„შენი პირველი გარდაცვალება მაშინ მოხდა, მოკლული ქმარ-შვილი რომ მოგისვენეს სახლში…“ _ დამშვიდობება ტკბილი ხმისა და მძიმე ხვედრის მქონე ქალბატონთან: „ნახვამდის, ლანჩხუთის მგალობელო ბულბულო“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ლალი მშვიდობაძე

დღეს ლანჩხუთი უკანასკნელ გზაზე გააცილებს ლალი ფირცხალაიშვილი-მშვიდობაძეს, ქალბატონს უდიდესი ტრაგედიით, რომელმაც შვება ტაძარში ჰპოვა. იგი ათწლეულების განმავლობაში შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელი გახლდათ.

„შუხუთის წმიდა გიორგის ტაძრის მამები და მრევლი უდიდესი გულისტკივილით ვაცილებთ ზეციურ საქართველოში ჩვენი ტაძრის საუკეთესო ქალბატონს, მგალობელს, ლალი ფირცხალაიშვილი-მშვიდობაძეს. ის იყო როგორც შესანიშნავი ხმის პატრონი მგალობელი და ამავე დროს საიმედო დასაყრდენი პიროვნება. თავზარი დაგვცა მისმა უეცარმა გარდაცვალებამ. წავიდა თავის მონატრებულ ქმარ-შვილთა და დაგვიტოვა დიდი მონატრება. ნათელი დაადგეს მის სპეტაკ სულს. ნათელი გზა გქონოდეს, ჩვენო საყვარელო მეგობარო“ _ ვკითხულობთ გამოსამშვიდობებელ წერილში.

ემოციურ წერილს აქვეყნებს გიგა აფხაზაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და ქალბატონ ლალის პირადად ვერ დაემშვიდობება:

„არ ვიცი, საიდან დავიწყო, ან რა ვთქვა ლალი „დეიდულა“, ეს დღეები გაოგნებული ვარ შენი გარდაცვალებით. ჭირი და განსაცდელი არაერთგზის გვინახია, მაგრამ შენ იყავი ადამიანი, ვის გვერდითაც თითქმის ორი ათეული წელი ვიგალობე ჩვენი სოფლის ტაძარში. რამდენი დედაშვილური, მეგობრული საუბარი გვქონია ერთმანეთში. რამდენი საეკლესიო დღესასწაული გვიგალობია და გვიზეიმია ერთად, რასაც დასასრულს ჩვენი მოგუგუნე „მრავალჟამიერი“ აგვირგვინებდა.

ეკლესიამ, ლოცვამ და რწმენამ გადაგატანინა თითქოსდა ის გაუსაძლისი ოჯახური ტრაგედია, თუმცა მაინც მედგრად იდექი შენი ოჯახის სადარაჯოზე და დიდი მხნეობით აქედან შეძლებისდაგვარად გვერდს უმაგრებდი შორს მყოფ შენ შვილს და თავის ოჯახს!

მშვიდად განისვენე, კეთილო ადამიანო, იქ შენი ორი უახლოესი ადამიანის, მეუღლის და ვაჟკაცი ბიჭის სული გელოდება, რომლებიც სამარადისოდ ნათელს მოჰფენს და განკურნავს ამქვეყნიურად გლოვით დატანჯულ შენს სულს! მაპატიე, რომ გალობით, თუნდაც ცრემლით მაქვე ტაძარში ვერ დაგსტირი!“ _ წერს სოციალურ ქსელში გიგა აფხაძე.

სულისშემძვრელია ოჯახის ახლობლის, ეკა ურუშაძის გამოსამშვიდობებელი წერილი:

„ბოლო ღამეა შენთვის შენს რუდუნებით ნაშენებ ოჯახში, ჩემო ძალიან თბილო, კეთილო, უბოროტო და ღიმილიანო დაია. როგორ შევეგუო იმას, რომ შენ ჩემთან აღარ მოხვალ,არ მოინახულებთ შენს უბედურ ძამიას.

სისხლი მეყინება ძარღვებში, ჩემს უბედურებას შენ რაღატომ დაემატე… ჭირ-ვარამ გამოვლილმა ქალბატონმა მასწავლე ჭირთა თმენა… გარეგნულად ძლიერი ქალი იყავი, მაგრამ შინაგანად დანგრეული… შენი პირველი გარდაცვალება მაშინ მოხდა, მოკლული ქმარ-შვილი რომ მოგისვენეს სახლში… წაიქეცი, მაგრამ მალევე წამოდექი, თქვი – მტერს არ გავახარებო… შენი სახლის კარი არ დაკეტე, კერა არ გააცივე, დაუღალავად შრომობდი, რომ გული არ გაგეტეხა შენი ერთი ქალიშვილისთვის.

გტკიოდა, გული გეგლიჯებოდა, სული გეწვოდა… და შენი სულის სიმშვიდე ტაძარში ჰპოვე… ლოცვაში ათენებდი და აღამებდი… შემდეგ გალობა დაიწყე და თითქმის 28 წელია, შენი არაბუნებრივი ტკბილი ხმით შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლს გვითბობდი სულს და გულს.

რა საზიზღარი ხარ, სიკვდილო, როგორ დაუნდობლად გვართმევ ჩვენს საყვარელ ადამიანებს.

მწამს, რომ უფალი შენი ლამაზი ხმის ტკბილი გალობით შეგიყვანს სამოთხეში და ედემის ბაღში დაგიმტკიცებს სამუდამო სასუფეველს. იქ,ზეციურ საქართველოს მგალობელთა დასს შეუერთდები და შენი სირინოზის ხმით იგალობებ და ილოცებს შენი საყვარელი ხალხისთვის.

ნახვამდის, ჩემო ტკბილო დაია, ლანჩხუთის მგალობელო ბულბულო“ _ წერს ეკა ურუშაძე სოციალურ ქსელში.

„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას ქალბატონ ლალი ფირცხალაიშვილი-მშვიდობაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

გუშხამდელი

„შენი პირველი გარდაცვალება მაშინ მოხდა, მოკლული ქმარ-შვილი რომ მოგისვენეს სახლში…“ _ დამშვიდობება ტკბილი ხმისა და მძიმე ხვედრის მქონე ქალბატონთან: „ნახვამდის, ლანჩხუთის მგალობელო ბულბულო“

„ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, ეწრის ეკლესიაში მსახურობდა და როგორც ჩანს, წირვიდან შინ ბრუნდებოდა… საშინელი ადგილია, ადრე აქ პოლიციელიც დაიღუპა…“ _ ჯურუყვეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები