„გადაღება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელი პროცესია. გადაღება უკვე შექმნას ნიშნავს და საოცრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე სხვა არანაირ ბედნიერებაზე არ გავცვლიდი ამ გრძნობას და, ალბათ, ვერც ვერავითარ სიყვარულს შევადარებ მას” – აღნიშნავდა მოგვიანებით, უკვე სახელმოხვეჭილი კინორეჟისორი და ამ სიტყვების ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე…
სოსო ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ის ასპირანტურაში სწავლის გაგრძელებასაც აპირებდა, მაგრამ… კინორეჟისორობა გადაწყვიტა.
მან 1962 წელს ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. პარალელურად, სწავლა გააგრძელა მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (გ. ჩუხრაიას სახელოსნო).
კინორეჟისორ ბუბა ხოტივარის მოგონების მიხედვით, ამ სასწავლებელში მიმღები საგამოცდო კომისიის წევრს, იოსებ გორდონს უთქვამს: „როცა სოსო ჩხაიძე შემოვიდა აუდიტორიაში, ყველანი აღტაცებული დავრჩით… არა მარტო იმიტომ, რომ ის თავისთავად ძალიან კარგი იყო… ჩვენ დავინახეთ პიროვნება! და, ჩვენ, გამომცდელებს უკვე ნაკლებად გვაინტერესებდა, ის როგორ პასუხობდა, რადგანაც პიროვნულობა – ეს ყველაზე დიდი ფასეულობაა ამქვეყნად. როგორ შეიძლება ასეთი პიროვნება არ მიგვეღო?!“
1969 წელს სოსო ჩხაიძე მუშაობას იწყებს საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, შემდეგ კი ტელევიზიაში ბრუნდება, სადაც იმ დროს სატელევიზიო ფილმების სტუდია ყალიბდებოდა და მისი ერთ-ერთი დამაარსებელია.
ჯერ კიდევ სტუდენტმა გადაიღო სამეცნიერო-პოპულარული ფილმი „კოლხეთი“, რომელსაც ერთ-ერთ კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა.
ისევ ბუბა ხოტივარი იგონებს:
„ჩვენს ინსტიტუტში სწავლობდა სომეხი არაიკა… ერთხელაც, როცა „არარატმა“ როგორღაც დაამარცხა თბილისის „დინამო“, მან ვეღარ მოითმინა, ეცა რატომღაც სოსო ჩხაიძეს (სოსოს არაიკა ზუსტად ქამრამდე სწვდებოდა) და თანაგრძნობით ჰკითხა: სოსო-ჯან , მართალია, რომ ქართველი ერი დეგრადირების გზაზეა?
სოსო წამით შეცბა, ზემოდან დახედა სერიოზულად, მაგრამ უეცრად გაეცინა და სარკეზე აჩვენა: „ჰა,ნახე, ჩვენს შორის ვინაა დეგრადირებული, არა-ჯან“.
პირველი დიდი წარმატება სოსო ჩხაიძეს მოუტანა მოკლემეტრაჟიანმა სატელევიზიო ფილმმა „ძველი ქართული საგალობლები“, რომელშიც ქართულ კინემატოგრაფიაში პირველად გააერთიანა მრავალსაუკუნოვანი ეროვნული სულიერი და მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლები: ხუროთმოძღვრება, მონუმენტური ფერწერა, ტიხრული მინანქარი, ქართული საგალობლებით შეკრულ-შედუღაბებული. ამ ფილმმა დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰპოვა. მიუხედავად თბილისელ და მოსკოველ ხელისუფალთა წინააღმდეგობისა, მან მაინც გაიკვლია გზა მაყურებლისაკენ. ფილმი უცხოელებისათვის სავიზიტო ბარათად იქცა.
„სოსომ „ძველი ქართული საგალობლები“ გადაიღო, შედევრების კრებული – ასე შემიძლია ვუწოდო ამ ფილმს… ხელოვნების ამ სამი საწყისის – სიტყვის, მუსიკის, გამოსახულების მხატვრული შერწყმა ეკრანზე მანამდე ვერავინ მოახერხა… სოსომ კი ეს შეძლო” _ ესეც ბუბა ხოტივარის სიტყვებია.
სოსო ჩხაიძის ეს შედევრი აკრძალეს, როგორც საბჭოთა ხალხისათვის უაღრესად მავნე რელიგიის პროპაგანდა და ნაციონალისტური სიამაყის გამღვივებელი ფილმი. რეჟისორი ყველაფერს ჩუმად იტანდა. გრძნობდა, მოვიდოდა დრო და ფილმი დაიპყრობდა მაყურებელთა გულებს. მართლაც, ასე მოხდა: „ძველ ქართულ საგალობლებს“ ღირსეულად მიეკუთვნა ადგილი შედევრებს შორის.
„იშვიათად ავუღულვებივარ და გავუოცებივარ ასე ფილმს“ – იგონებდა გამოჩენილი ქართველი ხელოვნებათმცოდნე, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე.
სოსო ჩხაიძემ 1971 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მეთხუთმეტე გაზაფხული“. ორი წლის შემდეგ კი, მუშაობა დაიწყო პირველ ქართულ მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმზე „თუში მეცხვარე“, რომელმაც ხელოვანს შორს გაუთქვა სახელი.
ამ ფილმსაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. გადაღებები რამდენჯერმე შეაჩერეს, მაგრამ არ თმობდა და ცნობილი კინორეჟისორის, რეზო ჩხეიძის დახმარებით, „თუში მეცხვარე“ გადაურჩა განადგურებას.
ამ ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა და რესპუბლიკურ, საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალებზე მრავალი ჯილდო მიიღო: 1977 წელს, ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) სატელევიზიო ფილმების I ფესტივალზე 1-ლი ხარისხის პრიზით დაჯილდოვდა; 1981 წელს, მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მანჰაიმში ხვდა სამი პრიზი: ფესტივალის საუკეთესო ფილმისათვის, „ოქროს დუკატი“ – საუკეთესო რეჟისურისათვის და საერთაშორისო კათოლიკური კინოპრიზი; ამავე წელს, პრაღის საერთაშორისო კინოფესტივალზე – მთავარი პრიზი.
1979 წელს, ამ ფილმისათვის, ირაკლი ონოფრიშვილთან ერთად, სოსო ჩხაიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია. იმავე წელს გახდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
,,თუში მეცხვარის” ჩვენების შემდეგ, კინორეჟისორს წერდნენ: „ძვირფასო სოსო! იცი, რა მოხდა იმ დღეს ალვანში?! მუდამ ხმაურიანი სოფელი გაირინდა. ყველა ოჯახში ტელევიზორთან იჯდა ჯალაბი. ფილმის დამთავრების შემდეგ, ყველგან ტაშის გრიალი და შეძახილები გაისმა“.
ცნობილი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი აღნიშნავდა, რომ „თუში მეცხვარე“ სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს საპატიო აუდიტორიის გულში“.
1982 წელს სოსო ჩხაიძემ დაამთავრა ,,მღერის რუსთავი”-ს გადაღება. ფილმს იმავე წელს საერთაშორისო ფესტივალ „რადუგას“ ერთ-ერთი მთავარი პრიზი მიენიჭა. ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი, ქართული ხალხური სიმღერების გამოჩენილი მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი სოსო ჩხაიძეზე წერდა: ,,ვამაყობ იმით, რომ მასთან ვმეგობრობდი და ვმუშაობდი. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე”.
სოსო ჩხაიძემ შვედეთსა და იაპონიაში გადაიღო ფირები ქართულ ხალხურ სიმღერებზე… განუზომელია მისი ღვაწლი ქართული ფოლკლორის მოძიება-აღდგენის საქმეშიც.
მისი საერთაშორისო აღიარების გამოხატულება იყო 1993 წელს ზაარბრიუკენში მისთვის ა. შვაიცერის სახელობის მშვიდობის მედალისა და პრემიის გადაცემა.
უკანასკნელ წლებში კინორეჟისორი დიდი გატაცებით მუშაობდა მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმზე „შვიდკაცა“, რომელიც გურულ მრავალხმიან სიმღერას და მის შემსრულებლებს ეძღვნება. ფილმის ერთ-ერთი გმირია 96 წლის მომღერალი ივანე ჩხაიძე.
ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე აღნიშნავდა: „სოსომ ვერ მოასწრო ფილმის დამთავრება, მაგრამ თუ მისი მეგობრები დაამთავრებენ, ეკრანზე კიდევ ერთ შედევრს ვნახავთ“.
ბოლოს, სოსო ჩხაიძე მუშაობდა ფილმზე ბაგრატიონების დინასტიის შესახებ. ის საფრანგეთსა და ესპანეთში შეხვდა ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს, ბაგრატიონებს, გადაიღო კადრები. ეს ფილმიც დაუმთავრებელი დარჩა.
კინორეჟისორი 1992 წელს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ბევრ მის შემოქმედებით ჩანაფიქრს განხორციელება ვერ დასცალდა. „ქართული კინოს ნამდვილმა რაინდმა, სოსო ჩხაიძემ რაც მოასწრო, უძვირფასესი მარგალიტებია“ _ აღნიშნავდა ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.
მაია ჩხაიძე, ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი



