ლანჩხუთში „დინამოს“ ელვამ დაარტყა: კაპანაძის დუბლით „გურია“ პირველ ადგილზე გადავიდა და დაიქუხა: ჩვენი დაწინაურება დროის ამბავია!

|

Loading

„გურია“ „დინამო-2“-თან მოგებას ზეიმობს

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, „გურია“ სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. ამაში წვლილი ლევან ინგოროყვასა და ავთო ებრალიძის „გონიოს“ მიუძღვის _ აჭარულმა კლუბმა „თბილისი 2025“-ს სეზონში პირველი მარცხი აგემა.

ლანჩხუთლებმა კი, ამ სეზონში უკვე მესამედ მოუგეს ქართული ფეხბურთის ფლაგმანს (რას ისტორიაში პირველი შემთხვევაა) _ „დინამო-2“ შინაც დაამარცხეს, ხოლო საჩემპიონატო შეხვედრებს შორის, „დინამოს“ მთავარი გუნდი სათასო მარათონიდან გამოთიშეს.

დღევანდელი მატჩის ბედი თორნიკე კაპანაძემ გადაწყვიტა _ „ელვამ“ 16 წუთში დუბლი შეასრულა და თავისიანებს მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

I-II ადგილზე გასული გუნდები გაისად ლიგა-2-ში ითამაშებენ, III-IV ადგილოსნები კი, იგივეს პლეი ოფის გავლით შეეცდებიან

პირველ შემთხვევაში, ნოდარ იაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, გურულთა მეგოლემ გატანა დიდსულოვნად დაუთმო ვალერი ოლხოვს, რომლის დარტყმა მცველმა გამოიტანა და წამებში იქცა ქვაზე დადებული მადლად _ „ელვას“ ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კართან მიუვიდა და 1:0!

მეორედ უკვე სხვა ფლანგიდან თითქმის იგივე პოზიციაში დატოვა კიჭი მელიავამ და კაპანაძემ უკვე სხვა კარში გაიტანა.

ნახეთ მატჩის ალბომი: საუკეთესო მომენტები და მორიგი გამარჯვების ემოციები

ახლა ჩემპიონატში სამკვირიანი შესვენებაა, 9 ოქტომბერს „გურია“ „მარგვეთი 2006“-ს ეთამაშება. სფფ-ის ოფიციალურ გვერდზე მატჩის მასპინძლად „ევგრაფ შევარდნაძეა“ მითითებული, რაც, სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომა უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, იმერლების საშინაო თამაშებს ზესტაფონში ატარებენ.

17.09.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 2:0 დინამო-2 1:0, 2:0 კაპანაძე (43, 59)

გურია: ისიანი, მელიავა, კაკუბავა, მაისაშვილი, იაშვილი (84. არველაძე), ნოზაძე, ოლხოვი (78. შარვაძე), ჩაგანავა (78. კახაბრიშვილი), ტაბატაძე, სიჭინავა (78. ჩოთალიშვილი), კაპანაძე (70. ქოქოსაძე)