როცა „გურიაში“ მერაბ ჟორდანია დაბრუნდა, მან თქვა, რომ 2 წელიწადში, კლუბს ქართული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნებდა.
მხოლოდ 8 თვე დასჭირდა საამისოდ!
ლანჩხუთის კლუბი ტოლ-სწორად ეთამაშა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან „დინამოს“, რომელიც გურიის მთავარ საფეხბურთო ქალაქში, პოზიტიურ ნოტაზე, ევროსარბიელზე წარმატებული თამაშის შემდეგ ჩამოვიდა.
მართალია, დინამოელთა თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა, მაგრამ ეს ვერ დააკნინებს გურულთა სენსაციურ გამარჯვებას.
მთელ თამაშში არ ყოფილა მცირე მონაკვეთიც კი, სადაც „გურიამ“ მოედანზე პოზიციები დათმო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გურულებმა უკეთესი ფეხბურთი ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს!

მხოლოდ შენი გამარჯვება მწყურია, ჩემო „გურია“ _ ლანჩხუთელთა სენსაციური გამარჯვების ემოციები გელა პატარაიამ გადაიღო
ყველამ იცის, რომ გოჩა ტყებუჩავას მესამე ლიგის კვალობაზე, ბევრად უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ „დინამოსთან“ მოგება მაინც მოულოდნელობა იყო.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ლუკა ჩაგანავაა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს, საჯარიმოს მისადგემებიდან სტუმარ მეკარეს აუღებელი დაურტყა, 1:0.
ნახეთ გოლი: „გურია“ „დინამოს“ ლუკა ჩაგანავას გოლით ამარცხებს
ყველაზე თვალშისაცემი და სასიხარულო ის იყო, რომ „გურია“ დაცვაში არ ჩაჯდა და საკუთარ საჯარიმოსთან „ავტობუსი“ არ ჩააყენა.
ამის დამსახურება იყო, 2-ჯერ მასპინძლებს გატანის ჩინებული შანსი რომ მიეცათ და ისიც, რომ უპირატესობა მატჩის ბოლომდე არ დაუთმიათ.
ეს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა თავკაცმა მატჩის გადასარჩენად რამდენიმე ცვლილება გააკეთა.
ლანჩხუთელმა ქომაგმა იხილა 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას თამაშიც, თუმცა გურულმა მცველებმა მისი და სხვა დინამოელების განეიტრალება მოახერხეს.

მხოლოდ ნაწილს გაუმართლა _ თორნიკე კვარაცხელიას ათეულობით ბავშვი ელოდა სტადიონის გასასვლელთან
სამაგიეროდ, უმცროს „კვარასთან“ ბევრმა მოასწრო ფოტოს გადაღება თუ ავტოგრაფის მიღება. უბრალოდ, არ გაუმართლათ, ნამატჩევს, სტადიონის გასასვლელთან მომლოდინე ბავშვებს _ პოლიციამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ავტობუსამდე ისე მიიყვანა, ისინი ახლოსაც არ გააკარა.
„გურიამ“ თემურ ქეცბაიასთან პირადი ანგარიშიც „გაასწორა“: 36 წლის წინ, ორივე შეხვედრაში გურულებს სწორედ მან გაუტანა (1:1 თბილისში და 1:0 ლანჩხუთში) და ფაქტობრივად, საჩემპიონო ბედი გადაწყვიტა.
მაშინ, თბილისურ შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავამაც გაიტანა. დღეს, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო _ სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ყველა ფეხბურთელი ქების ღირსია.
ალბათ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მოგებაში დიდი წვლილი გულშემატკივარმა შეიტანა, რომელიც, გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, 90 წუთის მანძილზე მხურვალედ ქომაგობდა გუნდს. ეს განსაკუთრებით „ფირალებზე“ ითქმის, რომლებთან ერთადაც ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა, ლევან კაკუბავამ „გურია“! „გურია!“ დააგუგუნა.
ასევე წაიკითხეთ: „ტაჩანკა“, 525 და „ფირალები“, ანუ სადაც სიხარულია, სადაც სიყვარულია… მადლობა დღე-სასწაულისთვის!
ეს იყო „გურიას“ 50-ე სათასო მოგება და 190-ე გოლი. პირველი გამარჯვება ზესტაფონის „მარგვეთთან“ მოვიპოვეთ (4:0), პირველი გოლი კი, იმერლებს დავით უგრელიძემ გაუტანა. ეს იყო 36 წლის წინ, მაშინაც ივლისის თვე იდგა…
26.07.2026. | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 1:0 დინამო
1:0 ჩაგანავა (40)
გურია: ლომიძე, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა, ნოზაძე, მაისაშვილი, სიჭინავა (90+2′ ხუნდაძე), შარვაძე (68′ კახაბრიშვილი), ჩოთალიშვილი (61′ გეგუჩაძე), ჩაგანავა, ქოქოსაძე (68′ კაპანაძე)





