„ძალიან მოსიყვარულე ბიჭი იყო, ეწრის ეკლესიაში მსახურობდა და როგორც ჩანს, წირვიდან შინ ბრუნდებოდა… საშინელი ადგილია, ადრე აქ პოლიციელიც დაიღუპა…“ _ რას ჰყვებიან ჯურუყვეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

|

Loading

ავარიის ადგილი _ ჯურუყვეთის სარკინიგზო გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მომხდარ ავარიას 29 წლის ქობულეთელი ახალგაზრდის, გიორგი ცეცხლაძის სიცოცხლე შეეწირა. თავიდან გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ გიორგი 21 წლის იყო [სტატია განახლებულია].

„გიო, ჩვენო უწესიერესო, უთბილესო… წირვიდან წამოსულს ეს რა მოგივიდა, გიო, არ ვიცი, შენს დედიკოს, მამიკოს, შენს დაიას როგორ ან რით ვანუგეშოთ, ასეთი ოჯახი ასეთი დიდი განსაცდელისთვის, როგორ და რატომ, უფალო? რა ვუთხრათ შენს ექიმ დედას, რომელიც მთელი ცხოვრება სხვების ჯანმრთელობისთვის ზრუნავს, სხვებზე გადაყოლილია… საუკეთესო მშობლების საუკეთესო შვილი იყავი, ძალიან მწარე ხარ, გიორგი“ _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

მსუბუქ ავტომობილს სარკინიგზო გადასასვლელზე თბილისი-ოზურგეთის მატარებელი დაეჯახა. ავარია იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მემანქანემ დაახლოებით 150 მეტრში მოახერხა მატარებლის შეჩერება.

სამწუხაროდ, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მედავითნე იყო, ეწრის ახალგახსნილ ტაძარში მსახურობდა და კვირის წირვიდან სახლში ბრუნდებოდა.

„შეჯახების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ავტომობილი ჯურუყვეთიდან მთავარ მაგისტრალზე გადმოდიოდა, მატარებელი კი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა“ _ გვითხრმა მოქალაქემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში მივიდა.

„როგორ მიმძიმს და სული მეგლიჯება… არ მინდა მივიღო ეს აუტანელი ტკივილი… არ მინდა დავიჯერო, გიო… პირველი კლასიდან დღემდე ჩემი ბექუნას გვერდით ხარ, მერე ბექუნას მეჯვარე, გიო… გუშინ ერთად ვიყავით… როგორი მოწყენილი იყავი და სევდიანი, გიო… ერთი კვირის წინ ჩემთან, მონასტრიდან ერთად ამოვედით… მიჭირს, მიმძიმს უკვე წარსულში ფიქრი, გიო… კარგო ადამიანო, კარგო გაზრდილო შვილო, ჩემი ოჯახის წევრო, უანგარო ბიჭო… მზრუნველო… საშინელი დილა გაგვითენდა, გიო, გაუსაძლისი … მამაოს ზარი ბექასთან დღეს საშინელება იყო… არა, არ მინდა ამის მიღება… ნათელი გიო შენს ლამაზ სულს, მარადიულ სასუფეველში… შეხვედრამდე, ჩემო გიო… მიყვარხარ შენი ცირა (დე) ასე მეძახდი… ირი, მერაბ, მოთმინება და გამძლეობა მოგცეთ უფალმა“,- წერს სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ახლობელი.

ცნობილია, რომ ჯურუყვეთში, რკინიგზის გადასასვლელი ავტომატური დაცვის სისტემით აღჭურვილი არ არის და მატარებლის გავლისას ავტომობილების მოძრაობის რეგულირებას ადგილზე მყოფი თანამშრომელი ხელით ახორციელებს.

რამ გამოიწვია ტრაგედია, ამას გამოძიება დაადგენს, რომელიც უკვე დაწყებულია. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო გადასასვლელი ავარიის დროს დაკეტილი არ იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულ სარკინიგზო გადასასვლელზე ტრაგედია მოხდა. 2012 წელს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს, ნოდარ ვენჯელაშვილს ავტომობილი გადასასვლელზე გაუჩერდა, სამწუხაროდ, კარის გაღება და გადმოსვლა ვერ მოასწრო, მატარებლის შეჯახების შედეგად, სამართალდამცავი ადგილზე დაიღუპა.

„ძალიან ცუდი ადგილია, ხილვადობა ცუდია და ეს ტრაგედიაც პირველი არაა. ხშირად იყო შემთხვევები, როცა ადამიანები სასწაულებრივ გადაურჩნენ სიკვდილს. ყურადღებამისაქცევი ადგილია“ _ წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

გუშხამდელი