესავმა მაჩუქა ერთი პატარა გოჭი – ქალბატონი ციური, რომელიც დღეს ალბათ ყველაზე პოპულარული ღორია საქართველოში. თავიდან ქალაქელები ამბობდნენ, ეს ვერ არისო, ღორს ციური რომ დაარქვაო. მე ვეუბნებოდი: ამ ღორის ვიდეოებს უყურებთ, სახელიც ზეპირად იცით და კიდევ მე ვერ ვარ-მეთქი?

შემდეგ ციური გამრავლდა. დავამატე ინგლისური ჯიშის (ბერკშირი) მეორე ქალბატონი – პატე (გურულად „პატარა პატეს“ ვეძახდი). მინდა ხაზგასმით ვთქვა: ეს ღორები არასდროს დაიკლებიან! ალბათ პირველი ღორები იქნებიან, რომლებიც თავისი სიკვდილით გარდაიცვლებიან, როცა დრო მოვა. მათ გოჭებს კი ვყიდი ცოცხლად, რომ ფერმის სესხი და ხარჯები დავფარო. ჩემს სიცოცხლეში ჩიტიც კი არ მომიკლავს და ვერც ვერასდროს მოვკლავ ცხოველს.

– ფერმას სხვა დანიშნულებასაც უძებნით, ხომ?

– დიახ, გარდა იმისა, რომ თხილი მომყავს, ბოსტანი და ხეხილი მაქვს, მინდა ამ ადგილს კულტურული და აგროტურისტული დანიშნულებაც ჰქონდეს. ფერმიდან ვწერდი პოდკასტებს, ვიწვევდი საინტერესო ადამიანებს. მინდა, ტურისტი რომ მოვიდეს, ითევზაოს, იქვე შევუწვათ თევზი, იქვე მოყვანილი პომიდვრის სალათი დავახვედროთ, ნატურალური თაფლი, მურაბა თუ კომპოტი. აუზში ახლა კობრს, ამურსა და სქელშუბლას გავუშვებ. მინდა, ტერიტორიაზე გურული ხის ოდა იდგეს. უკვე გავაკეთე სოფლის ძველი მესერი (ჩეჩობები) და წნული პატერები, კრამიტის გადახურვით. გურიაში ადრე მესერზე გადასასვლელ საფეხუროვან კიბეს „ალაგეს“ ეძახდნენ – აკაციისგან აკეთებდნენ. აუცილებლად გავაკეთებ ასეთ „ალაგესაც“ და დიდ ხის ჭიშკარს, ძველ იმერულ ფილმებში რომ არის… უბრალოდ მარტო ვარ და პროცესი ნელა მიდის, მაგრამ მაინც მივიწევ წინ.

„ალაგეს“ გამორჩეული წევრის, მელაკუდუნას ვიდეოები სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარულია

ორ ადგილას მაქვს ყანა დათესილი. სასუქს განზრახ არ ვიყენებ – წისქვილი ვიყიდე და მინდა ჩემივე წისქვილში დაფქული, უსასუქო მჭადის ფქვილი შევთავაზო გამომწერებს. მინდა ვახსენო, რომ სიმინდი უსასუქოდაც მშვენივრად იზრდება – უკვე ორ მეტრზე მეტია.

წელს ბოსტანი ცოტა ჩამივარდა, რადგან გურიაში კვირაში ოთხი დღე წვიმს და ბალახის მოჭრას ვერ ვასწრებდი. თუმცა, დილით რომ ვჯდები და ხალხის თბილ კომენტარებს ვკითხულობ, ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს. ხშირად წერენ, რა შრომისმოყვარე ბიჭი ხარო. ინტროვერტი ვარ და ხანდახან შინაგანი ძალა აკლია ადამიანს – სწორედ ეს ხალხის უსაზღვრო სიყვარულია ჩემი მოტივაცია… მოკლედ, ეს არის პერიფერიაში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის ამბავი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო.

– როგორია ფერმერი კორნელის ერთი ჩვეულებრივი დღე?

– დილით, დაახლოებით 7 საათზე ჩავდივარ ფერმაში – ჩემი სახლიდან 3.5 კილომეტრშია. ღორებსა და იხვებს ვაჭმევ. ჩემი დილის რუტინაა კატების მოფერებაც. სამი კატა მყავს, სამივე ქუჩიდან შეფარებული. გზად ძაღლი შეხვდება თუ კატა, ყველას ვკვებავ. ამ კატების დედასაც გზაზე ვაჭმევდი, მერე მანქანამ გაიტანა, ოპერაციაც გავუკეთეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ და მისი ობლები წამოვიყვანე. მესამე კატა ახლახან, შეკვეთილში, ავტობანზე ვიპოვე და წამოვიყვანე… მთელი ცხოვრება ძაღლების მოყვარული ვიყავი და ვინმეს რომ ეთქვა, ფერმა გექნება და კატებს მოუვლიო, გამეცინებოდა.

მათი გამოკვების შემდეგ გადავდივარ საველე სამუშაოებზე: კარტოფილის ამოღება, ღობის გამაგრება, თხილის კრეფა, ბალახის ცელვა… ეს არის ერთგვარი ციკლი, სადაც ყოველდღე ახალ რაღაცას სწავლობ… ოჯახში არასდროს გვყოლია ქათამი, ღორი თუ ფუტკარი. არ ვიცოდი ვაზის გასხვლა თუ შეწამვლა. ყველაფერი პრაქტიკით, ნელ-ნელა ვისწავლე… ფერმერობა ჩემთვის მიზანი კი არაა, არამედ საშუალებაა იმისა, რომ ჩემს ოჯახში ემიგრანტები აღარ იყვნენ, მშობლებს სულ ნატურალური პროდუქტი ჰქონდეთ. შეიძლება მილიონერები ვერ გავხდეთ, მაგრამ საკუთარი ხელით მოყვანილი რძე, ყველი, ბოსტნეული და თაფლი გვექნება.

ჩემი მიზანია, გავამრავლო იხვები, ღორები, გავაშენო დიდი ტყემლის ბაღი და შევქმნა ადგილი, სადაც სტუმარი მოვა, დაისვენებს, ითევზავებს და ნატურალურ, სიყვარულით შექმნილ პროდუქტს დააგემოვნებს.

– და ამასობაში დაოჯახდებით კიდეც…

– ჩემი საყვარელი პერსონაჟი დონ კიხოტია. ჯიუტად მჯერა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. მეგობრები მეუბნებიან, დაანებე თავი ამ „დონკიხოტობასო“, მაგრამ მე მწამს, რომ ბედნიერი ოჯახი მექნება.

სრულად წაიკითხეთ სტატია: “ბანკის სესხი ავიღე, დავამატე დანაზოგი და მიტოვებული ტერიტორია ვიყიდე… ვიდეოებში ვცდილობ, მე ნაკლებად გამოვჩნდე” – სოცქსელებში პოპულარული ფერმერი გურიიიდან