[ექსკლუზივი] „ლანჩხუთში ჩემს სახლს და ხალხს არაფერი მირჩევნია, წლებია, დაბრუნება და ჩემს სახლში დაძინება მინდა!“ _ სად არის და რას საქმიანობს ალექსანდრე დერდერიანი, იგივე „პაკიპუკა“

|

Loading

ალექსანდრე დერდერიანის ფოტოები

ლანჩხუთელები ძალიან გაახარა „პაკიპუკას“ გამოჩენამ _ ობოლი ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან მადლობის წერილს აქვეყნებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც წლების წინ, 13 და 8 წლის ობოლ ძმებს დახმარების ხელი გაუწოდა. ათ წელზე მეტი გავიდა, რაც ობოლი ბიჭების შესახებ არაფერი გვსმენოდა…

ასევე წაიკითხეთ: „გამარჯობა, მე პაკიპუკა ვარ, ასე დამარქვით თქვენ! ლანჩხუთმა მომცა სიყვარული, სითბო, იმედი და ფრთები, რომ ცხოვრება არ დამეტოვებინა“ – ობოლი ბიჭი თავისუფლების ქუჩიდან

„გურია თუდეი“ პაკიპუკას _ ალექსანდრე დერდერიანს ესაუბრა:

_ ალექს, მოგესალმები. ძალიან გაგვახარა შენმა გამოჩენამ, ნახავდით კომენტარებს _ ყველა თბილად გიხსენებთ და მადლიერია იმ სიტყვებისთვის, რაც შენ დაწერე.

_ მე თქვენი პაკიპუკა ვარ, ობოლი ბიჭი, ვისაც ლანჩხუთის ხალხი გვერდში ამომიდგა და იმ რთულ დროს მარტო არ დამტოვა…

_ რამდენი წლის იყავი მაშინ?

_ ძალიან პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა, როცა მამა დაგვეღუპა. 13 წლის ვიყავი, როცა დედაც დავკარგეთ და 8 წლის ძმასთან ერთად მარტო აღმოვჩნდი. ძალიან მტკივნეული ბავშვობა მქონდა, თუმცა მარტო არ დავრჩენილვარ. მადლობა ჩემს ლანჩხუთელებს _ თქვენ ნამდვილად ჩემი ოჯახი ხართ.

_ ძალიან კარგი ხართ, ამაგს რომ არ ივიწყებთ. როგორ წარიმართა შენი ცხოვრება, რაც ლანჩხუთიდან წახვედით?

_ როცა დედაც გარდაიცვალა, მალე თბილისში გადაგვიყვანეს მიმღებ ოჯახში, მერე იყო ქუთაისი… ლანჩხუთში რჩებოდა ჩემი გული ყოველთვის, მაქ იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე. რამდენჯერმე ვცადე დაბრუნება, პატარამაც კი… ჩემს ბინაში ვცოვრობდი გარკვეული ხანი, რემონტიც დავიწყეთ, მაგრამ ვერ შევძელით დასრულება.

_ მითხარი, რომ სამსახურში ხარ. რაიმე პროფესია ხომ არ დაუფლებიხარ და ამჟამად რას საქმიანობ?

_ არა, პროფესიით არ ვმუშაობ _ მზარეულის კურსები მაქვს გავლილი, მაგრამ ახლა მშენებლობაზე ვარ დასაქმებული.

_ მაპატიე ამ კითხვისთვის, ქუჩას ასცდი?

_ ვერა, სამწუხაროდ, თუმცა შევძელი, რომ არ გავტეხილიყავი, ჭაობში არ ჩავფლულიყავი. მერე ქირით ვცხოვრობდი, ფსიქიატრიულშიც მოვხვდი… ახლა ვმუშაობ და სამსახურის თავშესაფარში ვარ. სულ ვმუშაობ… ჩემი ძმაც ძალიან გვერდით მიდგას. შშმ პირი ვარ, ცოტათი გონებრივი ჩამორჩენილობა მაქვს…

_ საერთოდ არ გეტყობათ! ეს მიმოწერაშიც აშკარად ჩანს და სიმართლე გითხრა, შენი სამადლობელი წერილი რომ წავიკითხე, იმდენად გამართულად ეწერა, სხვა დაგეხმარა მეგონა… ახლა კი ვხედავ, როგორი ნიჭიერიც ხართ…

_ (იცინის). ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, უფრო სწორად, ჩემს ოცნებას.

_ გულისყურით გისმენთ.

_ სურვილი მაქვს წიგნი დავწერო ჩემს ცხოვრებაზე.

_ ალექს, ეს შენ შეგიძლია და აუცილებლად გამოგივა! კიდევ რა ოცნება გაქვს?

_ მინდა ლანჩხუთში დავრუნდე, ჩემს ბინაში ელემენტარული პირობები შევქმნა და მანდ ვიცხოვრო _ ისევ ჩემი ლანჩხუთელების სიყვარულით. გულით ვამბობ, აქ ცხოვრებას მირჩევნია ლანჩხუთში 300-ლარიან ხელფასზე ვიმუშავო და მანდ ვიყო. მართალია, დღეს შშმ პირი ვარ, მაგრამ ჩემს გვერდით დგას ჩემი ძმა, რომელიც  მუდამ მხარს მიჭერს. თქვენი სითბო, სიყვარული და ყურადღება მაძლევს ძალას, რომ წინ წავიდე. ლანჩხუთმა მასწავლა – ობლობას ზურგს უკანაც შეიძლება სითბო, სიყვარული და იმედი იდგეს… ლანჩხუთში ჩემს ხალხს და სახლ-კარს არაფერი მირჩევნია, წლებია, დაბრუნება და ჩემს სახლში დაძინება მინდა…

მამუკა ქანთარია