„ყველაზე ადრე დედა წვებოდა, რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი. ის ადრე მოკვდა, ვინ იცის, ჩემთვის ცივი სამარის გათბობაც სურდა“ _ ტარიელ ჭანტურიას სუფსის სახლი ესიზმრებოდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ტარიელ ჭანტურია

კონიაკს დალევ?

მანგოს წვენს!

უნდა გაკოცო!

მაკოცე!

შენ არ მაკოცებ?

მე არა!

მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!

ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მკითხველთან შეხვედრა გახლდათ, ყველაზე დიდი ჯილდო კი _ მისი სიყვარული. პირველი ლექსი _ „ნადირობა“ 1951 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გამოაქვეყნა, აქედან 13 წელიწადში კი პირველი კრებული _ „ლტოლვა“ გამოვიდა.

მომავალი სასიქადულო პოეტი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში 1932 წლის 11 ივლისს დაიბადა.

„ისეთ ოჯახში გავიზარდე, რწმენის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ჩემი მშობელი სკოლაში არავის დაუბარებია, რადგან ორივე კატორღაში იყო… ამ თემაზე არ მსიამოვნებს ლაპარაკი… მაგრამ მე მაინც სულ მქონდა რწმენა, რომ რაც აქ ასე რთულია, არ შეიძლება იყოს მარტივი – იქ. მამაჩემი ძალიან ნიჭიერი და ტრაგიკული კაცი იყო, არ უყვარდა კომუნისტები. 1924 წლის აჯანყების დღეებში ერთი უბრალო ფრაზის გამო დააპატიმრეს. გადასახლებიდან ბებიაჩემმა იხსნა, რომელსაც 8 შვილი ჰყავდა. დაპატიმრების შემდეგ მამა ბათუმში გადაიყვანეს, ციხის უფროსი მისი ძუძუმტე აღმოჩნდა. ბებია მასთან მივიდა, მუხლებზე დაემხო და შვილის შეწყალება სთხოვა. ის კაცი პატიოსანი აღმოჩნდა და მამა გაათავისუფლა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ის დახვრიტეს. ცოტა ხანში კი მამა სხვა ბრალდებით დაიჭირეს“ _ იხსენებდა პოეტი 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ტარიელ ჭანტურიამ სუფსის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ფიზიკა-მათემატიკური განხრით აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ…

„მაშინ ოქროსმედალოსანს უფლება ჰქონდა, ატესტატი ნებისმიერ სასწავლებელში მიეტანა, თავად კი თუნდაც ზღვაზე დასასვენებლად წასულიყო. მე უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მსურდა, თუმცა მწერლობაც ძალიან მიყვარდა. ჩამოვედი თბილისში და ფიზიკის ფაკულტეტის დეკანატში მივედი, სადაც მხოლოდ მდივანი დამხვდა, რომელსაც ეძინა. მოპირდაპირე მხარეს კი უამრავი ხალხი შეკრებილიყო, შეძახილები ისმოდა, ერთი ამბავი ჰქონდათ. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი? თურმე ახალგახსნილი ყოფილა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ყველა მედალოსანს იქ სურდა ჩაბარება, მაგრამ მხოლოდ 12-ს იღებდნენ 25 კაციდან. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, კარგი რომ ყოფილიყო ფიზიკის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკისთვის არ დახოცავდნენ ერთმანეთს, ამიტომ დავხიე განცხადება და ამ უკანასკნელისკენ გადავინაცვლე. ჩემი მეგობარი – ვახტანგ ჯავახაძეც იქ იყო. კომისიამ ჯგუფი გამოყო, რომელიც განცხადებებისა და ავტობიოგრაფიების მიხედვით შეარჩევდა მედალოსნებს. აღმოჩნდა, რომ კარგად მქონდა დაწერილი და შესაბამისად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოვხვდი _ ესეც იგივე ინტერვიუდანაა.

მაშინ იგი ლექსებს უკვე წერდა: „ჩემს ჯგუფში ყველა წერდა: ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, რეზო ინანიშვილი და სხვები. მეც დავიწყე წერა, თუმცა მანამდეც მქონდა რამდენიმე ლექსი… ძალიან საინტერესო ჯგუფი იყო, მჩქეფარე ცხოვრებით ვცხოვრობდით. უნივერსიტეტში ლიტერატურული წრე არსებობდა, რომელიც გამოსცემდა ალმანახს “პირველი სხივი”. დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა, კვარტეტიც კი გვქონდა ჩამოყალიბებული. ყოველგვარი ტრაბახის გარეშე ვამბობ – კარგად ვმღეროდით. იმ დროს, 60-70-იან წლებში, მოდაში იყო რესტორანში ღვინის გაგზავნ-გამოგზავნა, სუფრების გადახდაც. ერთი ბოთლის ფულით შევიდოდით, წავიდოდა სიმღერა და წამოვიდოდა ღვინო, იხდიდნენ სუფრას. გული მწყდება, ისეთი სიმღერები იყო… როგორ ჭკუა არ გვეყო, რომ ერთი სიმღერა მაინც ჩაგვეწერა და დაგვეტოვებინა. წავიდა ის ხალხი… ხალხურსაც ვმღეროდით, ქალაქურსაც, ყველაფერს. “ – იხსენებდა ტარიელ ჭანტურია.

მან ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავდა ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1893), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. მასვე ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

მარცხნიდან: საქართველოს დამსახურებული პედაგოგი დარეჯან ქინქლაძე, მთარგმნელი ოთარ ნოდია, პოეტები: ჯანსუღ ჩარკვიანი და ტარიელ ჭანტურია | ქ. ლანჩხუთი, 1985 წლის 19 აპრილი

ამბობდა, რომ ზოგჯერ ცხოვრება ჭუჭყიან კომპრომისებზე წასვლას გავალდებულებს, მაგრამ მწერალი ამას არ უნდა დათანხმდეს, – ჩვენ ხომ ანგარიშს მკითხველს ვაბარებთო: „ასეთი კომპრომისის აუცილებლობის წინაშე ხშირად აღმოვჩენილვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისთვის არასდროს მიღალატია. კომუნისტური რეჟიმის დროს სავალდებულოც კი იყო კომპრომისზე წასვლა, მაგრამ 60-იან წლებში ეს რეჟიმი თანდათან დასუსტდა, თუმცა ზოგიერთი მწერალი თუ პოეტი მაინც ანგარებით მოქმედებდა. გონიერმა მკითხველმა, რომელიც თვალს ადევნებს ამ პროცესებს ათეული წლების მანძილზე, კარგად იცის, თუ ვინ ღალატობდა ნამდვილი მწერლის მორალს. ეს მარადიული პრობლემაა, რომელიც თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას. დღეს თუ რომელიმე მწერალი ხელისუფლების მლიქვნელია, მისი წინაპარი იმპერატორის და მეფის მლიქვნელი გახლდათ…“

ტარიელ ჭანტურია აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მათ შორის, თანარაიონელ ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც ერთ-ერთ ინტერვიუში ევროპაში ყველაზე დიდი შებერტყილი უწოდა:

„ცენზურას არაფერი ეშველებოდა. მთავარი მაინც ის იყო, რომ შენი მორალი უნდა დაგეცვა ტანჯვის ფასად, სიღარიბის ფასად, დამცირების ფასად. რამდენჯერ მოვხვედრილვარ შევარდნაძის მოხსენებაში. თავის დროზე, გაზეთ „მამულის“ რედაქტორად დამნიშნა რუსთაველის საზოგადოებამ, მისი გაზეთი იყო. მაშინ შევარდნაძე მოსკოვში მუშაობდა. შეშინებული გაზეთი იყო, მაგრამ კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა, როგორც შეეძლო. გავრცელდა ხმები, შევარდნაძე უნდა ჩამოვიდეს საქართველოს პრეზიდენტადო. მაშინ გამოვაქვეყნე წერილი: „კიდევ ერთი ჭორი“, სადაც ვწერდი: „ხმები დადის ასეთი, რომ შევარდნაძე უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი? თავისუფლების წყურვილის გამჟღავნებისთვის გოგო-ბიჭების დამხვრეტი, საკუთარი ძმაკაცის დამხვრეტი…“ და ასე შემდეგ… ჩამოთვლილი მქონდა სხვადასხვა ფაქტი. დაიბეჭდა თუ არა გაზეთი, მეორე დღეს შევარდნაძეც ჩამოფრინდა მოსკოვიდან. წავიდა, დმანისი, ბოლნისი მოიარა. მერე, საღამოს, ტელევიზიით გამოვიდა და ბევრი ილაპარაკა… უცებ ამბობს: „რა მინდოდა, მეთქვა. მწარე წერილი დაბეჭდილა ჩემზე. მე მინდა ვუთხრა ჩემს საქართველოს, მშობლიურ ქვეყანას, რომ ჩემი იქ, კრემლში, მარტო არსებობის ფაქტიც კი უზარმაზარი სიკეთეა საქართველოსთვის.“ გავიდა რამდენიმე თვე და 11 ივლისს ჩემი დაბადების დღეა. გადავშალე ერთ-ერთი გაზეთი და ვხედავ, შევარდნაძე მილოცავს დაბადების დღეს – მე, „კიდევ ერთი ჭორის“ ავტორს. აი, მაშინ მივხვდი, რომ ევროპის მასშტაბით ამაზე დიდი შებერტყილი არ არსებობდა“.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, საქართველოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.

ძალიან წუხდა, ლანჩხუთში სახლი რომ არ ჰქონდა, ამბობდა, რომ მშობლიური კერა მუდამ ესიზმრებოდა:სახლი მქონდა სოფელ სუფსაში და გავყიდე, რადგან ერთხელ ჩავედი და ასეთი სცენა დამხვდა: ჩემი კარის მეზობელი, რომელზეც გადაყოლილი ვიყავით, ჩვენს ღობეს არღვევდა და ცეცხლში შესაკეთებლად ეზიდებოდა. გული დამწყდა, რადგან ბავშვობა იქ გავატარე. 25-26 წლის ვიყავი, როცა იქიდან წამოვედი. სახლის გაყიდვა არ შეიძლება: როგორც კი ბალიშზე თავს დავდებდი, ის სახლი მესიზმრებოდა…

ხშირად წერდა თავის მშობლებზე. მამისთვის მიძღვნილი ლექსიდან:

სველდება გვიმრა, სველდება ბარდი,

სველდება ბზის და  ნეკერჩხლის ტოტი,

და  მესმის: „შვილო, ჰო, ახლა წადი,

და  მერე… ერთხელ… ოდესმე… მოდი…

დედაზე წერდა: „ყველაზე ადრე დედა წვებოდა, რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი. ის ადრე მოკვდა, ვინ იცის, ჩემთვის ცივი სამარის გათბობაც სურდა“.

„გურია თუდეი“ გამოხატავს დიდ მწუხარებას დიდი ქართველო პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს სრულიად საქართველოს.