„გურია Today”-ს დადასტურებული ინფორმაციით, „ლანჩხუთის“ ყოფილი ფეხბურთელები: თათია გაბუნია, თეონა ბაქრაძე, მარიამ კალანდაძე და გვანცა ქადაგიშვილი არ გამოცხადდნენ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, რომელსაც 9 და 12 ოქტომბერს, მოლდოვაში ამხანაგური შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
ოთხივე მოთამაშეს გურული კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს ჩატარებული, მათგან გაბუნია და კალანდაძე „ლანჩხუთის“ აღზრდილები არიან და კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებად ითვლებიან. ისევე, როგორც ბაქრაძე, რომელმაც ქადაგიშვილის დარად, ლანჩხუთში შედარებით ცოტა ხანი ითამაშა.
ჯერჯერობით უცნობია, მათი დემარში ყოფილი თანაგუნდელების მიმართ პროტესტია თუ ისინი სოლიდარობას უცხადებენ კლუბს, რომელმაც განსაკუთრებით გაბუნია-კალანდაძის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ლანჩხუთის“ 2024 წლის საჩემპიონო ფოტოზე არიან: მარიამ კალანდაძე, თეონა ბაქრაძე და გვანცა ქადაგიშვილი
ჩვენი ინფორმაციით, ეროვნული გუნდის შეკრებაზე არიან “ნიკე-ლუსოს” სხვა ფეხბურთელები.
აღსანიშნავია, რომ “ლანჩხუთი”-“ნიკე-ლუსოს” 29 სექტემბრის ჩაშლილ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ბაქრაძე, ქადაგიშვილი და კალანდაძე. მატჩისწინა მისალმებისას, მათ და თბილისური კლუბის სხვა მოთამაშეებს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა დემონსტრაციულად არ ჩამოართვეს ხელი.
გურულების საპროტესტო ბანერზე წარწერაც [მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!], ძირითადად იმ ფეხბურთელებისკენაა მიმართული, ვინც ძალადობას ღიად არ გმობს.
ლანჩხუთში არ მალავენ გაკვირვებას განსაკუთრებით კლუბის ყოფილი წევრების პოზიციის გამო.
აქვე გეტყვით, რომ “ლანჩხუთის“ 10 ფეხბურთელი იმყოფება ეროვნული ნაკრების შეკრებაზე: სვეტლანა გაბელაია, ეკა თაბაგარი, ნინო ჩხარტიშვილი, სოფო ნარსია, ნინო პასიკაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, ნათია ჯოჯუა, ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე და ეთერ სულაშვილი.




