„უფალმა იცის, სანამ ვიცოცხლებ, ვერა და ვერ ვთმობ, მიყვარს სიცოცხლე…“ _ რას წერდა ია ხალვაში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე: „ჩემს საკუბოედ დარგულ მუხის ხეს, ამოუყრია მძლავრად ტოტები…“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ია ხალვაში

ლანჩხუთი ია ხალვაშს ემშვიდობება. ქალბატონს, რომელიც უდიდესმა ტრგედიამაც ვერ გატეხა და ჩვენი ქალაქის „დედა ტერეზად“ იქცა. იგი იყო ყველას გვერდში მდგომი, დამხმარე და ჭირისუფალი, სიცოცხლის, სიკეთის, სიძლიერის, ვაჟკაცობის მოყვარული. სითბო და სიყვარული არავისთვის ენანებოდა…

ასევე წაიკითხეთ: ცაში დაფერფლილი ბედნიერება… „ჩვენ მხოლოდ დასახიჩრებულ გვამებს დავტიროდით“ – ლანჩხუთელი მენაღარიშვილების ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მისი შველა _ ვერაგმა სენმა კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი წაგვართვა. ცოტა ხნის წინ, ძალიან განიცადა უახლოესი მეგობრის, ნანა ბერიას გარდაცვალება… ახლა საუკეთესო მეგობრები ერთად იქნებიან.

ასევე წაიკითხეთ: „გაზაფხულს არ უხდება შენი გლოვის დღეები, ნანა… ეს ის შავ-თეთრი გაზაფხულია, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი ჩვენი ურთიერთობა შეწყვიტა…“

ლანჩხუთის კოლორიტს ემშვიდობებიან ახლობელ-მეგობრები, ნაცნობები და უცნობებიც კი, ვისთვისაც ქალბატონი ია იყო იმედი, თუნდაც ფეისბუქ-ჯგუფიდან „ღადარი“, რომელიც დიდი სიყვარულით შექმნა და იქიდანაც დიდ სითბოს არიგებდა.

ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. წერდა ლექსებსაც, წიგნის გამოცემა ვერ მოასწრო. იმედი ჰქონდა, ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისათვის:

„გადაიყრება ციდან ღრუბელი
და მზის სხივები გაგვათბობს ერთობ,
ეს მერამდენე განსაცდელია,
გთხოვ, კვლავ სიცოცხლე მაჩუქე, ღმერთო…“
_ წერდა იგი.

ესეც მისი ლექსიდანაა:

„ცრემლები შემაშრა თვალებზე,
სამყაროს სხვაგვარად ვუცქერი,
ამდენ განსაცდელს ვუძლებ, რომ
უფალთან წარვსდგე გულწრფელი.

ყოველდღე სხვა დილა თენდება,
ფიქრით და ოცნებით დაღლილი,
საკუთარ თავთან დარჩენა,
არც ისე ყოფილა ადვილი“.

მისი პოეზიის მთავარი შტრიხი, დიდი ტკივილისა და ვერაგ სენთან ბრძოლის მიუხედავად, ადამიანებისადმი სიყვარულის გამოხატვა იყო:

დრო მიდის, მიაქვს ლამაზი წლები,
ისევ და ისევ თავნება ვრჩები,
უფალმა იცის, სანამ ვიცოცხლებ,
ვერა და ვერ ვთმობ, მიყვარს სიცოცხლე.

დრო მიდის, მრჩება მოგონებები,
ზოგჯერ ვხალისობ, ზოგჯერ ვღონდები,
ალიონს ვხვდები რწმენით და თმენით,
ასაკს შევიგრძნობ ჭაღარა თმებით.

დრო მიდის, იმედით შევყურებ აწმყოს,
იარებს ვიშუშებ, სიტყვებით ნასროლს,
თუმც დავიწყება არ არის ადვილი,
ჩემს გულში სიძულვილს არ აქვს ადგილი.

დრო მიდის, უნდა მოვასწრო თქვენთვის,
რაც უნდა მეთქვა აქამდე – ვერ ვთქვი,
უკიდეგანოდ მიყვარხართ ყველა,
ფრთამოტეხილმაც შევძელი ფრენა“.

„ჩვენი 16-წლიანი დედა-შვილობა დასრულდა… იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრე, ვიდრე წარმოვიდგენდი… მადლობა ზღვა სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, სითბოსთვის“ _ წერს ქალბატონი იას რძალი რუსკა ასანიძე.

ამაღელვებელია ანუკის გამოსამშვიდობებელი წერილიც:

„სიტყვები არ მყოფნის იმ დიდი ტკივილის გამოსახატად, რასაც ახლა ვგრძნობ. ჩემი დედობილი, ჩემი მეორე დედა… ჩემი შვილის ნათლია და ადამიანი, რომელმაც 4 წლის განმავლობაში საკუთარ სახლში უსაზღვრო სითბო, სიყვარული და მზრუნველობა მაჩუქა, აღარ არის. ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია ეს დანაკლისი, რადგან ის მხოლოდ ჩემთვის კი არა, ჩემი ნაადრევად გარდაცვლილი ძმისთვისაც დედასავით იყო. ორი უსაყვარლესი ადამიანი წამართვა ღმერთმა ,ის მასაც ისევე თბილად პატრონობდა, როცა ჩვენ მასთან ვცხოვრობდით, და ახლა მჯერა, რომ იქ, იმ იმქვეყნიურ სამყაროში, ჩემი ძმა პირველი შეეგებება მას იმავე სიყვარულით, რაც აქ, დედამიწაზე დაგვაკლდა. ის იყო ქალი-სიბრძნე, რომელიც ყოველთვის პოულობდა გამოსავალს, ამშვიდებდა ყველას და პრობლემებს ძირეულად აგვარებდა. თავისი ოჯახისთვის ის იყო საუკეთესო დედა და ბებია, ჩვენთვის კი _ საიმედო დასაყრდენი. მისი ამაგის, სიკეთისა და იმ დიდი სიყვარულის დავიწყება, რაც მან ჩვენს გულებში დატოვა, შეუძლებელია“.

კიდევ ერთი შვილობილი ვეფხია ბეროზაშვილი წერს: „ჩემი მეორე დედა აღარ არის. ძალიან მომენტარები“.

სოფიო ჩხაიძე თბილი ჩანახატით ემშვიდობება:

„- დე, ყოჩაღად იყავი, აბა შენ იცი.. – სხვანაირად არ მოუმართვას ჩემთვის არასდროს, შენ შემოგევლეს მეტი არასდროს უპასუხია..

გული მწყდება, იამ ერთი რამ მთხოვა და ვერ შევასრულე.. მისი წიგნისთვის უნდა დამეწერა ორი ღერი სიტყვა და ვიფიქრე, თუ არ დავწერდი და დიდხანს გადავდებდი დანაპირების შესრულებას, დრო გადიდდებოდა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომელიც ბოლოს ძალიან ახლოს ედგა და არ თმობდა იას. რაღაცნაირად გავჩუმდი და არ ვახსენებდი ამ ამბავს..

სიკვდილს როგორ მოვატყუებდი, აქეთ მოგვდგა და ბოლო თვეა რამდენი ქალი, რამდენი კარგი ადამიანი წაიყვანა თავისთან. რაღაცნაირად ცუდად შემოგვეჩვია და საშინლად არ მომწონს ეს გამარჯვებული სიკვდილები ჩემს პატარა ქალაქში.

ქალი კოლორიტიაო ია, დედამ მითხრა.

ეგ სიტყვა ყველას არ ერგება.. ეს არც ჩინია, არც ქაღალდზე დაბეჭდილი ტიტული. ეს განსაკუთრებულობაა, სითბოა, სიყვარულია..

მეტი მაინც ვერ დავწერე, ია. ახლაც ვეჯინები სიკვდილს.

სასუფეველი ია ხალვაშის სულს, ჩემი ოჯახის შინაურს, დიდი სიყვარულის ქალს“.

ჩვენ, ყველას იმედი გვქონდა, რომ კიდევ დიდხნას იქნებოდა ჩვენს გვერდით, თავადაც ამისთვის იბრძოდა, მაგრამ ამ დღისთვისაც მზად იყო. ნონა ლატარიას ეს სტროფიც დაუწერია თავის პირად გვერდზე:

„ჩემს საკუბოედ დარგულ მუხის ხეს,
ამოუყრია მძლავრად ტოტები…
მოჭრიან, ალბათ და გარანდავენ
ჩასასვენებლად, როცა მოვკვდები“
.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლანჩხუთის კოლორიტის, ია ხალვაშის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.

ასევე წაიკითხეთ: „შენს დაბადებას დიდი ხმაური მოჰყვა: გამრთელდა ჩატეხილი ხიდი, რომელთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა… გვერდით იყავი და მენატრებოდი“ _ ია ხალვაშის ემოციური მილოცვა შვილს