ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გივი მიქანაძე „გურიის მოამბეს“, ჟურნალისტ ვლადიმერ მენაბდეს და ოპოზიციონერ კახა ასკურავას უჩივის _ რას ითხოვს მინისტრი და რას ამბობენ მოპასუხეები?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გივი მიქანაძე, კახა ასკურავა, ვლადიმერ მენაბდე, სახლის ესკიზი, სარჩელის ფორმა

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გივი მიქანაძე ადგილობრივ ოპოზიციონერ კახა ასკურავას, ონლაინ-გამოცემა „გურიის მოამბეს“ და მის მფლობელს, ჟურნალისტ ვლადიმერ მენაბდეს სასამართლოში უჩივის.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სარჩელით უკვე მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხეებისგან „გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას“ ითხოვს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს ადგილობრივი ოპოზიციონერი ედავება: გივი მიქანაძე არჩეულის სახლს სახელმწიფო მიწაზე იშენებს თუ უპირობო აუქციონით შეძენილ ნაკვეთზე?

„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ჩემს შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ არაერთგზის თავდასხმას. ეს იყო როგორც ცილისწამება, ასევე ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. შესაბამისად, დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. ჩემი მოთხოვნაა გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება” – განაცხადა გივი მიქანაძემ „რუსთავი-2“-თან საუბარში.

მან ჯერ კიდევ 2026 წლის 20 აგვისტოს მოითხოვა ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა დაანონსა.

წაიკითხეთ სრულად: ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ბოდიშს ითხოვს, მერი ამბობს, რომ „ტყუილი და სისულელეა“ _ იყო თუ არა საბავშვო ბაღი მიწაზე, სადაც გივი მიქანაძე სააგარაკე სახლს იშენებს?

„არ ამიშენებია, მიპოვნია, ახლა ჩემია“ _ ასეთი სახუმარო ქარდით ეხმაურება მინისტრის სარჩელს ვლადიმერ მენაბდე. იგი ასევე აქვეყნებს იმ სტატიებს, რომელიც გივი მიქანაძის აგარაკთან დაკავშირებით მისმა მედია-საშუალებამ გაავრცელა.

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა კი ასე ეხმაურება მის წინააღმდეგ სასამართლო დავას: „ვეფხვისტყაოსანს” უჩივლია ჩემთვის და „გურიის მოამბის“ რედაქტორისთვის. სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, რას მედავება და არც ის, რას მოითხოვს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – მისი და რეჟიმის მხილებას მაინც გავაგრძელებ ბოლომდე, სანამ ამ ქვეყანას, ჩემს ქვეყანას აზიან თავზე და სანამ პირში სული მიდგას. მაინც ამოვთხრი… დანარჩენს დრო გვიჩვენებს“ _ წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი.

ცნობისთვის, 2026 წლის 18 აგვისტოს, კახა ასკურავამ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი თქმით, გივი მიქანაძის აგარაკის მშენებლობა იყო ასახული. ოპოზიციონერმა განათლების მინისტრს მოუწოდა, რომ ყურადღება მიექცია იმ ფაქტისთვის, რომ „სოფელში არ არის სკოლა და ბაღი, ასევე სავალალო მდგომარეობაშია ნინოშვილის მუზეუმი“. მოგვიანებით, ასკურავამ დააზუსტა, რომ მაღალჩინოსანი სახლს ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იშენებდა.

ამ თემაზე სტატიები ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა, მათ შორის წერდა „გურია Today“.