„ეს საკითხი სუფსის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰაერში ცემენტის მტვერი კატასტროფული მასშტაბით ვრცელდება“ – პრობლემა, რომელიც სოფელს 15 წელია აწუხებს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გაბრიელ მარშანიშვილი, მტვრის საზომი, ცემენტის ტერმინალი და მანქანა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მოსახლეობა ცემენტის დასაფასოებელი საწარმოს მიერ ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობს და შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირებას ითხოვს.

„რამდენ ხანს უნდა უწევდეს მოსახლეობას ასეთ პირობებში ცხოვრება?! საწარმოდან გავრცელებული მტვერი გვაწუხებს და გვიჩენს საფუძვლიან შეშფოთებას ჩვენი ჯანმრთელობისა და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის გამო. ჩვენც გვაქვს უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში. მოსახლეობის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი! მოვითხოვთ, შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ შეისწავლონ არსებული მდგომარეობა, შეამოწმონ ჰაერის ხარისხი და ქარხნის საქმიანობის გარემოსდაცვითი ნორმებთან შესაბამისობა“ _ ამბობს სოფლის მოსახლეობა და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას ითხოვს.

გაბრიელ მარშანიშვილმა 40 წელი ემიგრაციაში გაატარა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ჰქონდა სურვილი,  მშობლიურ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, შეექმნა მცირე ფერმერული მეურნეობა, ეწარმოებინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, დაესაქმებინა ადგილობრივი მოსახლეობა და ეცხოვრა ჯანსაღ გარემოში.

„ეს ყოველივე შეუძლებელია. სოფელში მოქმედი ცემენტის დასაფასოებელი საწარმოს – კომპანია „ჰანიველის“ (Honeywell, ყოფილი „ჰაიდელბერგცემენტი“) საქმიანობის შედეგად ჰაერში კატასტროფული მასშტაბით ვრცელდება ცემენტის მტვერი. დაბინძურებული გარემო არ მაძლევს საშუალებას, ვაწარმოო უსაფრთხო პროდუქცია, საფრთხეს უქმნის ჩემს ბიზნესგეგმებს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველდღიურობა გაუსაძლისი გახდა“ _ ამბობს მეწარმე.

აღსანიშნავია, რომ სუფსის მოსახლეობა 15 წელია პერიოდულად საუბრობს პრობლემის შესახებ. დაიწერა არაერთი ინდივიდუალური თუ კოლექტიური საჩივარი, არაერთგზის იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები. „თუმცა სახელმწიფოს მხრიდან დღემდე განხორციელებული რეაგირება შემოიფარგლა კომპანიის სიმბოლური, 1000-ლარიანი დაჯარიმებით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი არაეფექტური სანქციები არის მოსახლეობის აბუჩად აგდება, ვინაიდან საწარმო მარტივად იხდის ჯარიმას და კვლავ აგრძელებს გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის განადგურებას საკუთარი მოგების სანაცვლოდ“ _ ამბობს გაბრელ მარშანიშვილი და დასძენს, რომ მისი და მოსახლეობის მიზანი არაა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის უსაფუძვლო შეფერხება, მათი მოთხოვნაა, უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანოებმა ობიექტურად შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.

„გთხოვთ: განახორციელოთ სოფელ სუფსაში მდებარე კომპანია „ჰანიველის“ ცემენტის დასაფასოების საწარმოს საქმიანობის კომპლექსური შემოწმება გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით; უზრუნველყოთ უფლებამოსილი სპეციალისტების მიერ საწარმოო პროცესის დროს ჰაერში მტვრის გავრცელების ფაქტების ობიექტური შეფასება; ჩაატაროთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაბამისი ინსტრუმენტული გაზომვები და ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია საცხოვრებელ ზონაში; გამოავლინოთ საწარმოში მტვრის ფილტრაციის სისტემების გაუმართაობის მიზეზები და გაატაროთ კანონით გათვალისწინებული მკაცრი სამართლებრივი ზომები (მათ შორის, საქმიანობის შეჩერება) დარღვევების სრულ აღმოფხვრამდე“ _ აღნიშნულია წერილში, რომელიც სუფსის მოსახლეობის სახელით, გაბრიელ მარშანიშვილმა გაუგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას.

სუფსის მოსახლეობა დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფლის კრების მოწვევას და პროტესტის მწვავე ფორმებისთვის მიმართვას გეგმავენ.

„მივმართავთ პასუხისმგებელ პირებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და გარემოსდაცვით უწყებებს: ნუ დატოვებთ მოსახლეობას უყურადღებოდ! ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოზე. ეს საკითხი სუფსის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მის უყურადღებოდ დატოვებას აღარ ვაპირებთ. ჩვენ ვითხოვთ არა დაპირებებს, არამედ რეაგირებას და კონკრეტულ შედეგებს!” _ ამბობენ ადგილობრივები.

ცნობისთვის: სუფსაში, რკინიგზის მიმდებარედ, „ჰაიდელბერცემტმა“ ცემენტის ტერმინალი (დასაფასოებელი საწარმო) 2011 წლის აპრილში გახსნა და იმდროინდელი ინფორმაციით, მისი წარმადობა წელიწადში 400 ათასი ტონა უნდა ყოფილიყო.

„გურია Today“ შეეცდება ოფიციალური სტრუქტურებისგან აღნიშნულ თემაზე კომენტარი მოიპოვოს, რის შემთხვევაშიც სტატია განახლდება.