„ნიკე-ლუსო“ ის კლუბია, რომლის ქომაგებმაც ჩვენს ფეხბურთელებზე იძალადეს, გუნდის გასახდელში ვიდეოკამერებით მოთამაშეებს იღებდნენ და მისი პრეზიდენტი 2026 წლის ინვარში თავისი ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს“
დღეს, გვიმბალაურში, ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩის დაწყებისთანავე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი ბანერი გამოფინეს _ „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა!“ სავარაუდოდ, მათი ადრესატი მათ შორის „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეები არიან [რომლებმაც სოლიდარობა არ გამოუცხადეს თანაგუნდელს და მხარი დაუჭირეს მის მიერ გაუპატიურებაში ბრალდებულ კლუბის მფლობელს], რომლებსაც, მატჩის წინ, მისალმებისას ხელი არ ჩამოარეთვეს.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა ქალთა კლუბმა, პარალელურად, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე საგანგებო განცხადება გაავრცელა:
„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდამ ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთმ არ იქნება გამართლებული.
სამწუხაროდმ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბიამ რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთმ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს, ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!“ _ აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
ლანჩხუთის კლუბის პროტესტის მიზეზი გასულ კვირაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გახდა, რომელმაც სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.
20 წლის ფეხბურთელი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი) კლუბის ყოფილ მფლობელს 2025 წლის დეკემბრის წვეულების შემდეგ ძალადობაში ადანაშაულებდა. თავად ბიზნესმენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. პროკურატურა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
„ლანჩხუთს“, სავარაუდოდ, 0:3 წაგებას ჩაუთვლიან. კიდევ რა სანქციას დაუწესებს სფფ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს იქნება ფინანსური სანქცია.
ასევე წაიკითხეთ:





