„ფული რომ მოეტეხათ, პროექტი შეცვალეს და მას მერე ეს მონაკვეთი [ჯაპანა-გრიგოლეთი] იქცა კორუფციის ბუდედ… ჩინელმა [კონტრაქტორმა] სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა” _ კახა ასკურავა

|

Loading

„პროექტი, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, 2026 წელსაც ბოლომდე არაა მიყვანილი და 6 კმ მონაკვეთის გახსნას ზეიმობენ. კონკრეტულად ის მონაკვეთი, რაც კობახიძემ გახსნა, არაერთგზის ჩავარდნილი სამუშაოების ბოლო ვადებითაც კი, 2024 წელს უნდა დასრულებულიყო“ _ ასე გამოეხმაურა ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ცენტრალური ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი მიიჩნევს, რომ ავტობანის მშენებლობა კორუფციის ბუდედ იქცა და ამის გამო ვერ მოხერხდა სამტრედია-გრიგოლეთის სრულად დასრულება.

„ამ ტრასის ჯაპანა-გრიგოლეთის მონაკვეთის გარკვეული ნაწილი, პირვანდელი პროექტით, უნდა გასულიყო ხიმინჯებით, რადგან არსებული ნიადაგის გრუნტი არის არამდგრადი (ბალოტიანი) და მაღალი გამავლობის მანქანების ინტენსიური მოძრაობის გამო, გზა არ დაძირულიყო. ეს რისკი რადგან არსებობდა, პირვანდელი პროექტიც ამ რისკის პრევენციას მოერგო… რა მოხდა? ბევრი ფული რომ მოეტეხათ, რადგან ის პროექტი უფრო ძვირი ჯდებოდა, ადგნენ და პროექტი შეცვალეს და ტენდერიც ისე გამოაცხადეს… მას მერე ამ მონაკვეთმა უამრავი შემსრულებელი მოიცვალა, იქცა კორუფციის ბუდედ… ერთმა ჩინელმა სიცოცხლე თვითმკვლელობითაც კი დაასრულა, ისეთ უბედურებებში გაეხვა და მიუხედავად ამისა, დღემდე არაა დასრულებული ეს მონაკვეთი, ხოლო გარკვეული მონაკვეთები მართლაც იძირება. ხიდები, რომლებიც ხიმინჯებზეა, რჩება ადგილზე, გზა დაცილდება _ მოვლენ, ჩაკეტავენ, გადააგებენ, გზა და ხიდები ერთმანეთს რომ „დააწიონ“ და თუ ეს ასე არ არის,მოვიდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროდა ერთად გავიაროთ ეს თემა!” _ აცხადებს კახა ასკურავა.

„გურია თუდეის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ იყო, ჩინეთის მოქალაქე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, განმარტა, რომ საუბარია კონტრაქტორზე, რომელსაც ერთ-ერთი ლოტი ჰქონდა მოგებული.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, ლანჩხუთი-ხაჯალიის დარჩენილი 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ასევე დასრულდება.

„უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 60 კილომეტრზე კი სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება. 2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო დაგებული და ისიც _ ყველაზე მარტივი მონაკვეთი” _ აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

წაიკითხეთ უფრო მეტი: ლანჩხუთი-ხაჯალიის ავტომაგისტრალი სრულად გაიხსნა _ როდის დასრულდება გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა?