ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზე კარატეს საერთაშორისო ტურნირზე GORI-OPEN-2026 , რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 400 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ლანჩხუთელმა კარატისტებმა ჯამში 6 მედლის აღება მოახერხეს. 12-13 წლიანებში ცოტნე ხოფერიამ გაიმარჯვა. მან ნაკრების წევრს მოუგო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.
ქეთი ზენაიშვილმა (14-15 წწ.) ფინალური შეხვედრა ტრამვირებული ფეხით ჩაატარა, თუმცა გამარჯვებისთვის საოცარი სწრაფვა გამოავლინა და მეტოქეს პირველობა არ დაუთმო.
მისი თანაგუნდელი ანა იმნაძე (10-12 წწ.) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო მესამეზე 3 ლანჩხუთელი გავიდა: იაგო აბაშიძე 12-13 წლიანებში ასპარეზობდა, ერთი წლით უფროსებში მიაღწია წარმატებას _ მარიამ აბაშიძემ, ხოლო მაია კუკულავა 8-9 წლიანებში გავიდა საპრიზო ადგილზე.
მათი მწვრთნელები არიან ლაშა ბერიძე და გიორგი ზენაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გურიის კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი და სპორტული ცენტრის მთავარი მწვრთნელი ლაშა ბერიძე ტურნირის მთავარი მსაჯი გახლდათ.



