ლანჩხუთში ჭადრაკის დიდ მოამაგეს, ნუგზარ გვარჯალაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა, რასაც დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ.
ასაკს ვერ შეატყობთ, ახალგაზრდული გონებითა და შემართებით აკეთებს იმ საქმეს, რასაც ლამის მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
60 წელია, ჭადრაკს თამაშობს, ნახევარი საუკუნეა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს ემსახურება. გურიაში ყველაზე ტიტულოვანია _ 50 წლისამ პირველად, ხოლო ჯამში 4-ჯერ მოიგო რეგიონის პირველობა, ამდენჯერვე ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, სულ კი 14-ჯერ მოხვდა პრიზიორებში. გაუმარჯვია საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირებში.
მისთვის ყველაზე ძვირფასია ის სიტყვები, რაც ერთ-ერთ სუფრაზე მოისმინა _ ამ კაცმა ლანჩხუთის ჭადრაკს იმდენი გაუკეთა, რაც ევგრაფ შევარდნაძემ, იმედო დუნდუამ და შალვა კაკაბაძემ _ „გურიასო“.
ლანჩხუთს არაერთი ნიჭიერი მოჭადრაკე გაუზარდა _ მათ შორის, ქვეყნის ჩემპიონები და პრიზიორები. ჯამში 1200-მდე პატარა აზიარა სამეფო თამაშს.
ლანჩხუთში პირველი ჯგუფი 45 წლის წინ დაარსა, რაიონის პირველობის ინიციატორიც თავადაა. ამან საფუძველი დაუდო ქალაქში ჭადრაკის სახლის აშენებას. არის 200-მდე ტურნირის ორგანიზატორი.
თავის საქმეზე საოცრად შეყვარებულია, ისეთი კაცია, არავის რომ არ აწყენინებს და სიკეთეებს სიყვარულით არიგებს. ძალიან მორიდებულია და მხოლოდ მოსწავლეებისთვის შეიძლება ვინმე შეაწუხოს.
შეგირდებს თავისი ხარჯით უბეჭდავს კონსპექტებს... ჩანთაში სულ აქვს სასურსნავები და სკოლიდან პირდაპირ ჭადრაკის სახლში მისულ პატარებს უმასპინძლდება.
ჩვენი ქალაქის ქუჩებში მოსიარულე სიკეთეა და ადგილობრივ ხელისუფლებას საშურ საქმედ ჩაეთვლება, წლევანდელ ლანჩხუთობაზე საპატიო მოქალაქედ თუ დაასახელებს _ ქალაქის პოპულარიზაციაში დიდი წვლილიც აქვს და ამაგიც, სამაგალითო მოქალაქეა.
ჩემს არქივში არის ინტერვიუ, რომელიც ბატონ ნუგზართან მაშინ ჩავწერე, 60 წლის რომ გახდა. თქვენ წაიკითხავთ, რატომ შეეშალა ედუარდ შევარდნაძეს რაიკომის მდივანში, როდის გაეკიდა ქალებს ავტომატით, რატომ ჩააბარეს სამაშველო სამსახური, როცა თავად ცურვა არ იცოდა და როგორ მოპარეს დაფიდან ეტლი და სხვა არაერთ საინტერესო ისტორიას.
_ ბატონო ნუგზარ, თავიდან ის მითხარით, ბუღალტრობასა და რაიკომის მდივნობაზე მეოცნებე კაცი ჭადრაკში როგორ აღმოჩნდით?
_ (იღიმის) ყველაფერს აგიხსნით. მშობლებს სურდათ, ბუღალტერი გამოვსულიყავი და ამიტომაც საბუღალტრო-ეკონომიკურ ტექნიკუმში ჩავაბარე. შემდეგ ისტორიულზე ჩამაბარებინეს. შენ არ გემახსოვრება და მაშინ, ისტორიულის წარჩინებით დამთავრება დიდი ტრამპლინი შეიძლებოდა გამხდარიყო.
_ ეს იმიტომ, რომ ისტორიკოსი შევარდნაძე ცკ-ს მდივანი გახდა?
_ ჰო, მართლაც ასე იყო, ისტორიულს თუ დაამთავრებდი, პოტენციური რაიკომის მდივანი იყავი… (იცინის).
_ კი, მაგრამ საფერშლოც უნდა დაგემთავრებიათ. კარგი ხუმრობას შევეშვათ, მართლა რაიკომის მდივნობა გინდოდათ?
_ რატომაც არა! (იცინის) ცკ-სთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტიც დავამთავრე და ყველანაირი შანსი მქონდა…
_ თუმცა თქვენ პარტიულ საქმიანობას ჭადრაკი ამჯობინეთ. გასაკვირი ამბავია და აგვიხსენით, თავბრუდამხვევ კარიერასა და კარგ ფინანსებს უხელფასოდ მუშაობა რატომ ამჯობინეთ?
_ მართალს ამბობ, თავიდან ენთუზიაზმზე, მთლად უხელფასოდ ვმუშაობდი წლების მანძილზე. თუმცა ჯერ იმას გეტყვი, რომ ჭადრაკის თამაში ძალიან გვიან, 20 წლის ასაკში დავიწყე.
_ რაა?! მერე ასე როგორ დაგატყვევათ ამ თამაშმა?
_ ჯარში ვისწავლე, რუსი ბიჭი იყო, იმან მასწავლა სვლები. პოლიტოთახში, სადაც პოლიტიკურ პროპაგანდაზე გვესაუბრებოდნენ, დასვენებასაც ვახერხებდით და ჭადრაკის თამაშსაც. ერთი მხიარული ისტორია მახსენდება: იმ დღეს მორიგე ჩემი ჯგუფია, მე ვხელმძღვანელობ და ეს ჯგუფი მივატოვე და ავტომატით ხელში ქალებს გავეკიდე… (იცინის)
_ მოსაკლავად? რას ერჩოდი?
_ (ხარხარებს) არა, კაცო, რა მოსაკლავად, საარშიყოდ გავეკიდე და… მოვხვდი ჰაუპტვახტში. 10 დღე მომისაჯეს. ჰაუპტვახტის უფროსს ჭადრაკის თამაში უყვარდა, ყოველდღე ვთამაშობდით. როცა ვაგებდი, უხაროდა, მაგრამ როცა ვაჯობებდი, ძალიან ბრაზდებოდა. ეს ვერ აიტანა და დროზე ადრე გამომიშვა.
_ ჯარიდან ჩამოსული ჭადრაკს „სერიოზულად ჩაუჯექით“?
_ არა, მაშინ ჩავაბარე ისტორიულზე. 23 წლისა „საქწყალმაშველის“ საზოგადოების რაისაბჭოს თავმჯდომარედ დამნიშნეს. რაიკომის შენობაში ერთ-ერთ ოთახში ვიკრიბებოდით და ჭადრაკს ვთამაშობდით: მე, ჟორა დათუნაშვილი, ზაურ ორაგველიძე, არტემ ჩხაიძე, ჯუმბერ ფირცხალაიშვილი, ჟორა ჯიჯიეშვილი, ჯეირან ნაკაშიძე. 10-12 წელი ვთამაშობდით და გავიწაფე. ჭადრაკის კულტურის სახალხო უნივერსისტეტი წარჩინებით დავამთავრე და გავხდი მწვრთნელ-ინსტრუქტორი. თუმცა მანამდე აღმასკომში მოვიდა წერილი, რომ 1980 წლის საქართველოს ჩემპიონატზე ლანჩხუთიდან რაიონის ჩემპიონი გაეგზავნათ. რადგან მაშინ რაიონის ჩემპიონატი არ ტარდებოდა, მე გამიშვეს, რადგან იცოდნენ, რომ მაშინ უკვე კარგად ვთამაშობდი. პირველივე შეჯიბრზე I თანრიგის ნორმა შევასრულე. აქაც კურიოზული სიტუაცია შემხვდა _ ორგანიზატორები არ მიშვებდნენ, რადგან I თანრიგი არ მქონდა. არადა, ეს იყო სულელური კანონი, რაც იქვე დავუმტკიცე _ თუ საქართველოს ჩემპიონატში არ მონაწილეობდი, I თანრიგს არ იძლეოდნენ და როგორ მიმეღო, თუ არ დამიშვებდნენ.

_ თქვენ რაიონულ ჩემპიონატებს ჩაუყარეთ საფუძველი…
_ დიახ, ასე იყო. 1981 წელს ჩავატარეთ პირველი შეჯიბრი. ორგანიზებას ვუკეთებდი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
_ კურიოზები მრავლად გადაგხდებოდათ…
_ კი, სპორტსკოლის შენობაში ჩავატარეთ პირველი ქართველი ოსტატის, არჩილ ებრალიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი. ზამთრის პერიოდია და სოფლებიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, თოვლია ქალაქში. მე და ასალო გოგეშვილი გადამწყვეტ პარტიას ვთამაშობთ. აქვე გეტყვით, რომ ცხონებული ასალო უნივერსალური სპორტსმენი იყო _ ჩინებულად თამაშობდა ჭადრაკს, ფეხბურთს, კალათბურთს, მაგიდის ჩოგბურთს და სხვ. ჩვენი თამაშის დროს გამოიარა დურმიშხან ჩხაიძემ, სანადიროდ მიდიოდა და ძაღლებითა და თოფით შემოვიდა. ვატყობ, ყველა ასალოს მხარეზეა, თითქოს ფსიქოლოგიურად „მიტევენ“. მოკლედ, ის პარტია წავაგე და ასალომ დამსახურებულად მოიგო შეჯიბრი. დღესაც არ მჯერა, მაგრამ დურმიშხანი და სხვები ახლაც მიმტკიცებენ, რომ დაფიდან ეტლი მომპარეს. რადგან ასეთი მარტივი რამ ვერ მივხვდი, ჩავთვალე, რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ ვთამაშობდი.
კიდევ ერთ კურიოზს მოგიყვებით. გოჩა ზენაიშვილი დიდხანს ფიქრობს, შევხედე _ დაუცველი ჩაფარება აქვს, ანუ კი ჩააფარებს, მაგრამ ამ კუს მოუკლავენ და შამათია. კიდევ დიდხანს ფიქრობდა. მივედი და ვუთხარი, რა გინდა, წაგებული ხარ-მეთქი. დამიჯერა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა. ეს კადრი ფოტოგრაფმა დააფიქსირა. როცა გოჩას ვკითხე, რატომ ფიქრობდი ამდენ ხანს-მეთქი, რაღაც ვარიანტი იყოო. შევხედე სურათს და რას ვხედავ, ეს რომ კუს ჩააფარებს, მეტოქეს ქიში ეხსნება და საბოლოოდ, გოჩა იგებდა. მას შემდეგ, ასე აღარასოდეს ჩავრეულვარ.
_ ბატონო ნუგზარ, ცნობილი მოჭადრაკეებიდან ვისთვის მოგიგიათ. ვიცი, ნონა გაფრინდაშვილს ყაიმი დაუმთავრეთ, თანაც რამდენჯერმე…
_ პირველად, ჭადრაკის უნივერსიტეტში სწავლისას ზურაბ აზმაიფარაშვილი ლექციებს გვიკითხავდა. მას სსრკ-ის ჩემპიონატზე თვით მსოფლიო ჩემპიონ ანატოლი კარპოვისთვის ჰქონდა მოგებული. ერთობლივ სეანსში ზურაბს მოვუგე, ამ პარტიას ვიწერდი და შემდეგ, ხელი მოვაწერინე. მალე იგი დიდოსტატი გახდა. აზმაიფარაშვილის გარდა მოგებული მაქვს იგორ ეფიმოვთან, იური ავერბახთან, ელენე ახმიდოვსკაიასა და თამარ ხუხაშვილთან. ყაიმით დავასრულე ნონა გაფრინდაშვილთან (სამჯერ) და ედუარდ გუფელდთან.
_ ბატონო ნუგზარ, ისევ მხიარულ თემებზე გადავიდეთ, ვიცი, ბევრი კურიოზი გადაგხდენიათ…
_ (იცინის) კი, მართალი ხარ. ჯერ იმას გეტყვით, რომ ათწლეულების მანძილზე გრიგოლეთში სამაშველო სამსახურს ვხელმძღვანელობდი და ცურვა დღესაც არ ვიცი. ეგ არაფერი, მაინც ამირჩიეს „წყალმაშველის“ ცენტრალური საბჭოს წევრად, რა თქმა უნდა, ყველა პლენუმს უნდა დავსწრებოდი. ჩვენი უფროსი იყო ბრეჟნევის მეგობარი გენერალი კაცი, გვარად ზარელუა. ერთხელ დამაგვიანდა, ყველა ადგილები დაკავებულია და ზარელუამ გვერდით მიხმო. მოკლედ, პირდაპირ „ფრონტის ხაზზე“ აღმოვჩნდი. უფროსი მეუბნება, _ ამხანაგო ნუგზარ, ჩვენ აქ გვაქვს მსჯელობა სერიოზულ საკითხზე და შენი აზრი გვაინტერესებს _ მყვინთავმა რამდენი ხანი შეიძლება დაჰყოს წყალქვეშ? ამაზე არ მიფიქრია და ვერ გეტყვით-მეთქი. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე. აი, მაგალითად, შენ რამდენ ხანს გაძლებო, _ ზარელუა არ მეშვება. უფროსო, სანამ არ ამომიყვანებენ-მეთქი. მიხვდა, ცურვა რომ არ ვიცოდი, ჯერ სიცილით კინაღამ მოკვდა და მერე მოადგილეებს უთხრა, სამსახურში რომ ხალხს მივიღებთ, ის მაინც ჰკითხეთ, ცურვა თუ იციანო.
კიდევ ერთს მოგიყვებით: კარგი მუშაობისათვის ფრიადოსანი წყალმაშველის მედლით დამაჯილდოვეს. ეს მედალი შრომის გმირის ჯილდოს ჰგავდა. მაშინ რაიკომის მდივანი იყო ოთარ ღლონტი, რომელსაც ძალიან ვგავდი, მით უმეტეს, მაშინ, როცა შარვალ-კოსტუმს ჩავიცვამდი, ჰალსტუხს გავიკეთებდი და გულზე ამ მედალსაც დავიბნევდი. ჭადრაკში საერთაშორისო მიმომხილველი გახლდით და 150 საწარმო-დაწესებულებაში ლექციებს ვმართავდი, ლანჩხუთში მაშინ მარტო 40-მდე კოლმეურნეობა იყო. ყველგან რაიკომის მდივანი ვეგონე, პურ-მარილზე მპატიჟებდნენ, ტაქსში ფულს არ მახდევინებდნენ და მეგონა, უბრალოდ, მე მცემდნენ პატივს, თურმე „რაიკომის მდივან ნუგზარ გვარჯალაძეს“ პატიჟებდნენ.
_ ის როგორ იყო, ედუარდ შევარდნაძეს რომ შეეშალეთ რაიკომის მდივანში, მართლა ასე ჰგავდით, ცკ-ს პირველი მდივანიც ვერ მიხვდა?
_ ესეც გცოდნია (აშკარად გაუკვირდა). კი, მართლა ვგავდი და ის ამბავიც სწორია, შევარდნაძეს რომ შევეშალე. თბილისში ერთ-ერთ პარტიულ ღონისძიებას ვესწრებოდი. დარბაზიდან გამომავალი შევარდნაძე ჩემსკენ წამოვიდა, გადამეხვია, მომიკითხა და ლანჩხუთის ამბები მკითხა. მეც მოკლედ ვუთხარი. კიდევ კარგი, ჩაისა და ციტრუსის გეგმის შესრულება და ასეთები რომ არ მკითხა, თორემ ჩემი რაიკომის მდივნობა „გაიშიფრებოდა“ (იცინის).
_ მითხრეს, მეგრული და რუსული „წყალივით“ იცისო…
_ კი, ასეა. ჯარში ვისწავლე რუსული, შემდეგ _ დამოუკიდებლად. ბოლოს რუსულ სკოლაშიც ვასწავლიდი. ისტორიულზე როცა ვსწავლობდი, პროფესორმა სურგულაძემ მომცა წიგნი, რომ აუდიტორიაში წამეკითხა იალტის კონფერენციის დოკუმენტები. როცა წიგნი დავუბრუნე, ლექტორი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ წიგნი რუსულ ენაზე იყო და წაკითხვის პარალელურად ვახდენდი მის ქართულად თარგმნას. რუსული ისე კარგად ვისწავლე, რაიკომის მდივნის, ია წილოსანის წარდგენით, პირველმა მდივანმა ოთარ მენაბდემ საზოგადოება „ცოდნის“ მდივნად დამნიშნა.
_ მეგრული როგორღა ისწავლეთ?
_ 10 წელი სამეგრელოში ვიზრდებოდი და იქიდან ვიცი.
_ მითხარით, რუსულ სკოლაში ვასწავლიდიო. თქვენ ტექნიკუმებშიც კითხულობდით ლექციებს…
_ კი, რუსულის გარდა ქართულ სკოლებში ვასწავლიდი, ტექნიკუმებშიც… სხვადასხვა საგნებს: ისტორიას, პოლიტეკონომიას, ეთიკასა და ესთეთიკას…
_ ბატონო ნუგზარ, ამდენს როგორ ასწრებდით?
_ (იცინის) რა ვიცი… ვახერხებდი…
მამუკა ქანთარია
(ინტერვიუ ჩაწერილია 2006 წელს)





