დღეს „გურიას“ მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავას დაბადების დღეა. კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელთან ინტერვიუ „ლანჩხუთი პლუსის“ ჟურნალისტმა, ლელა კვირკველიამ 2011 წელს ჩაწერა. იმდენად საინტერესოა, მას სრულად გთავაზობთ:
– მოგესალმებით ჩემო ლანჩხუთელებო, გულშემატკივრებო, გკოცნით, გეხვევით, გეფერებით… უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დაწყებული რაიონის ხელმძღვანელობიდან – რიგით ადამიანებამდე. ეს იყო (იგულისხმება „გურიას“ 85 წლის იუბილე) უმაღლესი დონის შეხვედრა. „გურიას“ ფეხბურთელები „დუსტიდან“ ამოგვიღეს, არავის ვახსოვდით და უცებ ეს ლამაზი სიურპრიზი! პირადად მე ნათამაშევი მაქვს არა მარტო „გურიაში“, არამედ მოსკოვისა და თბილისის „დინამოში“, მაგრამ ყველაზე ბევრი და საუკეთესო, 7 წელი, ლანჩხუთში მაქვს გატარებული.
ეს არაა ცოტა დრო ფეხბურთელის კარიერაში, ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ გაგვიხსენეთ. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ის ხალხი ვნახე, ვინც დიდი ხნის უნახავი მყავდა, ზოგი ვერც ვიცანი, 25 წლის უნახავები ვიყავით. დიდი იყო სიხარული. ძალიან მადლიერები ვართ, ასეთი დონის შეხვედრას არც მოველოდით. ეს იყო წარმოუდგენელი, რომ არ გივიწყებენ, ახსოვხარ და ახსოვთ, რომ რაღაც გაგიკეთებია და დაგიმსახურებია რაიონისა და მისი ხალხის წინაშე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო რაიონის გამგებლის, ბატონ გია გოგუაძის მიმართ.
– გაიხსენეთ როგორ მოხვდით „გურიაში“.
– მოსკოვის „დინამოში“ ვთამაშობდი. 1983 წელი იყო, სახლში ვიყავი, შვებულება მქონდა. დილით მოულოდნელად მომაკითხა ტაქსმა, სტუმრებმა ამიხსნეს, რომ პირადად ევგრაფ შევარდნაძისგან იყვნენ გამოგზავნილი და „გურიაში“ სათამაშოდ მიწვევდნენ. როგორ იქნებოდა, რომ არ წავსულიყავი? ჩემი და ბატონი ევგრაფის შეხვედრა შედგა ავტოსატრანსპორტო საწარმოში.

„გურიას“ 1986 წლის შემადგენლობა | გოჩა ტყებუჩავა ქვედა რიგში, მარცხნიდან მეორე
თურმე გათენებამდე მელოდებოდა. დამელაპარაკა, ვისაუბრეთ და დამითანხმა „გურიაში“ თამაშზე. იყო კიდევ ერთი ფეხბურთელი, აქაური, ჩემთან ერთად თამაშობდა მოსკოვში, მაგრამ ის არ წამოვიდა. ისე უნდა გითხრათ, რომ ბატონი ევგრაფი ცოტა სხვანაირად, მამაშვილურად დამელაპარაკა, ოდესმე ხომ უნდა დაბრუნდე საქართველოში, ოჯახი გყავსო. მე იმ დროს მყავდა უკვე ცოლ-შვილი, მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება და დავრჩი „გურიაში“, რასაც წუთითაც არ ვნანობ.
– თქვენი კარიერის საწყისი წლები და მწვრთნელები გაიხსენეთ.
– „ნორჩი დინამოელის“ გაზრდილი ვარ. პირველი მწვრთნელი ჯემალ გაბისონია იყო. დიდი დამსახურება მიუძღვის ჩემი როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში. ამ ადამიანმა შემასწავლა როგორ უნდა გადამეჭიმა ფეხი. მისთვის ამინდს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სულერთი იყო, ტალახი იდგა მინდორზე თუ თოვლი, სულ გვავარჯიშებდა. ცაცია ვიყავი, ეს სხვა რაღაცაა, უფრო რთულია. შემდეგ იყო გრიშა გაგუა. ეს იყო ის ორი მწვრთნელი, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს.
– ამ გადასახედიდან რომელ მატჩს გაიხსენებთ?
– ეს იყო მატჩი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გადამწყვეტი თამაში უმაღლესი ლიგის საგზურისათვის. თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. სხვათა შორის, გამოგვიგზავნეს მოსკოველი მსაჯები. მე ვიცი, რომ დავალება იყო, არ გადასულიყო ეს წერტილისოდენა რაიონის გუნდი უმაღლეს ლიგაში. მეორე გუნდი კი ცსკა იყო. წარმოუდგენელი ჩანდა, რომ ის არ გადასულიყო. აუცილებელიც იყო და დავალებაც ჰქონდათ საკავშირო ფედერაციიდან (თავისთავად „ლოკომოტივიც“ მოსკოვის გუნდი იყო). იმის თქმა მინდა, რომ ურთულესი თამაში გველოდა. ამინდმაც არ შეგვიწყო ხელი, წვიმდა. მინდორზე ნამდვილი საფეხბურთო ომი იყო, როგორც იტყვიან, კბილებით გავიტანეთ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი.
რაც შეეხება საუკეთესო მხარეს, რამაც ფეხბურთის არენაზე გამომაჩინა, ეს იყო მოსკოვის „დინამოში“ გატარებული წლები. წარმოიდგინეთ, „დინამოს“ სტადიონზე, მწვრთნელი რომ დაგაყენებს პირველ ნაკრებში და გეტყვის: „არ შეგეშინდეს, აბა შენ იციო“, თან გოლსაც რომ გაიტან? მაშინ 18 წლის ვიყავი, ტაშკენტის „პახტაკორს“ ვხვდებოდით – ამას ჰქვია ფეხბურთში გამართლება. ბევრი შრომა, ცოტა იღბალი… და გაკეთდა საქმე (იცინის).
– ბევრი ცნობილი ფეხბურთელის მხარდამხარ გითამაშია, ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი მინდორზე.
– ყველას ახსოვს ვახტანგ კოპალეიშვილი, ბესო ფრიდონაშვილი, მართლაც უთქმელად რომ გვესმოდა ერთმანეთის. ასევე თემურ ჩხაიძე – უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, ჩვენი კარის დარაჯი – გიგლა იმნაძე, თემურ ებანოიძე. ისინი მაშინ 27 წლის იყვნენ, ჩვენ კი 20-21 წლის, მათგან არა მარტო მინდორზე, არამედ მინდვრის გარეთაც ბევრს ვსწავლობდით.
– დღეს ვისთან გაქვთ ურთიერთობა?
– მართალია, ისე ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ დღემდე ვმეგობრობ დათო უგრელიძესთან, მურმან აკოფიანთან. კონტაქტი მაქვს გერმანიაში მცხოვრებ ბესო ფრიდონაშვილთან.
– როგორ გაიხსენებთ ლანჩხუთელ გულშემატკივარს?
– ისინი რომ არა ჩვენ, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ემოციური და მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავდა „გურიას“. არც „დინამოს“ და არც სხვა გუნდებს არ ჰყავდა ისეთი ქომაგები. გურულები გვერდში მდგომნი იყვნენ, წააგებდი თამაშს და გამშვიდებდნენ: „არა უშავს, ბიჭებო, შემდეგს მოიგებთ“. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, ყურებს არ ჩამოგვაყრევინებდნენ, ჩვენს შრომას აფასებდნენ.
შვიდი წელი ვითამაშე და რა თქმა უნდა, ჩავარდნებიც გვქონდა, მაგრამ ამასაც გვპატიობდნენ. სანაცვლოდ მეტს ვაკეთებდით. „გურია“ იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩვენი გუნდი ერთიანი, მეგობრული კოლექტივი იყო და ერთად ვწყვეტდით თითოეულის გულისტკივილს. გვერდით გვედგა მაშინდელი რაიკომის და აღმასკომის ხელმძღვანელობა. ალბათ, ცალკე თემაა ბატონი ევგრაფ შევარდნაძე, უერთგულესი, „გურიის“ თავდადებული გულშემატკივარი და მეცენატი.
ასევე წაიკითხეთ: პირველად იყო ლანჩხუთი! ისევ ნოემბერი და ისევ ფრიდონაშვილი – 35 წელი „გურიას“ ისტორიული გამარჯვებიდან…

საქართველოს პირველი თასის მფლობელი „გურია“ | გოჩა ტყებუჩავა მარჯვნიდან მეხუთე
აქ უნდა გავიხსენო კურიოზი: ერთ-ერთ თამაშზე შეგვპირდნენ, თუ მოიგებთ, პრემიებს მოგცემთ 200 მანეთსო, მაშინ ეს ცოტა ფული არ იყო. მოვიგეთ თამაში, მაგრამ პრემიები არ მოგვცეს. მთელი გუნდი შევიკრიბეთ და წავედით თბილისისაკენ, ერთიც არ დარჩენილა. სამტრედიაში დაგვეწივნენ და მოგვაბრუნეს. რა თქმა უნდა, პრემიები მოგვცეს. პატარა შრომა არ იყო 90 წუთი სტადიონზე თამაში, შვიდი წელი ბოლომდე ვიხარჯებოდით. ყველაზე მაგარი გულშემატკივარი „გურიას“ ჰყავდა და ეს დაგვიფასეს კიდეც. „დინამოში“ თამაშისას კანკალით შევდიოდი სტადიონზე, დაძაბული ვიყავი, ლანჩხუთში კი თავისუფლად, აუღელვებლად. აქ იყო სიმშვიდე, იმიტომ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
– შვილებმა გააგრძელეს მამის კვალი? თქვენს ოჯახზეც გვითხარით…
– მყავს ძალიან კარგი მეუღლე, ორი ბიჭი. ორთავე დაოჯახებული. უფროსი ბიჭი ლონდონში ცხოვრობს, ის ადრე თამაშობდა, მაგრამ ტრავმებმა შეუშალა ხელი. შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა, დაოჯახდა (ქართველი ცოლი მოიყვანა), ჰყავს ერთი შვილი. მეორე ბიჭმაც ახლა შეირთო ცოლი და უკვე მეორე შვილიშვილსაც ველოდები. მოკლედ, ვამრავლებთ ტყებუჩავებს.
– თავისუფალ დროს როგორ იყენებთ და რაზე ოცნებობთ?
– თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. თუ გამოვნახავ ვცდილობ მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ვიყო. ნათესავები მემდურიან ხოლმე, ხშირად რომ ვერ ვნახულობ. რთული გრაფიკი მაქვს ჩემი სამსახურიდან გამომდინარე.
ოცნებებიც მაქვს ცხოვრებაში. ღმერთს ვთხოვ, ოჯახი და ახლობელი ადამიანები მყავდეს კარგად. საქართველოს ნაკრების წარმატებით გავიხაროთ, უეფაზე გავიდეთ, რაღაცას მივაღწიოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ძალიან მინდა გავზარდო თაობა, რომელიც თამამად იტყვის: „ჩემი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა იყო“, როგორც მე გაბუნიაზე და გაგუაზე ვამბობ. მიხარია, რომ „გურიასთვის“ რაღაც მაქვს გაკეთებული, ეს არის ჩემთვის დიდი რამ, მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე გაჩერება, საქართველოს ფეხბურთს ახლა უჭირს და რაღაც მინდა გავაკეთო ქართველი გულშემატკივრისთვის.
დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩემს წარმატებაში მამაჩემს. პატარაობიდანვე მავარჯიშებდა, მასწავლიდა. „ნახალოვკაში“ ვცხოვრობდით, „ნაძალადევის“ მეტროსთან. დილის ექვს საათზე, ცუდი ამინდის მიუხედავად, მარბენინებდა. მასწავლიდა შრომას და ეს დღემდე ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი. მამა ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ უფრო ახლოს ვარ ღმერთთან, ეკლესიასთან. ვლოცულობ, ვმარხულობ და ეს ყველაფერი ახლობელი ადამიანის – მშობლის დაკარგვამ გამოიწვია.
– როგორც ვიცით, „გურიას“ სტადიონი მოინახულეთ?
– რეზი არველაძე ჩემი მეგობარია და როცა ფედერაციაში მივდივარ, ხშირად ვნახულობ. სულ ვთხოვ, იქნებ „გურიას“ დაეხმაროთ, უბრალოდ, ფინანსურად არა, რაღაც სხვანაირად. სტადიონს რომ შევხედე, გული დამეწვა, ჩამომჭკნარი იყო, როგორც მოხუცის სახე. ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ლანჩხუთში სტადიონი ასეთ მდგომარეობაში დამხვედროდა. ხალხნო, გთხოვთ, ნუ წაშლით ლანჩხუთის „გურიას“ ამხელა ისტორიას. ჩვენ ბატონები ევგრაფი შევარდნაძე, ანზორ კილაძე გვედგნენ მხარში. მე მჯერა, გამოჩნდება ვინმე სპონსორი, ვინც დაეხმარება და „გურია“ დადგება ფეხზე.
მე ვიცი, რომ ზვიად სიჭინავა აპირებს ლანჩხუთში სტადიონის გაკეთებას, ან რეკონსტრუქციას მაინც. მე კარგად ვიცნობ კახა ებრალიძეს და როცა ვნახულობ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. „გურიას“ ისეთი ისტორია აქვს, რომ იგი არავისზე ნაკლები არაა, თუ მეტი არა. რატომ არ უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში? გუნდი, რომელსაც გრიგოლეთში ისეთი ბაზა ჰქონდა, რომ კიევის „დინამოს“ მწვრთნელმა მოითხოვა ამ ბაზაზე შეკრებები. ხშირად გუნდებს ამბიცია აქვთ და წარმატების მიღწევისთანავე ვეღარ ინარჩუნებენ და ვეღარ თამაშობენ შესაფერისად. სჯობია ჯერ დაბალ დონეზე მიაღწიო შედეგს, მერე გაიმართო წელში, გამაგრდე და გააგრძელო მოღვაწეობა.
„გურიას“ ჰქონდა ის კარგი ამბიცია, რომ სულ წინ-წინ ევლო. მიხეილ ფომენკო გვყავდა, უკრაინელი სპეციალისტი. ლანჩხუთში წაგებას არ გვპატიობდა, გვეუბნებოდა, რომ ასეთი პირობები უმაღლეს ლიგაში ბევრს არ აქვსო. გვახსენებდა, რომ ღირსეულად გვეტარებინა გუნდის სახელი. ყველა ფეხბურთელმა, ჩამოსულმა თუ ადგილობრივმა, წარმატებისათვის უნდა ითამაშოს მთელი გულით და ძალით, პატივი უნდა სცენ „გურიას“ ისტორიას და მათი თამაში მაგალითი უნდა იყოს მომავალი თაობისათვის.
– ახალ წელს სად ხვდებით? (ინტერვიუ წინასაახალწლო პერიოდშია ჩაწერილი)
– ბოლო პერიოდში ოჯახში ვხვდები. ვცდილობ, ვიყო ჩემს სისხლთან და ხორცთან. ძალიან ბედნიერი ახალი წელი გვაქვს ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი შვილი ვერ ახერხებს ჩამოსვლას. ახალგაზრდობაში, როცა „ზბორებზე“ ვიყავით, სპორტული რეჟიმის გადამკიდე, ვერ ვახერხებდი ოჯახში შეხვედრას, ახლა კი „დაკარგულს“ ვინაზღაურებ…
ვგიჟდები გოზინაყზე, საცივზე, ჩურჩხელაზე, რაც აუცილებელია საახალწლო სუფრაზე. საზეიმო სუფრა გემოვნებით უნდა იყოს გაწყობილი. ყურადღებას ვაქცევ მაგიდის გადასაფარებელსაც კი, თუმცა ამას ყველაფერს მეუღლე აგვარებს.
ჩემო საყვარელო გურულებო! კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას, დღეგრძელობას და „გურიას“ უმაღლეს ლიგაში გადასვლას.
თუ ოდესმე „გურიას“ დავჭირდები, მზად ვარ მის სამსახურში ჩავდგე.
ამ სურვილებით დაასრულა გოჩა ტყებუჩავამ ინტერვიუ 15 წლის წინ. მან სიტყვა შეასრულა –დაძახებისთანავე დაბრუნდა ლანჩხუთში, „გურია“ პირველივე სეზონში დააწინაურა და ერთ ნაბიჯშია ყველაზე მთავარ სურვილთან – უმაღლეს ლიგასთან…
„გურია Today“ ულოცავს გოჩა ტყებუჩავას დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს თავის ოჯახთან და „გურიასთან“ ერთად!



