რეაქცია „გურია თუდეის“ წერილზე: „ლანჩხუთში სკვერს ზურაბ თავართქილაძის სახელი 2023 წელს მიენიჭა“, მაგრამ ეს ოჯახმა არ იცოდა, მემორიალური დაფა დღემდე არ გაკეთებულა, მაპ-შიც სკვერი სხვა პირის სახელს ატარებს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ნინო მშვიდობაძე, საკრებულოს გადაწყვეტილება, ნავთობბაზის ეზო, ზურაბ თავართქილაძე

„გურია თუდეის“ სტატიას _ „ლანჩხუთში დღემდე ვერ მოვაბით თავი ერთ-ერთი სკვერისთვის იმ გმირის სახელის მინიჭებას, რომელმაც 40 წლის წინ ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა“ [წაიკითხეთ რედაქტირებული სათაურით: რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა] _ საკრებულოს წევრი ნინო მშვიდობაძე გამოეხმაურა.

„არასწორი ინფორმაციაა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერს ზურაბ თავართქილაძის სახელი საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის განკარგულების თანახმად მიენიჭა. საკრებულოს შესაბამისი კომისიის ინიციატივით, მალე დამზადდება სათანადო დაფაც წარწერით. კარგი იქნებოდა, ნიუსის დაწერამდე გარკვეულიყო სიმართლე“ _ წერს „გურია თუდეის“ კომენტარების ველში ნინო მშვიდობაძე და ლანჩხუთის საკრებულოს გადაწყვეტილების ე.წ. სქრინშოტს აქვეყნებს.

„სამწუხაროდ, 2022 წლიდან ველოდებით სკვერს მისი სახელით, რაც კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, რომ მისი თავდადება და გმირული საქმე ბევრისთვის არასდროს ყოფილა სათანადოდ აღიარებული“ _ ამას ლანჩხუთელი გმირის შვილიშვილი წერს იქვე კომენტარებში.

ლანჩხუთის საკრებულოს გადაწყვეტილების ე.წ. სქრინშოტი

„გურია თუდეი“, რა თქმა უნდა, მიესალმება, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკვერს გმირის სახელი მიანიჭა. ჩვენ ამის გათვალისწინებით დავაკორექტირეთ სტატიის სათაური. თუმცა ამ განკარგულებამ ასევე კითხვის ნიშნები გააჩინა: 1) რატომ არ იყო ამის შესახებ ოჯახი ინფორმირებული? 2) რატომ ვერ მოხერხდა განკაგულების მიღებიდან თითქმის 3 წლის მანძილზე მემორიალური დაფის გაკეთება? 3) რატომ არ მოხდა მაპ-ის სისტემაში სკვერის სახელის შეცვლა და რატომ არის დღემდე სხვა სახელდების?

ლანჩხუთის საკრებულოს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში ნახსენები „საჭირო ღონისძიებების განხორცილებაში“ მართალია, დაკონკრეტებული არაა, მაგრამ სავარაუდოდ, ის იგულისხმება, რომ ზემოჩამოთვლილი საკითხები 2 თვეში უნდა მოგვარებულიყო…

თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარი საკითხი _ სახელის მინიჭება უკვე გადაწყვეტილია და იმედია, დარჩენილი ფორმალობებიც მალე მოგვარდება.

P.S. საჯარო რეესტრის მაპ-ის საძიებო ველში ზურაბ თავართქილაძის სკვერი არ იძებნებოდა, ხოლო გუგლის მაპ-ში სკვერს სულ სხვა სახელდება აქვს. დღის ბოლოს, ნინო მშვიდობაძემ საჯარო რეესტრის მაპ-იდან ე.წ. სქრინშოტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც გადავამოწმეთ და საჯარო რეესტრის მაპ-ის საძიებო სისტემაში უკვე იძებნება „ზურაბ თავართქილაძის სკვერი“.

რას ჩივი?