რატომ არ გაიხსნა შუხუთის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და რა ბედი ელით ეწრის, ნინოშვილისა და ნიგოითის საჯარო სკოლებს?

|

Loading

შუხუთის რეაბილირირებული სკოლის შენობა

„გურია თუდეი“ 14 მაისს, საქართველოს მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. სკოლაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე გარე მოედანი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

შუხუთში ჩატარებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4 226 718 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკოლას ასევე სახურავი გამოუცვალეს, რაც 99 922 ლარი დაჯდა.

იყო მოლოდინი, რომ შუხუთის სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

„გურია ნიუსმა“ გაარკვია, რომ ამის მიზეზი სკოლაში წყლის მიწოდების პრობლემაა. აღნიშნულ ფაქტს გამოცემასთან საუბარში ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი იმნაიშვილიც.

„სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა. ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი და დაახლოებით 20 დღეში ჭაბურღილის საკითხი მოგვარდება“, _ ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი.

„უკვე მეხუთე სასწავლო წელია, სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის კარი გამოკეტილია და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის გაგრძელება კვლავ ნიგოითის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში უწევთ. თუმცა, ამჯერად ამბობენ, რომ პრობლემა მოკლე ვადაში მოგვარდება და სკოლა მშობლიურ კედლებს დაუბრუნდება.

სამაგიეროდ, კონკრეტული ვადები ჯერ არ არსებობს ჯურუყვეთის, ნიგოითისა და ნინოშვილის სკოლებთან დაკავშირებით. მაგალითად, სოფელ ეწერში მდებარე ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის საჭიროება დღის წესრიგში 2022 წლის გაზაფხულიდან დადგა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ალტერნატიულ ფართად მაშინ მეზობელ სოფელში მდებარე ნინოშვილის საჯარო სკოლა შესთავაზეს, სადაც სასწავლო პროცესი მეორე ცვლაში მიმდინარეობდა. 2023 წელს გურიაში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი მათ ნინოშვილიდან ლესის საჯარო სკოლაში მოუწიათ გადაბარგება _ კვლავ მეორე ცვლაში.

სოფელ ნიგოითში საბაზო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 2023 წელს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღო. დაპირების მიხედვით, ძველი შენობის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა უნდა აშენებულიყო.

შენობის დემონტაჟიდან მალევე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ადგილზე ტექნიკაც გამოჩნდა, წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო და საძირკვლის ორმოებიც გაითხარა. თუმცა, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დაწყებული სამუშაოები მალევე მიატოვა.

რაც შეეხება სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლას, ის 2023 წლის 8 სექტემბერს გურიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, გეოლოგების პირველადი დასკვნით, მოსწავლეების მისაღებად საფრთხის შემცველად ჩაითვალა“ _ წერს „გურია ნიუსი“ და სვამს კითხვას:

„რა ბედი ეწევა სოფლების _ ეწერის, ნინოშვილისა და ნიგოითის საჯარო სკოლების მშენებლობას?“.

გამოცემა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია და შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

სრულად წაიკითხეთ სტატია: „განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“