„გურია თუდეის“ სტატიას _ რატომ უნდა გაუქმდეს ლელობურთი პატრიარქის ხსოვნის გამო, როცა თავად ტრადიცია მიცვალებულის პატივისცემას ემსახურება? _ ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე გამოეხმაურა და გამოცემა მიზანმიმართულ ქმედებაში დაადანაშაულა:
„ძალიან ცუდი და არასწორია, რასაც ახლა აკეთებთ ამ ვითომ უწყინარი პოსტით. ასე მგონია, მიზანმიმართულად იქცევით ამგვარად და არანაირად არაა მოსაწონი“ _ წერს საკრებულოს წევრი და ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ყველაფერი მზად ჰქონდა ტენდერის გამოსაცხადებლად:
„ადგილზე ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად. რომელსაც მერიც ესწრებოდა. სავალდებულო ბაზრის კვლევაც 26 მარტს დასრულდა, რის შემდეგაც უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, მაგრამ სწორედ 26 მარტს გამართულ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელი პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად ლელოს ჩატარებაზე თავს იკავებდა, რაც იმავე საღამოს დადასტურდა კიდეც და რაც შუხუთის ტაძრის მოძღვარმაც დაამოწმა“ _ წერს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე ნინო მშვიდობაძე.
„თუ ვადებზე დავიწყებთ საუბარს, ტენდერი ბაზრის კვლევის დასრულების მეორე დღეს, ანუ 27 მარტს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ რაკი 26-ში საღამოს უკვე ვიცოდით სოფლის გადაწყვეტილება, ტენდერი აღარ გამოცხადებულა, თანაც ტენდერის გამოცხადებას 10 კალენდარული (არა სამუშაო, არამედ კალენდარული) დღე სჭირდება და არა – 20. თუ გადავთვლით, 27 მარტს თუ გამოცხადდებოდა ტენდერი, 6 აპრილს უკვე გამარჯვებული იქნებოდა გამოვლენილი. თუმცა ვიმეორებ უკვე მესამედ: 26 მარტის საღამოს ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით სოფლისა და მოძღვრის გადაწყვეტილება. ბაზრის კვლევის დაწყების და დასრულების თარიღის ნახვა კი რთული ნამდვილად არაა და შესყიდვების გვერდზე მისი ნახვა ყველას შეუძლია, მათ შორის, თქვენც“ _ დასძენს მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
რა თქმა უნდა, „გურია თუდეი“ ვერ დაეთანხმება მას, რომ ჩვენ მიზანმიმართულად ვინმეს წინააღმდეგ დავწერეთ. აქვე გამოვხატავთ პატივისცემას, თუ ეს იყო შუხუთის მოსახლეობის სურვილი და მივესალმებით მერიის გადაწყვეტილებას, ანგარიში გაეწია მათთვის.
ამასთან, ჩვენ ვადა _ 20 დღე წინა ტენდერებიდან ავიღეთ და ამის შესახებ განმარტებულიც იყო. ვწერდით, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის 24 მარტისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი ეს გადაწყვეტილება, ნინო მშვიდობაძე 26 მარტის საღამოს ასახელებს, „როცა ჩვენთვუს დანამდვილებით იყო ცნობილი“, რაც არსებითად არ ცვლის კითხვას, რის გამოც წინა სტატია დავწერეთ: თუ 26 მარტს საღამოს ცნობილი იყო და 27-ში გამოსახადებელი ტენდერი, ლოგიკურად, აღარ გამოცხადდა, რატომ არ იყო ცნობილი ამის შესახებ საზოგადოებისთვის 7 აპრილამდე და რატომ უთხრეს მედიას 4 აპრილს, რომ ჯერ კიდევ დასაზუსტებელი იყო?
სწორედ ამას მოჰყვა გონივრული ვარაუდი, ოფიციოზმა ჯერ კიდევ მოსახლეობის სურვილამდე ხომ არ გადაწყვიტა ღონისძიების გაუქმება. შესაბამისად, ლანჩხუთის ექს-გამგებლის პოზიციიდან დასმული კითხვის ადრესატი ადგილობრივი ხელისუფლება იყო და არანაირად, სოფლის მოსახლეობა.




