რატომ არ უნდოდა მამას მისი ექიმობა, როგორ „გაცოცხლდა მიცვალებული“ და ვის ჩაუტარა „პირველი ოპერაცია“ მე-6 კლასელმა იოსებ ჩიჩუამ [20 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ]

|

Loading

იოსებ ჩიჩუა (წინა პლანზე, მიკროფონით)

დღეს, ლანჩხუთის კოლორიტს და უსაყვარლეს ექიმს, იოსებ ჩიჩუას 85 წელი შეუსრულდებოდა. გაისად 20 წელი გახდება, რაც დაგვტოვა ადამიანმა, რომელმაც ჩვენი ქალაქის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ეს ინტერვიუ დაახლოებით 20 წლის წინ ჩავწერე. ბატონ იოსებს საავადმყოფოში მაშინ ვესტუმრე, როცა მორიგი ოპერაციიდან გამოვიდა:

_ ჰო, რა გინდებენ, ბაღნებო, ახლა რაცხა გლახა არ წამომცდეს… აბდლური თუ ვთქვა, არ დაწერო…

_ ბატონო იოსებ, „აბლურს” თქვენ არ იტყვით. მოდი, ბავშვობით დავიწყოთ…

_ ბავშვობა რა ვიცი, ახლა, კაი დროი არ იყო, ომი და უბედურება იყო, მარა ომი უძახე ახლა მაგას შენ და ბაღში თეთრი პური, კარაქი, დღეში ოთხჯერადი კვება იყო… მაშინ სა იყო კარაქი და კაი ცხოვრება, მარა ასე იყო, რასაც ვამბობ… შაბათ-კვირას ვისვენებდით და იმდენ „პაიოკს” გვატანდნენ მე და ჩემს ძმას, ორშაბათამდე მთელი ოჯახი იმით იკვებებოდა…

_ როგორც მითხრეს, თქვენი მშობლები სულ კარგ თანამდებობებზე იყვნენ და ასე გიჭირდათ?

_ ომი იყო, ბაღნებო და ყველგან გაჭირვება იყო. მამა დასახიჩრებული დაგვიბრუნდა. გერმანელები საქართველოს რომ მოადგნენ, აი იქინე დაჭრეს. ომის დროს ბათუმში გადავედით. დედაჩემი აგრაფინა ჯორბენაძე უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომელი იყო, საკანდიდატო უნდა დაეცვა, მაგრამ ომი დაიწყო და ბათუმში ბიძის ბინაში გადავედით. დედას მართლა დიდი მომავალი ჰქონდა, სტუდენტობის დროს კითხულობდა უკვე ლექციებს.

მოკლედ, ოჯახის გამო, მან კარიერა მიატოვა. პაწე რომ გამოკეთდა სიტუაცია, ბაბუამ ლანჩხუთში ხის სახლი იყიდა და აქ გადმოვედით. აქანე გაიხსნა ქალთა სკოლა და მერე იმის დირექტორი იყო. ადრე გოგოები დილით სწავლობდნენ, ბიჭები _ ნაშუადღევს და ამიტომ გადაწყვიტეს ქალთა სასწავლებლის გახსნა. მამა _ ევგენი რაიკავშირის თავმჯდომარე იყო. მამა რომ წავიდა, მას მერე დეიმხო რაიკავშირი და გადაკეთდა რაიკოოპერატივად. ამ დროს ბაღნები, ფაქტიურად, უპატრონოდ ვიყავით, მთელი დღე სკოლის მერე ქუჩაში დავწანწალებდით, კი არაფერს ვაშავებდით, მარა დედამ ჩვენს გამო სკოლაც მიატოვა და ჩვენ გვივლიდა.

მამაჩემი სულ პასუხსაგებ თანამდებობაზე იყო. რაიკომის მდივანი გახლდათ აქ ამბროსი რამიშვილი, მამა სულ თან მიჰყავდა: ჯერ ლაგოდეხში წაიყვანა და მერე _ ფინანსთა სამინისტროში. ბატონი ამბროსი პირველი პირი რომ იყო, მამას წამყვანი განყოფილება ებარა. მას ახლა სორბონის უნივერსიტეტი არ ქონდა დამთავრებული და არც ინგლისურად ლაპარაკობდა, მარა ნიჭიერი კაცი იყო. მამამ ამიერკავკასიის უნივერსიტეტი დაამთავრა…

„ოჯახი ჩემი მთავარი სიმდიდრე და სიამაყეა“

19 წლის უკვე პარტიაში მიიღეს. ახლა კი იძახიან კომუნისტებზე, მარა მაშინ მაგენი იყვნენ. მამამ ჩაუყარა საფუძველი მეფრინველეობის ფაბრიკის შექმნას რაიონში. იქამდე საკონსერვო ქარხანაც საქართველოში მესამე ლანჩხუთში ჩამოიტანეს. ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი იყო ბარიგიანი, სომხური გვარით, მაგრამ ქართველობდა. ლესაში ვიღაც კუნჭულიას ოჯახში მოჯამაგირედ ყოფილა და ლანჩხუთლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამაჩემი შეუჩნდა. მთელი აი მრეწველობის ხალხი ლენინურ შაბათობაზე იქ მუშაობდა, მეც სტაჟის გულობიზა…

_ მაშინ სკოლის მოსწავლეები მუშაობდით?

_ აბა, ვსწავლობდით და კიდევ ვშრომობდით… სკოლა წარჩინებით დავამთავრე, ვერცხლის მედალზე, უმაღლესი _ წითელ დიპლომზე, ყველაზე პრესტიჟული ფაკულტეტი — სამკურნალო საქმე ავირჩიე, გინდა ქირურგი გამოხვიდოდი, თერაპევტი, მეან-გინეკოლოგი და მოკლედ, რაც შენ გინდოდა…

_ სკოლის ამბები და კურიოზები გაიხსენეთ…

_ რა გავიხსენო ახლა, გასახსენებელის მეტი რაა…

_ აი, ყველაზე მეტად რაც გახსენდებათ, თუნდაც შატალოები?

_ რაის შატალო, სა იყო შატალო!

_ ნუთი, არასდროს გაპარულხართ?

_ აპ, აპ… რაის შატალო, გაგითათხავდნენ თავს, რომელი შატალოზე იყო ლაპარაკი.

_ ჩხუბიარ გქონიათ, თუნდაც გოგოს გულისთვის?

_ არა, რაის ჩხუბი… ერთი კი მახსენდება. აქანე ცენტრში იყო პურის საცხობი, გოგია სამსონია და სამსონა ებრალიძე იყვნენ მცხობელები. ზაფხულში სკოლაში რომ ფანჯრებს გავაღებდით, ოთახში შემოდიოდა პურის სუნი, ცხვირში შეგვიღიტინებდა და გონებას გვიკარგავდა. ჭადზე ვიყაით სულ… 52 წლიდან ცხოვრება გარმონივით უცბათ ავარდა და ფასებიც დეიწია… მერე ყველაფერი იყო.

_ სკოლის პერიოდიდან გასახსენებელი სხვაც ბევრი გექნებათ…

_ მაგის მეტი რა იყო. ერთხელ, ამხანაგმა მარტინა მათეოსიანმა მასწავლებელი ისე გააბრაზა, მანაც ქოში გაიძრო და გაუხსნა შუბლი. 2 მანეთი მქონდა, „ბინტი” ვიყიდე და თავი შევუხვიე. მეექვსე კლასში, ეს იყო ჩემი „პირველი ოპერაცია“…

_  ბატონო იოსებ, რატომ აირჩიეთ ექიმობა და თან ქირურგობა?

_ ექიმობა არ მინდოდა, უფრო არქეოლოგიურზე ვფიქრობდი, მარა მერე მშობლები ავად გახდნენ და ეს პროფესია ვარჩიე. ისე, მამაჩემს არ უნდოდა, საექიმოზე რომ ჩამებარებინა, უპატიოსნესი კაცი იყო და ფიქრობდა, ექიმს ფულს აჩეჩებენ და შვილი გამიფუჭდებაო! წარმოიდგინეთ, კაცი იმიზა არ მიშვებდა სამედიცინოზე, ფულს იღებენ და ბაღანაი გამიფუჭდება, კაცად არ ჩამოყალიბდებაო.

_ თქვენ კი მაინც არ „გაფუჭებულხართ”, პირიქით, ყველას სიყვარული დაიმსახურეთ. ეს როგორ მოახერხეთ?

_ რა ვიცი, შვილო, ადრე ექიმები მართლა ყველას ვუყვარდით…

_ თქვენ ახლაც ყველას უყვარხართ! პირველი ოპერაცია გაიხსენეთ…

_  ასე არ იყო, ახლა შევედი ოპერაციაზე და მე ვარ, რაც ვარ-მეთქი. ორი კაცი მადგა თავზე და ხელის ერთი პაწე გადაქნევა, იმწუთას შემბოჭავდნენ.

_ მანამდე ინსტიტუტის ამბებიც უნდა მომიყვეთ, მისი „მიმყოლ-მომყოლი” კურიოზებით, მხიარული ამბებით…

_ მხიარული არ იყო ყველაფერი? არ ვსვამდი, მახსოვს იგიც, ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, ფულს მე მაბარებდნენ. ინსტიტუტის ნაკრებშიც ვიყავი. ხელბურთსაც ვთამაშობდი, კარში ვიდექი. ერთხელ იმფერი დამირტყეს, აი პატარა ბურთი თავში რო მომხვდა, ათი წუთი უგონოდ ვიყავი… სტუდენტობის დროს სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ვემზადებოდი, ინგლისურზეც დავდიოდი, თემაც მქონდა აღებული გინეკოლოგიაში… მაგრამ მამას სიმსივნე განუვითარდა, ძმა ჯერ კიდევ სწავლობდა და მე დავბრუნდი ოჯახის მოჭირნახულედ და დავრჩი აქანე.

_ და ლანჩხუთელთა მშველელადაც მოგვევლინეთ…

_ რა ვიცი, მაგი ხალხმა უნდა თქვას. ჯერ ცოტა ხანი შუხუთის უბანში ვიყავი, მერე მთავარმა ქირურგმა ალექსანდრე გუგუციძემ ჩემი ქირურგიაში გადაყვანა ითხოვა. რაიონის მთავარი ექიმი ვანიჩქა იმნაძე კი განაწყენდა, შუხუთის უბანი გამიუქმდებაო, მარა გუგუციძემ დაამშვიდა _  ვანიჩქა, აგერაა, ყურის ძირში შუხუთი, ანდა რა იმფერი უბანი იქინე გაქო.

ცნობილი ლანჩხუთელები (წინა პლანზე, მარცხნიდან): იური თევზაძე, ჟორა წილოსანი, იოსებ ჩიჩუა, გიორგი გეგიაძე [2006 წ.]

40 წელია უკვე, აქ ვმუშაობ… 21 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე და 1986 წლიდან ქირურგიულ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. არ მინდოდა ეს დამატებითი პასუხისმგებლობა, სახლი მქონდა ასაშენებელი, ოჯახში ბევრი საქმე და ისედაც დატვირთული ვიყავი განყოფილებაში, მარა შემომიჩნდნენ და… სახლიც აშენდა, ყველაფერი და აგერ შემოვრჩი ამ სამსახურს. მანამდე თვეების მანძილზე ვიყავი განყოფილების გამგე და ბოლოს ირაკლიმ მითხრა, მენაღარიშვილმა _ სანამდე გინდა იმაიმუნო, აი ლანჩხუთი შენ და შენნაირებმა სასაცილო გახადეთო და უარი ვეღარ ვუთხარი.

_ თქვენ ცნობილი თამადა ხართ, არადა, სტუდენტობისას არ ვსვამდიო, მეუბნებით…

_ არა, გამორჩეული თამადა მე არ ვყოფილვარ, ორ-სამჯერ ქორწილში და 4-5-ჯერ ქელეხის სუფრაზე მომიწია. ვიწრო წრეში კი ხშირად, ანეგდოტებით და ხუმრობით მიმყავდა… ახლაა დალევა?! დალევენ და დეიწყებენ დანების ტრიალს, სისხლი გაგვიშრეს. ადამიანის ფსიქოლოგია შეიცვალა, აი თაობა დეიკარგა. პაპიროსის ფული რომ არ აქვთ, რაზე უნდა ილაპარაკო? კაცი ქალიზა ბეჭედს ვერ ყიდულობს! აბა, მარტო იი კი არ არაა საქმარისი…

როის დევიწყე დალევა? მერე, ქირურგობა რომ დევიწყე. მოხელის არ იყოს, მოხელე დაულევლად არ ვარგა… ჩვენც მოხელეები ვართ, ქირურგები. ახლა რომ ამბობენ, ექიმები ოპერაციამდე სვამენო, მაგი ტყუილია. ჩვენთან მაგი არ ყოფილა. შაყირობენ, თვარა შეიძლება ნასვამი იყო და ოპერაციაზე შეხვიდე, მარა სპეციალურად დალიო და გაბრუვდე, მაი აბდლურია. ახლა კიდე ექიმებზე ამბები რომაა ატეხილი, მაგი არის ფარსი. რაცხა შეიძლება იშვიათად იყო შეცდომა, მარა ექიმებს ყველაზე მეტად გვინდა ავადმყოფის გადარჩენა, აი ჩვენი პრესტიჟის, სიამაყის ამბავია და მორალური ვალდებულებაა. ახლა თუ მკვდარს მეიყვანებენ, მაგას ექიმი რას უზამს?!

_ ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენეთ…

_ ეს იყო სამოქალაქო ომის დრო. რაც უნდა იძახონ, ლანჩხუთის საავადმყოფო სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ყველასგან იოლად მისადგომია. მაშინ ირაკლი მენაღარიშვილი და ავთო ჯორბენაძე გვეხმარებოდნენ ძალიან. ათდღეობით სახლში ვერ მივდიოდით, 24-საათიან დაძაბულ მუშაობაში ვიყავით. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, რთულიც… მართლა ძალიან გვეხმარებოდნენ და იმდენი ბამბა და „ბინტი” მოგვიტანეს, სამი წელი გევიტანეთ თავი.

_ ჯორბენაძეს და მენაღარიშვილს ახლოს იცნობთ

_ ესენი ჩემი პრაქტიკანტები იყვნენ და ვარბენინებდი აქეთ-იქით, კარგად ასრულებდნენ დავალებას და მეც მეტი რა მინდოდა (იცინის). სამ-ოთხ დღეს ვაძლევდი სუფრისთვის და გვქონდა კაი ქეიფები… ექიმობაზე უფრო კაი ორგანიზატორები იყვნენ და ხელმძღვანელად მართლა მაგრები არიან. სულ გვერდში გვედგნენ, კარგი პიროვნებები არიან და ლანჩხუთს ყოველთვის ეხმარებოდნენ… პირველად ჩვენ ვიღებდით წამლებს, საქართველოში რაც შემოვიდოდა.

_ ოჯახში ყველა ექიმი რომ ხართ, რა ამბავია? კომუნისტების ლოზუნგი იყო _ პროლეტარებო, შეერთდითო და არა ყველა ექიმმა ჩიჩუების ოჯახში მოიყარეთ თავიო…

_ ჰო, რა ვიცი (იცინის). მეუღლე მანონი ჯიჯიეშვილი არის ექიმი-გინეკოლოგი. ერთი შვილი _ ევიკოც გინეკოლოგია. სახლში, ტახტზე წამოწოლის მეშინია, ცოლ-შვილს ფეხმძიმე არ ვეგონო (იცინის).

ვერიკოც ექიმია, რძალიც, უმცროსი ვაჟი გიორგიც საექიმოს ამთავრებს. მაგენს რაცხა გონიენ აი ექიმობა, არადა, ევიკო მათემატიკაში იყო ძალიან ძლიერი და ვურჩიე, მაგას გაჰყოლოდა, ახლა საცხა კაი ადგილზე იქნებოდა. ვერიკო ხუთ ენაზე ლაპარაკობს: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ქართული და მეგრულიც იცის…

_ თქვენც იცით მეგრული?

_ აპა… რაის მეგრული!

_ ბატონო იოსებ, რამდენი წლის იყავით, როცა დაოჯახდით?

_ 31-ის ვიყავი, მარა რა გინდა, ბიძია, ნეტაი არ დავოჯახებულიყავი… თავისუფალი ვიქნებოდი ყველაფრისგან (იცინის)… ვმასხრობ რაცხას… ჩემი ოჯახი ჩემი სიმდიდრე და სიამაყეა!

_ სიდედრ-სიმამრთან როგორი ურთიერთობა გქონდა, იოსებ? _  კითხვა შემოგაშველა ასევე ყველასთვის საყვარელმა ექიმმა, ნუგზარ ურუშაძემ…

_ ყველადღე პირზე კოცნით ვიყავი. სიდედრი კაი ქალი იყო, სიმამრიც არაჩვეულებრივი პიროვნება… 5 ათასი კაციზა ქონდა მისჯილი, პროკურორი თუ მოადგილე იყო.  ახლა პროკურორი კი არა, ექიმი არ უყვარარიენ, ისთე წევიდა საქმე (იცინის).

_ ბატონო იოსებ, „საექიმო კურიოზები” გაიხსენეთ და შეგვეშვით…

_ ოო, ამფერი ბევრი ყოფილა… ზოგი საგაზეთოდ არც მეიყოლება. კურიოზი არაა, პაციენტი რომ მოვა და იმფერებს ვეუბნები, გარბის (იცინის).

ერთხელ მეგობარმა ვეტექიმმა, გვარად ურუშაძე იყო, კაი კაცი, დამირეკა ტელეფონზე და გასინჯვა მთხოვა. მაგარი გრიპი ჰქონდა. ვკითხე, სიცხე რამდენია, რა აწუხებდა და ა შ. ძამა, მე საქონელი ამფერ კითხვებზე ხომ ვერ მიპასუხებს, თუ კაი ექიმი ხარ, ისთე უნდა მიხვდეო. გამოვუწერე წამლები და მის მეუღლეს ვეუბნები _ აი, წამლები ასვი, 2 დღე უყურე და თუ არ მუუხდა, დაკალით, არ იზარალოთ და ხორცად მეიხმარეთ-მეთქი. მერე ავადმყოფს მივუბრუნდი, ასთე იცით ვეტექიმებმა-მეთქი.

ერთი ამბავი სამტრედიაში გადამხდა. ფილატოვი იყო, თვალის ცნობილი ექიმი მთელ საბჭოეთში და როცა გარდაიცვალა, საფლავზე მისი სურათი თვალში ჩასვეს. სამტრედიაშიც გარდაიცვალა თვალის ექიმი და მიბაძვით, იგივე გააკეთეს. ჩემს გვერდითაა ექიმი-გინეკოლოგი, ახლა სახელსა და გვარს არ გეტყვი, ყველამ მიხვდება და ვეუბნები _ ძამა, ღმერთმა ასი წელი გაცოცხლოს და როცა მოკვდები, შენი სურათი რაში უნდა ჩასვან-მეთქი.

კიდო რა მოგიყვეთ. ერთი მოიყვანეს, ბლის ხიდან გადმოვარდნილა და ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვუთხარი: კაცო, აი ტალახიანი ფეხი რომ მომიტანე, პაწე ბალიც ვერ გამეიყოლე-მეთქი და მოკვდა ყველა სიცილით.

ჰო, აგი არ დამავიწყდეს. ასაკიანი ავადმყოფი მოგვიყვანეს, ადრეც ნაოპერაციები. მოკლედ, მუცელი „დასვარკული” ჰქონდა და კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, თან რთული და გამოყვანის პროცესი გაგრძელდა. ფსიქოლოგებიც მოვიყვანეთ. პალატაში შვილი დაელაპარაკა, ხმა არ გასცა. გაგიჟდა, კვდებაო და სახლში წაუყვანია. შვილს კი მღვდელი მიუყვანია, მკვდარიაო და წესი აუგეო. შუა რიტუალის დროს, გამოფხიზლდა აი კაცი, დაინახა სიტუაცია, მოვკვდიო _ იფიქრა, წამომხტარა აი „გარდაცვლილი“ და საწყალი მამაოსთვის მუცელში ისეთი ჩაურტყამს, რომ… ამ ამბავზე ამ კაცის დავარდნილი მეუღლე შიშისგან ფეხზე წამომხტარა და გუუვლია. აი, ნამდვილი ამბავია, მოგონილი არ გეგონოს.

რას იტყვი, საკმარისია?

_ ერთი-ორიც კიდევ…

_ ჩვენდა ახალი წელი არაა და არც ერთი დღესასწაული. როდის დაგიძახებენ, არავინ იცის. პირველი იანვარია და მოიყვანეს კაცი, გოჭის ძვალი ჰქონდა გაჩხერილი. ხორცი კი უჭამია და ახალ წელს ძვალი მე მომიტანა.

კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: შორეული სოფლიდან ჩამოვიდა კაცი და მეუბნება, ოპერაცია უნდა გამიკეთოო. ახალდაწყებულია, როცა პაციენტმა ოპერაციის თანხა უნდა გადაიხადოს. ფული არ მაქვსო, მითხრა. რას ვიზამდი, კაცს ხომ არ მოვკლავდი, მარა მანამდე ხუმრობა დავუწყე. ძამა, ფული თუ არ გაქვს, ძროხა გეყოლება, გაყიდე და ფული შემოიტანე-მეთქი. არ მყავსო. არც ღორი ჰყოლია, არც ქათამი. კაპიკს ვერ გადაიხდის, მაგრამ ახლა სადარდებელი მომიმატა, საახალწლოდ საჭმელი არ ჰქონია-მეთქი. გოგია უშვილს ერთი ღორი რომ მოპარეს, მეორე შეაგდო გასასუქებლად და დღეს ერთი ქათამიც რომ მოგპარონ, აგიც ცუდია. ჰოდა, ამ პაციენტს ვუთხარი: ძამა, შენ ისედაც მოკვდები შიმშილით და მე რას მაკლავ თავს, ოპერაციას რეიზა მაკეთებიებ-მეთქი. კიდო რა გინდებენ, მითხარი…

_ ფოტოებს თუ შეგვირჩევთ, მადლობას გეტყვით.

_ რა შეგირჩიო, ბიძია. რაც ქალი მევიყვანე, სურათი ვინ გადაგაღებინა. ახალგაზრდობის სურათები რაცხა კი იყო, იქიდან გამეიყვანეთ, ახლა ულვაშებს ნუ მიმიხატავთ და… სურათები კი მქონდა, ქალებმა თუ არ დაწვეს ცეცხლში (იცინის). ვმასხრობ რაცხას, ფოტოებს კი ვნახავთ…

მამუკა ქანთარია