„ლანჩხუთს“, რომელმაც „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩი ფეხბურთელი ქალის სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად ჩაშალა, ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა.
ამასთან დაკავშირებით გურულმა კლუბმა თავისი პოზიცია ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა:
„გვესმის, შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა ვთვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ის ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია“ _ აღნიშნულია განცხადებაში.
„ლანჩხუთმა“ გულშემატკივრები მიიწვია ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე, რომელიც თბილისში, „კვარტალის“ წინააღმდეგ, 3 ნოემბერს გაიმართება. მანამდე გურულებმა ქუთაისში სათასო მეოთხედფინალური მატჩი ჩაატარეს ადგილობრივი „მართვეს“ წინააღმდეგ.

„გურია Today“-ს 2026 წლის 27 ოქტომბრის ქარდი | „ლანჩხუთის“ პროტესტი დასაჯეს
2026 წლის 29 სექტემბერს, გვიმბალაურში, მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. მატჩის დაწყებიდან მე-10 წამზე, „ლანჩხუთის“ გუნდის კაპიტანმა ბურთი ხელში აიღო და ტრიბუნებისკენ გადააგდო, რის შემდეგაც თანაგუნდელებმა ერთად მოედანზე საპროტესტო ბანერი გაშალა, წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
ლანჩხუთის კლუბი აპროტესტებს, რომ 19 წლის ქალი ფეხბურთელის მიერ ძალადობაში მხილებული „ნიკე-ლუსოს“ მფლობელი, მეჰმეთ უიარი სასამართლოს პირველმა ინსტაციამ უდანაშაულოდ ცნო. მათ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს „ბათუმისა“ და „კვარტალის“ მოთამაშეებმა, კიდევ რამდენიმე კლუბმა, მათ შორის რაგბის გუნდმა, ასევე რამდენიმე ათეულმა ქალმა და კაცმა სპორტსმენმა.
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება ჩაშლილი მატჩიდან თითქმის 1 თვის შემდეგ მიიღო _ ამის შესახებ მედიაში ცნობა 27 ოქტომბერს გავრცელდა [წაიკითხეთ: „ლანჩხუთის“ პროტესტი დასაჯეს]
„ნიკე-ლუსოს“, რომელმაც, თავის დროზე, „ლანჩხუთის“ პროტესტს და განცხადებას, საპასუხო განცხადებებით უპასუხა და აქტიური ფეისბუკის გვერდი აქვს, ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ტექნიკური მოგების შესახებ ინფორმაცია.
ამ თემაზე წაიკითხეთ:





