გურული მებაღის, ზურა შევარდნაძის მორიგი ემოციური ისტორია:
უკვე ბაღის კეთება დაწყებული მქონდა, ვეღარ ვიცლიდი, გურიაში ჩასვლას სულ უფრო იშვითად და იშვიათად ვახერხებდი. ბაბუა ოთხმოცს კარგად გადაცილებული იყო, თვალს ჯერ დააკლდა და ბოლოს სულ ვეღარ ხედავდა.
ნოემბერში ბოლო მზიანი დღეები რომ იცის, ასეთი დილა იდგა. ეზოში რომ შევედი, ბაბუა თავრეჯულა მსხლის ძირას დამხვდა ჯერკოზე, დაბამბული მოეხურათ მხრებზე და თხილის მოღაღვირებული, საბჯენი ჯოხით ძაღლს ეთამაშებოდა. ბობიკა ჯოხის თავს ღრნიდა და წართმევას ცდილობდა, ბაბუა არ ანებებდა და იყო ერთი გირგლი.
ნაბიჯით მიცნო, ძალიან გაიხარა, თხილის ჯოხი ძაღლს მისცა და ჩამიხუტა. მთლად დალეულიყო, დასუსტებული მეჩვენა, შინ შევედით, სიარულიც უჭირდა.
– ქლათ დავგლახდი, დევიჯღარკე და დავკოღინდიო, – შემომჩივლა.
მე ერთადერთი ვიყავი, ვინც მისი გეგმებით, რომელიც არც ისე შეეფერებოდა მისივე ფიზიკურ მდგომარეობას, ინტერესდებოდა და ვუსმენდი. სჯეროდა და დარწმუნებულიც იყო, რომ თვალს აეხილებოდა, როგორც თითონ ამბობდა, გაანჭყერდა და მერე აღარაფერი შეუშლიდა ხელს, ნაწილს მაინც შეასრულებდა დაგეგმილს, დათქმულს..
– გიცდიდი, ერთი გეგმა მიტრუალობს თავში, მინდა მოგიყვეო და, – დაიწყო: – თვალს რუმ გავანჭყერ, ბასილეთში მინდა გევიდე, ყურეფას პირში, შალვა ჟღენტის ნაწისქვილართან ტრიფოლიანტის ბუჩქები მეგულება, უნდა იყოს დარჩენილი ძველი ღობიდან, შარშან ვნახე კარქათ ესხა, წროულს რაღა ღმერთი გუუწყრებოდა, ჩემი საკმარი მაინც იქნებაო. გამევიტან თესლს, დავყრი აგერ ოჭვათოში, დავამწიფებ, გამევიღებ კეკალს და გავაშრობო.
მერე, ბაბუა?
მერე დავბარავ ბახჩას, გევიღებ კვლებს და დავთესავ, ამუა, მოწყალეა ღმერთი. გადავრგავ და დავასკოლებ..
გულში ვფიქრობ, – ბაბუა, რაის კვლების გამღები და დამთესი ხარ, ძვილა იარები-მეთქი, მარა აგრძელებს..
– სამი წელი დააგვიანდება, დათესვიდან ნერგი ნერგს რუმ დიემსგავსოს..
– მერე, ბაბუა?
– რას შემიშთი, ბიჯო, მერე, მერე, დამეთხუე ხომ ხედავ, თან ვფიქროფ, – დამტუქსა, შემატყო, მთლად არ მჯერა..
ხუთიათასი ნერგი დამჭირდება თელ ეზოს შემუარტყა, დუურგავ ღობეებს ძირში, გაზაფხულზე ამეიყრის შოლტებს, შემუუბარავ და ყველას გავახარეფ. შოლტებს გადავპწნი ერთიმიორეში, ძირები გუუმაგრდება და ძლიერი, გუუვალი, ხშირი გამუა ღობე. არაა იოლი ამბავი, ცოცხალი ღობე სამიდღემჩიოა მაგიორში.. ღობე ღობეს დიემსგავსოს, კი უნდა 5-6 წელი, მარა, აბა, რაფერ გინდა?
აღარ ვიცოდი, რა მექნა, რა მეთქვა. კურცხალი მომადგა, ცოტა შემრცხვა. კიდევ კარგი, ვერ მხედავს-მეთქი, გავიფიქრე.
ასე ბაბუა, ერთი გაჭივრება გევიჭივრეფ აი შვიდი-რვაი წელი, მარა მაგიორში მერე მევითქუამ სულს, დავჟდები და ვიქნები მშვიდათ, ვერც ღორი შემეიჭაჭანებს და ვერც ვეფრი სხვაი ვერ გეიარს ჩემს ბარაზე.
იმ გაზაფხულზე, გარდაიცვალა ბაბუა.
ოცი წელი გავიდა მას მერე [ისტორია 5 წლის წინ გამოქვეყნდა „გარდენის შევარდნაძე“-ს გვერდზე _ რედ]
ამ შემოდგომას, არ მიქნა გულმა და გევედი ყურეფას პირში, შალვა ჟღენტის ნაწისკვილართან მართლა ვიპოვე სამი ტრიფოლიანტის ბუჩქი, ესხა, მარა რა ესხა. ხარბად დავკრიფე, გავამსე გოგორი.
გაზაფხულზე დავბარავ ბახჩას, გევიღებ კვლებს, დავთესავ, გადავრგავ, დავასკოლებ, ოთხი წლის მერე დავრგავ და დაველოდები ღობე, ღობეს როდის დეემსგავსება…



