ცული რას მიზამდაო… მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს _ დავით ხიტირმა ყოფილ გუნდს შემოუტრიალა: რა დაემართა „გურიას“?

|

Loading

„გურია“, დღევანდელი წაგების მიუხედავად, მაინც ფავორიტად რჩება

ეს, შესაძლოა, კრიზისზე მიანიშნებს _ ბოლო 4 შეხვედრაში „გურიამ“ მხოლოდ 1 მოიგო. ორი საშინაო 0:0-ის გარდა, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა უკვე სეზონში პირველი მარცხიც იწვნია.

წესით, 4 ტურში 5 ქულა კატასტროფა არაა, მაგრამ „შესაფუცხუნებელი“ ნამდვილად არის გადამსვლელი გუნდისთვის.

არადა, გურულებმა ისეთ შემადგენლობას მოუყარეს თავი და სტარტიც ჩინებული აიღეს (4:1 თბილისში, „ლოკომოტივთან“ და 7:0 ფოთში _ დედაქალაქურ „მერანთან“), ბევრი ფიქრობდა, გუნდი სეზონს წაგების გარეშე ჩაასრულებდა.

მოულოდნელი იყო აუტსაიდერ „ბეთლემთან“ ფრე და წინა ტურში, იგივე _ უკვე „გარდაბანთან“.

ასეთი შემადგენლობის გუნდისთვის, დაგვეთანხმებით, ეს ბევრი დაკარგული ქულაა…

… მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სახიფათო მომენტებით დახუნძლული.

გუნდები შესვენებაზე 0:0-ით გავიდოდნენ, კახა კახაბრიშვილს თბილისელებისთვის გოლი გასახდელში რომ არ დაეწია _ ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მე-3 დამატებულ წუთზე, დათა სიჭინავას შესრულებული ჯარიმა მასპინძელთა მცველებმა საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს…

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო _ „იბერია 1999-2“-ს კი, ლანჩხუთელი სპეციალისტი დავით ხიტირი წვრთნის. სხვათა შორის, წლების წინ, იგი „გურიას“ მაისურით იტანდა.

ამჯერად კი, მისმა გუნდმა ორი გოლით უპასუხა სტუმრებს.

დავით ხიტირმა ყოფილ გუნდს თამაში შემოუტრიალა

პირველ შემთხვევაში, ეს გურულთა მეკარის შეცდომას მოჰყვა, როცა ლევან ისიანმა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთზე ორიენტაცია დაკარგა და მის თავზე გადავლებული კარის ბადეში აღმოჩნდა, 1:1.

ამას „გურიას“ ქაოსური შეტევები მოჰყვა და იმატა წუნმა გადაცემებში, ისევე, როგორც წინა ფრედ დასრულებული მატჩებისას მოხდა.

რასაც „ბეთლემი“ და „გარდაბანი“ გაპატიებს, იგივეს საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფარმ-კლუბისგან არ უნდა ელოდო.

ასეც მოხდა: ვერ ვიტყვით, დედაქალაქელებმა გურულები კონტრშეტევაზე დაიჭირეს, დაცვაში „გურია“ უპირატესობაში იყო, მაგრამ რამდენიმე მცველი ერთ შემტევს ვერ გაუმკლავდა: თავიდან მეკარემ გადაგვარჩინა, დამატებაზე კი, კარში ჩამდგარმა მცველმა_ ვერა.

თბილისელთა 13 ნომერს დუბლისთვის 13 წუთი დასჭირდა.

მერე „გურია“ კიდევ უფრო უშედეგოდ უტევდა, თვალშისაცემი იყო არაზუსტი პასების სიმრავლე და უფრო მეტად იმის საფრთხე იყო, ისევ თბილისელებს არ ესარგებლათ კონტრშეტევისას…

თუმცა „იბერია 1999-2“-ს 2:1-იც აკმაყოფილებდა და უფრო იმაზე იზრუნა, რომ წინ გასვლის შემდეგ დარჩენილ 8 და დამატებულ 5 წუთში, ლანჩხუთელებმა მის კარში კი არა, კარისკენაც ერთხელ ვერ დაარტყეს…

მორიგ შეხვედრას „გურია“ 24 აპრილს, ისევ თბილისში, ამჯერად „დინამო-2“-თან გამართავს.

20.04.2026 | თბილისი, ბენდელა | იბერია 1999-2 2:1 გურია

0:1 კახაბრიშვილი (45+3′), 1:1, 2:1 სიხარულიშვილი (69′, 82′)

გურია: ისიანი, იაშვილი, კაკუბავა, მაისაშვილი, ნოზაძე, კახაბრიშვილი (85′ ქოქოსაძე), სიჭინავა, ჩოთალიშვილი (56′ ტაბატაძე), არველაძე (56′ შარვაძე), ხოროიშვილი (77. გამბაროვი), კაპანაძე (85′ ხუნდაძე)