ლანჩხუთელი ოთარ გუნთაძე ერთ-ერთი პირველი არბიტრია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. იგი ჩოჩხათიდანაა, სოფელ ოდილაურიდან _ მისი მიბაძვით ათამდე მსაჯი რომ გაუზარდა ქართულ ფეხბურთს. წლების მანძილზე სფფ-ს სამსაჯო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ლანჩხუთში მას პატივს სცემენ და უყვართ, ამაყობენ კიდეც _ ერთადერთი გურულია, ფიფას მსაჯის სტატუსს რომ ატარებდა…
დღეს მას 65 წელი შეუსრულდა. მცირე შემოკლებით გთავაზობთ გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ასევე ლანჩხუთელმა ჟურნალისტმა, ღვთისავარ ანთაძემ მოამზადა:
ფიფას არბიტრი, სერგო კვარაცხელიას კვალდაკვალ
– 1993 წელს, იტალიაში გავლილი წარმატებული კურსისა და ნორმატივების ჩაბარების შემდეგ, გავხდი ფიფას არბიტრი. მალევე, 19 წლამდე ტურნირზე მიგვავლინეს დანიაში. მახსოვს, პირველი ირლანდია-შვედეთის კარგი შეხვედრა იყო. დებიუტის გამო, რა თქმა უნდა, ვღელავდი. თამაშის წესები კარგად ვიცოდით, მაგრამ , საერთაშორისო ასპარეზი მაინც სულ სხვაა… პირველი ქართველი ფიფას მსაჯი კი, ცოტათი უფრო ადრე, სერგო კვარაცხელია გახდა.
ამის შემდეგ საკმაოდ ბევრ თამაშზე ვიყავი მივლენილი, მათ შორის „ინტერტოტოს თასსა“ და ქალთა ფეხბურთზე.
ტრავმას თამაშს ნუ გადააყოლებ…
ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო შეხვედრის შემდეგ, შოტლანდიელი დამკვირვებლისგან შენიშვნა მივიღე. აღმოჩნდა, რომ დაშავებულის დასახმარებლად შემოსულ სამედიცინო პერსონალს, ზედმეტად ბევრი დრო მივეცი. როგორც ჩანს, საქართველოში ვიყავით შეჩვეულები, სანამ ფეხბურთელის მომჯობინებას ბოლომდე არ ეცდებოდნენ, შეხვედრა არ გაგვეგრძელებინა.
ნოდარ ახალკაცი საბჭოური მსაჯობის წინააღმდეგ
– 90 იანების დასაწყისში საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ ეროვნულ ჩემპიონატში და ჩვენც, საკმაოდ მომთხოვნები ვიყავით. გარდამავალი პერიოდი იოლი არასდროსაა. წესები მეტ-ნაკლებად საერთო იყო, მაგრამ მიდგომები მაინც განსხვავებული. ნოდარ ახალკაცი მაქსიმალურ პრინციპულობაზე მიგვითითებდა და ამბობდა, რომ საბჭოური მსაჯობის სტილი აღარ გამოგვადგებოდა.

ლანჩხუთელ მსაჯთა ბრიგადა, მარცხნიდან: მამუკა ნაკაიძე, ოთარ გუნთაძე, მურთაზ მირცხულავა. „გურიას“ 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მატჩი, 2004 | მამუკა ქანთარიას ფოტო
თუკი ფიზმომზადება წესრიგში არაა…
– მოსამზადებელ პერიოდს მთელი დატვირთით გავდიოდით. მსაჯი აუცილებლად უნდა იყოს ბოლომდე მზად სეზონისათვის და მთელი სეზონის განმავლობაში ტონუსში ყოფნა შეძლოს. ახლა გაცილებით გამარტივებულია ეს საკითხი, ჩვენი არბიტრებიც გადიან კვალიფიციურ კურსს.
შეცდომას ვიდეორეფერიც უშვებს
– აჩქარებული ტემპის პირობებში, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების დადგენას ტექნოლოგიები ძალიან ეხმარება. ადრე ეს ფუფუნება არ გვქონდა. შეცდომა მიზანმიმართული არ უნდა იყოს, ეს არის უმთავრესი.
შეცდომებს კი ვიდეორეფერიც უშვებს. თამაშში ბევრი კრიტიკული მომენტია და შენიშვნის მოძებნა რთული არაა.
კუიპერსი, შტარკი, ყრუაშვილი და კიკაჩეიშვილი
– თანამედროვე მსაჯებიდან ნიდერლანდელ ბიორნ კუიპერსს განსაკუთრებით გამოვარჩევ. აღფრთოვანებული ვარ გერმანული სამსაჯო სკოლითა და მისი წარმომადგენელ ვოლფგანგ შტარკით. ინგლისელებს განსხვავებული სტილი აქვთ, უფრო ხისტი ფეხბურთის თამაშისა და ჯარიმის ზღვარზე თამაშის საშუალებას აძლევენ…

საქართველოს თასის ფინალის მსაჯები, მარჯვნიდან: ოთარ გუნთაძე, თამაზ ლაცაბიძე, თემურ მაჭარაძე | 1994 წ., ბუტა ტალახაძის არქივიდან
ჩვენ მსაჯებს საერთაშორისო შეხვედრებს ანდობენ, ფეხბურთის ფედერაციამ ლევან ფანიაშვილის ორგანიზებით, ხელი შეუწყო მსაჯთა აკადემიის ფუნქციონირებას. ქართველი არბიტრებიდან გიორგი ყრუაშვილსა და გიორგი კიკაჩეიშვილს განსაკუთრებით გამოვარჩევ.
მსაჯი უნდა იყოს სტაბილური, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა, მაღალი დონის მისაღწევად.
მოვა დრო და გუნთაძე იტყვისო…
– ყოფილა შემთხვევები, იმდენად მომაბეზრებელი გამხდარა შეხვედრა (მაგალითად, დიდი სხვაობა იყო ანგარიშში), რომ თამაშის დროს ანეკდოტებიც კი მომიყოლია ფეხბურთელებთან.
…ერთ-ერთ შეხვედრის წინ თამაშზე გასვლისას შევამჩნიე, რომ ასისტენტს სპორტული ფეხსაცმელი არ ეცვა… მქონდა შემთხვევა, როცა ბარათები გასახდელში დამრჩენია.
დასავლეთ საქართველოში, ადგილობრივი კლუბის წაგების შემდეგ, ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. მოვასწარით მანქანაში ჩასხდომა, მაგრამ ძრავი არ ამუშავდა. იძულებულები გახდნენ, მანქანა აეწიათ და ხალხის მასას ასე გავერიდებინეთ…
რაც შეეხება გახმაურებულ მატჩს, როცა საჩემპიონოდ შემართულმა „სამტრედიამ“ რუსთავში ითამაშა. ხშირად იწერებოდა ამ მატჩზე – მოვა დრო და ოთარ გუნთაძე სიმართლეს იტყვისო. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ იგივეს ვამბობ, იქ არანაირი დავალება არ ყოფილა, გარდა ამისა, ვერ ვიხსენებ ისეთ მომენტს, რომ მსაჯების შეცდომას თამაშზე გავლენა მოეხდინოს. მახსოვს, მატჩის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილს კარგი საგოლე შანსი ჰქონდა და რომ გაეტანა, შეხვედრა სხვა შედეგით დასრულდებოდა.
უშეცდომო არავინაა და მეც დამიშვია შეცდომა. მახსოვს, ერთ-ერთ მატჩში, მეგონა, პენალტის შემდეგ, მეკარის მოგერიებული ბურთი მოხვდა ძელს და როცა დამრტყმელმა ფეხბურთელმა დაამატა, გოლი ჩავთვალეე, რაც წესებით, დაუშვებელია (ძელის შემთხვევაში, იგივე ფეხბურთელი ვეღარ დაარტყამს).
ყოფილა პროტესტი გუნდების მხრიდან. მსაჯისკენ ხელის გაშვერა ზოგადად იოლია. განტევების ვაცი არბიტრი აღმოჩნდება ხოლმე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეცდომას არ ვუშვებთ, მაგრამ ყველამ საკუთარი წილი უნდა ეძებოს ამა თუ იმ წარუმატებლობაში.





