„გამარჯობა, მე პაკიპუკა ვარ, ასე დამარქვით თქვენ! ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ ცხოვრება არ დამეტოვებინა“ – ობოლი ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან

|

Loading

ალექსანდრე დერდერიანი, იგივე „პაკიპუკა“

„გამარჯობა, მე პაკიპუკა ვარ, ასე დამარქვით თქვენ! ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ ცხოვრება არ დამეტოვებინა. მე ობოლი ვიყავი…”ალექსანდრე დერდერიანი, ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან სამადლობელ წერილს აქვეყნებს.

„ბავშვობიდანვე ტკივილი და სევდა გამიხდა გზის თანამგზავრი. დედა ავად იყო, ცხოვრება კი ხშირად მიჩვენებდა თავის სიძნელეს. მაგრამ, მარტო არ დავრჩენილვარ – ჩემმა სოფელმა გამზარდა, ჩემმა ხალხმა მასწავლა როგორ უნდა გამეტანა ყველაფერი ღირსებით” _ წერს პაკიპუკა, რომელიც თბილად იხსენებს გამზრდელ ქალაქს: „ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ ცხოვრება არ დამეტოვებინა. სოფელი ჩემთვის მხოლოდ მიწა და სახლები კი არა – ადამიანები არიან, რომლებმაც მხარში ამომიდგნენ, ობოლს ოჯახი შემიქმნეს და სიყვარული მაჩუქეს”.

მის სამადლობელ წერილს ლანჩხუთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „როგორ გამშვენებულხარ, პაკიპუკა, როგორი კეთილიც იყავი, ისეთი დარჩენილხარ… როგორ გამიხარდაა, უკვე დიდი ბიჭია, ბავშვობიდან იყო თბილი და არა ბოროტული სულის, ცხოვრებამ არ გააბოროტა… მახსოვს, როგორ ზრუნავდა დედაზე“ _ წერენ კომენტარებში.

თავის მხრივ, ვალში არც „პაკიპუკა“ რჩება: “თქვენი წყალობით გავიზარდე, თქვენი წყალობით ვდგავარ დღეს მყარად. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სოფელს, ჩემს ლანჩხუთს – თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილია. თქვენ მაჩვენეთ, რომ ობლობის ზურგს უკან მაინც შეიძლება სიყვარული, სიკეთე და სითბო იდგეს. თქვენ ჩემი ძალა ხართ და ჩემი ნამდვილი ოჯახი” – წერს ალექსანდრე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ალექსანდრე ძმასა და მშობლებთან ერთად ქალაქ ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კორპუსში ცხოვრობდა. მამა _ ცნობილი მეთუნუქე ადუნა დერდერიანი სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, 13 წლის იყო „პაკიპუკა“, დედამ – ზეინაბმაც რომ დატოვა, რომელიც შშმ პირი იყო და ბიჭი პატრონობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 8 წლის ძმასთან, ალბერტთან ერთად მარტოს მოუხდა ცხოვრების ჭაპანის გაწევა. იგი სწორედ თანაქალაქელების იმდროინდელ გვერდში დგომას იხსენებს და მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც ობოლ ძმებს მაშინ ლუკმა-პური გაუწოდა…

ასევე წაიკითხეთ: [ექსკლუზივი] „ლანჩხუთში ჩემს სახლს და ხალხს არაფერი მირჩევნია, წლებია, დაბრუნება და ჩემს სახლში დაძინება მინდა!“ _ სად არის და რას საქმიანობს ალექსანდრე დერდერიანი, იგივე „პაკიპუკა“