ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნიგვზიანის ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი ლეილა გიგინეიშვილი.
„ქალბატონი ლეილა რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა ნიგვზიანის ბაგა-ბაღს, გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, სათნო და შემოქმედებითი ბუნებით, აღსაზრდელებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მან თავი დაგვამახსოვრა, როგორც სიკეთის უანგაროდ მთესველმა და თავმდაბალმა ადამიანმა, საიმედო და უღალატო მეგობარმა… მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში… თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, ნიგვზიანის ბაგა-ბაღის თანამშრომლებს, მეგობრებს და ახლობლებს“ _ ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
„ჩემო უფროსო მეგობარო, ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა, რომ ვეღარ მოხვალთ თქვენს საყვარელ ნიგვზიანის ბაღში, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურებოდით თქვენი დაუღალავი, უშრეტი და მიზანდასახული ენერგიით… ყოველთვის დიდ შრომას დებდით და შედეგიც საუკეთესო გქონდათ… გუნდური მუშაობა და საუკეთესო კოლექტივი შექმენით და წარმატებამაც არ დააყოვნა… ამაში თქვენი უდიდესი წვლილი იყო. ჩვენთვის, თითოეული თანამშრომლისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკლისი ხართ“ _ წერს სოციალურ ქსელში მანანა აფხაზავა, თანამშრომელი და მეგობარი.
კიდევ ერთი კოლეგა ნანა კუკულავა წერს: „ჩემთვის ყოველთვის დარჩებით მისაბაძ და ღირსეულ ქალბატონად“.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლეილა გიგინეიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.




