ლანჩხუთელებმა ვეტერინარებთან რევანში აიღეს პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (0:1) და ეროვნულ ლიგა 2-ს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. წინა ტურში, ხობში ბოლო წუთებზე განიავებული 2-ბურთიანი ფორა რომ არა, „გურია“ საგზურს დღეს გაინაღდებდა.
დარჩენილ 4 შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავას გუნდს მხოლოდ 2 ქულა სჭირდება, რომ ზედა ლიგაში დაწინაურება პლეი ოფის გარეშე შეძლოს.
ნახეთ მატჩის ალბომი: „გურიამ“ „ვიტ ჯორჯიას“ ლუკა ჩაგანავას გოლით მოუგო
გურულებისთვის „ვიტ ჯორჯია“ უხერხული მეტოქეა. 2012 წელს პლეი ოფში „მცხეთა პარკზე“ 3:0 იმარჯვეს ვეტერინარებმა და „გურიას“ უმაღლეს ლიგაში დაწინაურება ერთი წლით შეაფერხეს, შარშან კი, მათმა მეორე გუნდმა დააკაგვინა „გურიას“ მნიშვნელოვანი ქულები და მერე „არაგველებთან“ საოცრება რომ არ მომხდარიყო (თემურ შარაშენიძის 2 გოლი, 2:4-ზე), იმ დიდი მიზნის მიღწევა მინიმუმ 1 წლით გადაიწევდა, რა გეგმებითაც ჟორდანიების ოჯახი კლუბის მართვის სადავეებთან მივიდა.

„გურია“ ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა
ამ სეზონში კი ვიტელებთან 15 მაისს განცდილი მარცხის შემდეგ, გურულებს სტუმრად აღარ წაუგიათ…
… ლანჩხუთლებმა ანგარიში უკვე მე-16 წუთზე გახსნეს, ეს ლუკა ჩაგანავამ მოახერხა. მერე კი, თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ჩაატარეს (კიჭი მელიავა გააძევეს), მაგრამ სასურველი შედეგის შენარჩუნება მოახერხეს.
„გურია“ მომდევნო ტურში, გასავარდნ ზონაში მყოფ „იბერია 2010“-ს ესტუმრება და თუ მოუგებს, სამი ტურით ადრე გაინაღდებს ლიგა 2-ის საგზურს. აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბერს 175-ე დღე იქნება, რაც „გურია“ სტუმრად არ დამარცხებულა…
30.10.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 1:0 ვიტ ჯორჯია 1:0 ჩაგანავა (16)
გურია: იობაშვილი, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა, მაისაშვილი, ნოზაძე, ჩაგანავა (80. გეგუჩაძე), სიჭინავა (69. ქოქოსაძე), აფციაური, ხუნდაძე (59. ტაბატაძე), არველაძე (59. ჩოთალიშვილი)





