57 კგ. თევზი, 70 ლიტრი ღვინო და ზღაპრის გმირები… 700 ლარის ფოიერვერკი და 10 000 მუსიკალური გაფორმებისთვის. რამდენი დაჯდა სუფსის ფესტივალი, რომელიც სკოლის ეზოში ჩატარდა (?!)

|

Loading

სუფსის თევზის ფესტივალი | ფოტო ლანჩხუთის მერიის ფეისბუკის გვერდიდან

ლანჩხუთმა მესამედ უმასპინძლა თევზის ფესტივალს. სუფსაში აღნიშნული ღონისძიება პირველად 2022 წელს ჩატარდა და მისი ინიციატორები სოფლის მაჟორიტარი ია მოქია და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა არიან.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო დაანონსებული, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ბავშვთა გასართობი სივრცე, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილზე მომზადებული ტრადიციული კერძები, ხოლო ღონისძიება West Fire-ს კონცერტით დასრულდა.

„გურია Today“ წერდა, რომ ფესტივალის მუსიკალური გაფორმებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო. ასევე, ზღაპრის 4 გმირის (ანიმატორის) მომსახურება 400 ლარი დაჯდა. ფესტივალისთვის შეიძინეს 57 კგ. თევზი და 70 ლიტრი სუფრის ღვინო, ასევე 5 კგ. საღებავი, 2 ფოიერვერკი და 7 კგ. ნახშირი, რაც ჯამში 2975 ლარი დაჯდა.

კერძოდ, 6-6 კგ. კალმახი და ბარაბულკა 150-150 ლარადაა შეძენილი, 10 კგ. ორაგულში 260 ლარია გადახდილი, 100 ლარით ნაკლები _ 20 კგ. კეფალში, ხოლო 15 კგ. ზუთხი 675 ლარი დაჯდა.

1 ლიტრ ღვინოში 10 ლარია გადახდილი, კერძების მოსამზადებლად 105 ლარის ნახშირი გამოიყენეს, ფესტივალი ფოიერვერკები კი 700 ლარი დაჯდა.

ფესტივალი გაალამაზეს სუფსის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა. მათ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა არამხოლოდ ადგილზე, სოციალურ ქსელშიც დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ნახეთ ვიდეო: „ჩემო საქართველო, როგორ მიყვარხარ” – რა მაგრები ხართ, ბიჭებო!

მიუხედავად იმისა, რომ დაარსებიდანვე თევზის ფესტივალი პოპულარულია და წინა წლებში რამდენიმე საპიარო სიუჟეტი მომზადდა, მის მიმართ არსებობს კრიტიკული მოსაზრებებიც.

მაგალითად, ადგილობრივი ინდირა ქურიძე თვლის, რომ „ეს არ არის ფესტივალის არსი“ და მას გასართობი ღონისძიების სახელი უფრო შეეფერება.

ასევე, მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თევზის ფესტივალისთვის ლოკაციის შეცვლა და სკოლის ეზოში ჩატარება, სასურველი არ იყო და მდინარე სუფსაზე ნავებით „დაშვება“ ასეთი ტიპის ღონისძიებას თავის ელფერს აძლევდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ფესტივალის წინა დღეებში წვიმები იყო, რის გამოც ღონისძიება რამდენჯერმე გადაიდო.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელსა და ახლა ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერს, კახა ასკურავას მწვავე პოზიცია აქვს და მიაჩნია, რომ სუფსის ფესტივალს არც სოფლისთვის და არც მუნიციპალიტეტისთვის არაფერი მოაქვს:

„[ესაა] მოროშკინას მოგონილი “ფესტივალი”, რომელსაც არანაირი არც ფინანსური, არც სოციალური და არც ტურისტული ეფექტი არ მოაქვს, არც ლანჩხუთისთვის და არც კონკრეტულად სუფსისთვის. რად უნდა სუფსას და ზოგადად იმ მხარეს თევზის პიარი?! ადადან და ბაბადან, თევზის ჭერით არის განთქმული და შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა ადგილობრივებისათვის“ _ წერს ოპოზიციონერი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

სუფსის რამდენიმე წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თევზის ფესტივალი უკვე სოფლის ერთგვარ დღესასწაულად იქცა, თუმცა მას უფრო მეტი „სახალხოობა“ სჭირდება“.

„შედეგად, ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო სამსახურებში დასაქმებულები უფრო ჩანან“ _ ამბობენ ისინი. ამას ადასტურებს ოფიციალურ გვერდებზე ატვირთული ფოტოებიც.

დაათვალიერეთ თევზის ფესტივალის ალბომი: სუფსა ისევ ყურადღების ცენტრშია!

მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება ღონისძიებას წინასწარ აანონსებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ოფიციალურ ფეისბუკის გვერდებზე მისი გამოქვეყნება საკმარისი არაა.

სუფსის ფესტივალის ინიციატორი და მხარდამჭერი ია მოქია თანაგუნდელების მადლიერია: „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები განსაკუთრებული გუნდურობით რომ გამოირჩევიან, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. თევზის ფესტივალზეც ეს ძალიან კარგად იგრძნობოდა. მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს თითოეულ წევრს, ვისგანაც უდიდესი გუნდურობა, თანადგომა, სიყვარული ვიგრძენი. ჩვენთან ერთის პრობლემა გუნდის პრობლებაა და ერთი წევრის სიხარული – საერთო ბედნიერება. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ“ _ წერს ფეისბუკის პირად გვერდზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ადგილობრივების ჩართულობა უფრო მაღალი ყოფილიყო და სოფლის მაჟორიტარს აქტიურობისთვის მადლობა თანასოფლელებისთვისაც გადაეხადა. თევზის ფესტივალს მეტი პოპულარიზაცია და რიგითი სუფსელების სიმრავლე სჭირდება, რათა ის მართლაც სოფლის სახალხო დღესასწაულად იქცეს და არა ღონისძიებად, სადაც წინა პლანზე ხელისუფლებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები იქნებიან.