საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი ჩაიკეტება.
ამის მიზეზი ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციებია, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით მოაგვარებს.
„სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება;
სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება;
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია-სუფსას საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით;
გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი ორი თვის წინ, 18 ივლისს გაიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებას ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება ადგილობრივი ოპოზიცია.
„ჯერ სად ხართ?! ამის თაობაზე წლების წინ ვწერდი! მიზეზი? ამჯერადაც კორუფცია!“ – წერს კახა ასკურავა, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერია.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: „ფული რომ მოეტეხათ, პროექტი შეცვალეს და მას მერე ეს მონაკვეთი [ჯაპანა-გრიგოლეთი] იქცა კორუფციის ბუდედ… ჩინელმა [კონტრაქტორმა] სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”




