ლანჩხუთში, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) ოფისში ამავე ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტად ისევ დავით მუჯირი უფროსი აირჩიეს.
მისი პრეზიდენტობის დროს გაკეთდა სფფ-ის ტექნიკური ცენტრი სოფელ გვიმბალაურში. მომავალი წლიდან დაგეგმილია ლანჩხუთის ცენტყრალური სტადიონის რეკონსტრუქცია.
„ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. სისტემატურად ვატარებთ საფეხბურთო ტურნირებს ჭაბუკებს შორის. შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით სკოლებს ფორმებით და სპორტული აღჭურვილობით“ _ ამბობს გრფფ-ის გენერალური მდივანი თეიმურაზ ალექსაია.
ძველ-ახალ პრეზიდენტს ხმა არჩევნებში მონაწილე ხუთივე სუბიექტმა მისცა: ლანჩხუთის „გურიამ“, ქალთა კლუბმა „ლანჩხუთმა“, ადგილობრივმა საფეხბურთო სკოლამ, ოზურგეთის „მერცხალმა“ და ჩოხატაურის „ბახმარომ“.
გრფფ-ის ყრილობამ აირჩია აღმასკომის ახალი შემადგენლობა: გიგლა იმნაძე („გურია“), ლაშა ლექვინაძე („მერცხალი“), ბენია თავბერიძე („ბახმარო“), ალექსანდრე ჩიჩუა (ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლა) და პრეზიდენტი დავით მუჯირი, რომელიც პარალელურად აღმასკომის თავმჯდომარეა.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა ბენია თავბერიძემ, ხოლო გენერალური მდივანი ისევ იქნება თეიმურაზ ალექსაია, რომელიც ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა.
ყრილობას მის გარდა გრფფ-ის კიდევ 2 დამფუძნებელი ესწრებოდა: „გურიას“ ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი შოთა პატარაია და კლუბის ყოფილი პრეზიდენტი გია გოგუაძე [ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი].
1998 წელს, გრფფ 5-მა პირმა დაარსა, ორი მათგანი გარდაცვლილია, ისინი ამავდროულად ორგანიზაციის პირველი და მეორე პრეზიდენტები იყვნენ: გულსუნდა (იმედო) დუნდუა 1998-2001, ხოლო დურმიშხან ჩხაიძე _ 2001-09 წლებში.
დავით მუჯირი რიგით მეოთხე პრეზიდენტია და იგი გრფფ-ს სათავეშია 2015 წლიდან. მანამდე 6 წლის მანძილზე გურულ ფეხბურთს კახაბერ ებრალიძე ხელმძღვანელობდა.




