ლანჩხუთის მერს მიმართავენ, არ დაუშვას მიუსაფარი ძაღლების დახოცვა, რაც არაერთი მოხდა სხვა მუნიციპალიტეტებში: „ირგვლივ დამწვარი ხორცისა და ბეწვის სუნი დგას…“

|

Loading

ლანჩხუთში მიუსაფარი ძაღლების საკითხი გადაუჭრელია

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია „გურია თუდეის“ თხოვს, განცხადების გავრცელებაში დაეხმაროს. საუბარია მიუსფარი ძაღლების თემაზე ბოლო დროს გავრცელებულ მძიმე ინფორმაციებზე და ეჭვი აქვს, იგივე ლანჩხუთშიც შეიძლება მოხდეს.

იგი აზიარებს ქარდს, რომელზეც საქართველოში ძაღლების ყველაზე დიდი თავშესაფარის მფლობელის, თამაზ ელიზბარაშვილის სიტყვებია ასახული: „რაც ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ, გორის თავშესაფარში აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცისა და ბეწვის სუნი დგას _ არ მინდა ვთქვა, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს“.

ირინა ზარანდია ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირი არ დაუშვებს იმას, რაც სხვა მუნიციპალიტეტებში ხდება: ატონო ალექსანდრე, მესამე ვადით ხართ ხელმძღვანელობაში და მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ვერ მოაგვარეთ, ეს ფაქტია და ამას გვერდს ვერ ავუვლით. მაგრამ ის გზა, რაც თქვენმა ხელისუფლებამ მოიფიქრა თქვენი მმართველობის მეცამეტე წელს, გარდა ვანდალიზმისა, არის დანაშაულიც. შესაძლოა, ვინმეს გაეღიმოს და იფიქროს, რომ ძაღლებს კი არა, ადამიანებს ექცევიან ვანდალურად  და მართლებიც იქნებიან, მაგრამ გზა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მოიფიქრეს, ამას ერთადერთი სახელი ჰქვია: არაადამიანური!– მიმართავს აქტივისტი მერს.

მისივე თქმით, არ იცის, მერი არის თუ არა ინფორმირებული, რას უკეთებენ ოთხფეხა ცხოველებს, მაგრამ იმედი აქვს ამ მიმართვის შემდეგ ალექსანდრე სარიშვილი დაინტერესდება: „[იმედი მაქვს], თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში არ დაუშვებთ ლანჩხუთში იმ ვანდალურ ფაქტებს, რაც არაერთი მოხდა უკვე სხვა მუნიციპალიტეტებში! როცა აღარ იქნებით იქ, სადაც ახლა ხართ, მერე კი დაფიქრდებით იმაზე, თუ როგორ დახოცეს ძაღლები თქვენი მერობის დროს და, მერწმუნეთ, გული დაგწყდებათ ამაზე. დანარჩენი თქვენი საქმეა“.

ლანჩხუთის მერი თუ ირინა ზარანდიას მიმართვას უპასუხებს ან ამ თემაზე პოზიციას დააფიქსირებს, აქვე გამოქვეყნდება.

ზემოხსნებული თამაზ ელიზბარაშვილის განცხადების გარდა, მოქალაქეებიც წერენ, რომ რიგ ქალაქებში ხდება ძაღლების ვანდალური განადგურება.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სურსათის ეროვნულმა სამსახურმა, რომლის მიხედვითაც ხდება ცხოველების მხოლოდ ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია, რის შემდეგაც მათ აბრუნებენ აყვანის ადგილებში: „სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს ეტაპობრივად აბრუნებს აყვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომაა სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების ტერიტორიებიდან აყვანილი ცხოველების შემთხვევაში. ისინი ბრუნდებიან არსებული ტერიტორიების მოშორებით“ _ აღნიშნულია განცხადებაში.

სეს-ი კატეგორიულად უარყოფს ცხოველების დაწვას და აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას ემსახურება: „რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“ _ ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე, სავარაუდოდ, იმ გავრცელებულ ცნობებსაც პასუხობენ, სადაც მოსახლეობა ამბობს, რომ „შენობიდან გამოდის ცხოველის დაწვის სუნი“ _ „ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში [რომელიც გარემოს დაცვის სამსახურების მიერ კონტროლდება] ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია“.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

„ჩვენო ბუატა, ახლა ხომ ხარ ბედნიერი ცისარტყელაზე?“ _ სულისშემძვრელი ისტორია ძაღლზე, რომელიც ლანჩხუთში ნიჩბით სცემეს

რა გახდა ლანჩხუთში ერთი თავშესაფრის გაკეთება… „სკოლაში მიმავალი ბავშვი დამიგლიჯა მაწანწალა ძაღლმა