„წამოი, ჩაში არ მოდიხარო?“ _ რას ამბობდა გიორგი ნემსაძე „გურიაზე“, სოფელ გულიანზე, ლანჩხუთელ მეზობლებზე…

|

Loading

გიორგი ნემსაძე

დიდი ხნის უნახავი მეგობარივით შეგვხვდა. მასთან აუდიენცია, მიუხედავად ლანჩხუთელობისა, ადვილი არ აღმოჩნდა. რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ გიორგი ნემსაძესთან ინტერვიუ შედგა.

– ბატონო გიორგი მოგესალმებით. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო, რათა ჩვენი მკითხველებისათვის მოგვეთხრო თქვენს შესახებ. თქვენი ფესვები ლანჩხუთს უკავშირდება. გვითხარით წინაპრების შესახებ?

– ჩემი წინაპრები, ბაბუას მამა, მოსე ნემსაძე ცხოვრობდა გურიაში, სოფელ გულიანში, ბაბუაჩემი მიშაც იქ დაიბადა. განათლების მიზნით თბილისში ჩავიდა და სწავლა უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა. შემდეგ მოიყვანა თბილისელი ცოლი და ასე ვთქვათ, ჩაესახლა ნაძალადევის რაიონში.

– ნათესავები თუ გყავთ გურიაში და თუ დადიხართ გულიანში?

– კი, როგორ არა, ხშირად ვსტუმრობთ. მთელი ნათესაობა გვყავს იქ. ბიძები, ბიძაშვილები მყავს. ბავშვობის მეგობრები, ვისთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობდი: კახა ნიკოლაიშვილი, გუჯა… მახსოვს მეზობლები ერთმანეთს რომ ეძახდნენ: წამო, ჩაში არ მიდიხარო (გიორგიმ გურულად მოუქცია)? ტკბილად მახსენდება შუადღეზე სადილზე რომ დაგვძახებდნენ ბავშვებს ჩაის პლანტაციებში. მამამ იყიდა სახლი, რათა არ მოშლილიყო ჩვენი ფესვი, თან კარგი გზაც დაიგო და ახლა, „გურიას” თამაშებზეც ხშირად ვივლი.

– ბავშვობიდანვე ოცნებობდით ფეხბურთელი გამოსულიყავით?

– მამაჩემი იყო ფეხბურთელი და კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გაუთავებელი ტრავმების გამო, იძულებული გახდა ადრეულ ასაკში ჩამოშორებოდა ფეხბურთს და სრული რეალიზაცია, რაც მას სურდა და ვერ შეძლო, ჩაიდო ჩემში. დედა-ღამეს ვასწორებდი, ბურთთან ერთად ვბანაობდი და ვიძინებდი. ერთი პერიოდი, იმ ასაკს ვგულისხმობ, გარდატეხის ასაკს რომ ეძახიან, მაგრად მომკიდა ხელი, თორემ შეიძლებოდა ეს ნიჭი გაფლანგულიყო, არ მეთამაშა საერთოდ ფეხბურთი. როცა ადამიანს ფასეულობები, აზრები ეცვლება, შეიძლება ბუნებით მოცემული ნიჭი უცებ გაეფლანგოს და სხვა გზას დაადგეს. ამიტომ ამ პერიოდში მამაჩემი მყარად იდგა ჩემს გვერდით, დიდ ყურადღებას მაქცევდა და თუ რამეს მივაღწიე, მისი უდიდესი დამსახურებაა. ჩემს ოჯახში სულ ფეხბურთზე იყო ლაპარაკი, თან ამას ემატებოდა ისეთი რაიონის ფაქტორი, სადაც მე ვცხოვრობდი: ნაძალადევი ისეთი უბანია, სადაც სულ ბურთს დასდევდნენ. ყველა საღამოს ვიკრიბებოდით და ბურთს ვთამაშობდით. ამანაც დიდი როლი ითამაშა.

პირველი მწვრთნელები იყვნენ ჟანი ლეჟავა და ვანო შუდრა. ჩვენს სახლთან ახლოს იყო ტრიკოტაჟის ფაბრიკა, რომელსაც საფეხბურთო მოედანი ჰქონდა და არსებობდა საფეხბურთო სკოლა „ფიქარი”. შემდეგ გადავედი „ნორჩ დინამოელში”, რეზო გაგუასთან. იქ სერიოზული გუნდი დამხვდა. 1971 წელს დაბადებულებში, მე 1972-ანი ვარ, ერთი წლით დიდებში მომიხდა ყოფნა, კარგი იყო მომავლისთვის უფროსებთან ვარჯიში და თამაში.

მალევე მომიწია საკავშირო ნაკრებში სხვადასხვა საკავშირო ტურნირზე გამოსვლა. გერმანიაში გახლდით საერთაშორისო ტურნირზე მიწვეული, სადაც წამოსულები იყვნენ „დინამოს” მთავარი მწვრთნელი გერმან ზონინი და დუბლების მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი. ეს ორი ადამიანი აკვირდებოდა ჩვენს თამაშს. როცა ჩამოვედით, აეროპორტში შოთა ჭეიშვილმა უთხრა მამაჩემს: ხვალ მოიყვანე „დინამოს” ბაზაზეო. წარმოიდგინეთ, 15 წლის ბიჭი დაპატიჟებული იყო „დინამოს” ბაზაზე. ასეთი დიდი სიხარული არ განმეცადა. 15 წლის ასაკში „დინამოში” მოხვედრა როგორია?!

დილით როცა მივედი ბაზაზე, ვკანკალებდი, ისეთი ფეხბურთელები დამხვდნენ, ტელევიზორში რომ ვუყურებდი და მათი თამაშით აღფრთოვანებული ვიყავი… ორი წელი დუბლებში მომიწია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გამოსვლა. შემდეგ ზონინი წავიდა და დავით ყიფიანმა მომცა შანსი, 11 კაცში დავეყენებინე, რისთვისაც დიდად მადლიერი ვარ. 1989 წლის ბოლოს შვიდი თამაში ვითამაშე ძირითად შემადგენლობაში. ეს იყო კიდევ ერთი უბედნიერესი ხანა ჩემს ცხოვრებაში.

– შემდეგ დადგა 1990 წელი…

– კარგად მოგეხსენებათ, გადავედით ეროვნულ ჩემპიონატზე, „გურია” იყო პირველი, რომელმაც გამოიხატა ეს კეთილი ნება. პირველი ჩემპიონატისთვის მოუმზადებლები აღმოვჩნდით. შემდეგ დალაგდა, კარგი გუნდი ჰყავდა „გურიას”, რომელიც კონკურენციას უწევდა „დინამოს”, რუსთავის „მეტალურგს”… ეს გუნდები კარგი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და სამი ჩემპიონატი ძლიერი და რთული იყო. ამ პერიოდში „დინამოში” სათადარიგოში მიწევდა ყოფნა, როცა ფეხბურთელად ყალიბდები, თამაში უნდა გიწევდეს, ამიტომ ერთი წელი „გურიაში” გავატარე. 19 წლის ვიყავი, ძალიან კარგი თამაშები ჩავატარე… დავბრუნდი ისევ „დინამოში“ და მომიწია უეფას თამაშები ბელფასტის „ლინფილდთნ”…

[მოგვიანებით, გაზეთ „ლელოსთან“ საუბარში „ნემსა“ ლანჩხუთში გადმოსვლას ასე გაიხსენებს: „ყველამ კარგად იცის, რეზო ძოძუაშვილს გართულება ჰქონდა იმ ფეხბურთელებზე, ადრეულ ასაკში რომ მოჰყავდათ ცოლი. ეს მისი პრინციპი იყო და წყენით სულაც არ ვიხსენებ ამას… მივედი “მიხიჩასთან” და ვუთხარი – კაცო, ადრე მაინც გეთქვა, ან გადავწევდი ქორწილს, ან რაღაცას ვიზამდი-მეთქი… მოყვანილ ცოლს ხომ აღარ გავუშვებდი (იცინის)?!. მაშინ ჩემთან მოვიდნენ ლანჩხუთის “გურიას” წარმომადგენლები და მეც წავედი “გურიაში”. ახლაც ასე მჯერა: ახალგაზრდა ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა ითამაშოს, მისი სკამზე ჯდომა არაფრით არ შეიძლება!“ _ რედ.]

– მალე თქვენი უცხოური კარიერაც დაიწყო…

– პირველი ქვეყანა გერმანია იყო, მესამე ლიგაში გამოვდიოდი. აქ ყოფნამ პირველ რიგში ინდივიდუალობა მასწავლა, პასუხისმგებლობა გამეზარდა, მარტო არ ვიყავი, ოჯახი მყავდა. არც დედა მყავდა ახლოს, არც მამა და ჩემს ცოლს, ჩემს ორ პატარა ბიჭს მე ვპატრონობდი. თან პროფესიული წინსვლისთვის კარგი იყო.

შოთასთან და აჩისთან ერთად ერთი წელი „ტრაბზონსპორტში” გავატარე, სერიოზულ ჩემპიონატში მივიღეთ მონაწილეობა, მესამე საპრიზო ადგილზე გავედით. სხვათაშორის, კარგი წელი გამოდგა ჩემს კარიერაში. შედეგმაც არ დააყოვნა და ამის შემდეგ შვეიცარიის „გრასჰოპერსმა” გამოთქვა ჩემი წაყვანის სურვილი. ციურიხში ორი საუკეთესო წელი გავატარე, ჩემპიონი გავხდი, თასიც ავიღე, შემდეგ ხელმძღვანელობა შეიცვალა, რასაც ახალი მწვრთნელის მოსვლა მოჰყვა. აღარ მიწევდა ძირითადში და აღმოვჩნდი იტალიურ „რეჯინაში”. მიმთაბარე ცხოვრებას ვეწეოდი, ყოველ ორ წელიწადში გუნდს ვიცვლიდი. ბოლო ოთხი წელი შოტლანდიაში მომიწია ყოფნა, ეს იყო კლუბი „დანდი”, როგორც ფეხბურთელმა, ვფიქრობ, საუკეთესო წლები იქ გავატარე.

– თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საზღვარგარეთ კარიერის დამთავრების შემდეგ განაგრძეთ ეროვნულ ჩემპიონატში თამაში.

– კი, როცა დავამთავრე ჩემი უცხოური „ვოიაჟი”, დავბრუნდი მშობლიურ „დინამოში”. გარკვეული დროის შემდეგ შემომიერთდა გოჩა ჯამარაული და ერთად დავამთავრეთ საფეხბურთო კარიერა. რომ არა ტრავმა, ალბათ ორ სეზონს კიდევ ვითამაშებდი.

– ზოგადად ეროვნულ ჩემპიონატზე რას იტყვით?

– როგორც თავში მოგახსენეთ, პირველი წლები კარგი და რთული იყო, მერე განიცადა რეგრესი, მოუმზადებელი აღმოვჩნდით, მაგრამ იმედი მაქვს, ნელ-ნელა აიწევს ისევ დონე, ცოტა დრო სჭირდება აღმასვლას. მე ვფიქრობ, რაც აუცილებელია ინფრასტრუქტურისათვის – სტადიონების, ბაზების მშენებლობა, უფრო უნდა განვითარდეს, ყურადღება მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, ხელშეწყობაა საჭირო. აუცილებელია ჩვენი კლუბები ეკონომიურად ძლიერი იყოს, ბიზნეს-პარტნიორები უნდა გამოჩნდნენ, ქვეყნის ბიუჯეტის იმედზე ყოფნა დროებითია, გუნდებმა საკუთარი თავი უნდა ირჩინონ, ამიტომ კიდევ გავიმეორებ: აუცილებელია სპონსორი. დარწმუნებული ვარ, ეს დროც მოვა, ნაწილობრივ მოსულიც არის. დღეს გაცილებით უკეთესი სიტუაციაა ფეხბურთში და ვფიქრობ სახელმწიფო ბოლო წლებში გვერდში უდგას ფეხბურთს, ეხმარება ფინანსურად, ეკონომიკურად ძალიან არ უჭირთ, თუმცა რაღაცეებს მთავრობამ უნდა აკონტროლოს, იმიტომ, რომ ისეთი რამე არ მოხდეს, დააზიანოს ქართული სპორტი, არა მარტო ფეხბურთი.

– გიორგი, თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყავით და კარგად გაქვთ გაცნობიერებული ქვეყნის უპირველესი გუნდის გაძღოლა. ნაკრების ბოლო კაპიტანი, კახა კალაძე, წავიდა ფეხბურთიდან…

– კახა რომ დიდი ფეხბურთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ორჯერ რომ მოიგებ ჩემპიონთა თასს, მსოფლიო თასს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში რომ 11 წელი ითამაშებ ძირითად შემადგენლობაში, ეს ბევრს ნიშნავს. ალბათ, მან ჩათვალა, რომ მიაღწია მაქსიმუმს. უნდა იყოს კრიტერიუმი, რომ როცა ფეხბურთელს 50 და მეტი თამაში აქვს ნათამაშები ნაკრებში, გაცილება მოუწყონ, თან ღირსეული. ვფიქრობ, ფედერაციამაც უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი. ფეხბურთელისთვისაც კარგი იქნება, ესიამოვნება, რომ დაფასდა მისი შრომა.

– ბევრ უცხოურ კლუბებში გითამაშიათ, კარგი თამაშები ჩაგიტარებიათ, უცხოელ ფეხბურთელებს შეხვედრიხართ. რას გაიხსენებთ?

– სიხარული ბევრი კარგი მომცა ფეხბურთმა. მითამაშია კანავაროსთან, რაულთან. მახსენდება იტალიის ნაკრებთან შეხვედრა. ბარიში იყო თამაში, უამრავი მომენტი გვქონდა, რომ გაგვეთანაბრებინა ანგარიში და არ წაგვეგო, რადგან არ ვიმსახურებდით. სხვათაშორის, ამ თამაშის შემდეგ იტალიის ნაკრების მწვრთნელი არიგო საკი მოხსნეს…

– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

– 17 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი, ჩემი მეუღლე რუსუდან ჩირგაძეა. სამი შვილი გვყავს: უფროსი ვაჟიკო ნემსაძე 22 წლისაა, თამაშობს ბოლონიის „სიონში”, 19 წლის თორნიკე სტუდენტია და 13 წლის სოფო, რომელიც შვეიცარიაში გაჩნდა. ვფიქრობ, ცოტა მკაცრი მამა ვარ, მთავარია სახლში არ დააგვიანონ, ვიცოდე, სად არიან. ფაქტობრვად, მე დაკავებული ვარ და შეძლებისდაგვარად, ვაკონტროლებ.

– მეუღლე როგორ გაიცანით?

– საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო და მოვიგეთ საქართველოს ნაკრებმა. ამ დროს ცკ-ის პირველი მდივანი გახლდათ ჯუმბერ პატიაშვილი. დაჯილდოება იყო სპორტის სასახლეში, აფორმებდნენ მოცეკვავე გოგონები, ერთი მათგანი ძალიან მომეწონა და უცებ ვხედავ, ამ გოგონასთან მივიდა ჩემი თანაგუნდელი, გადაკოცნა და მოიკითხა. საიდან იცნობ-მეთქი, ჩემი კლასელიაო. ვთხოვე, გაეცნო ჩემთვის. არაო, თავი გაიგიჟა, ჩემი კლასელია, და-ძმასავით ვართო. მე ვუთხარი, თქვენ დარჩით და-ძმად, მე კი გამაცანი-თქო. ისევ მე ვიაქტიურე, 15 წლის ვიყავი… გავიგე, ვინ იყო, სად ცხოვრობდა და ერთხელაც დავხვდი სახლის წინ, პირდაპირ ვუთხარი: თუ შეიძლება, თქვენი გაცნობა მინდა-მეთქი.

ასე გავიცანი და ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. იმ პერიოდში დუბლებში მოხვედრა ძნელი იყო და პლუს პასუხისმგებლობაც. მე კი უკვე ვთამაშობდი და ერთ დღეს გავაცდინე დუბლების ვარჯიში, სადღაც ერთად უნდა წავსულიყავით. მამა მოვიდა ვარჯიშზე და მხედავს, არა ვარ. არადა, სახლიდან გამომიშვა, გადაირია კაცი, ხალხი ოცნებობს ამ ასაკში მანდ მოხვედრას და ეს კი აცდენსო…

– ადრეული ასაკიდან მიეჩვიეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას.

– ზემოთაც გითხარით, გერმანიაში ცხოვრებამ მიმაჩვია დამოუკიდებლობას. ოჯახი მყავდა, 18 წლისა უკვე მამა ვიყავი, პასუხისმგებლობა ვიცოდი რა იყო. ახალგაზრდა რაც უფრო ადრე დაიწყებს დამოუკიდებლად ცხოვრებას და არჩენს ოჯახს, უფრო კარგია, უფრო მეტს მიაღწევს.

– თქვენი ცხოვრების სტილი როგორია?

– უფრო სპორტული, მართალია დაკავებული ვარ, მაგრამ ვცდილობ, დრო გამოვნახო და ვივარჯიშო. დისკომფორტს განვიცდი, როცა თამაში ან ვარჯიში არ მიწევს. თან ცოტა წონაშიც მოვიმატე… (იცინის)

– სიყვარულით აგებული ოჯახი, წარმატებული კარიერა, კარგი სამსახური. ალბათ, ბედნიერი ხართ?

– კი, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მაგრამ სრულ ბედნიერებამდე შორია. მინდა, შვილებმა სწორი გზა მოიძებნონ და სწორ გზას დაადგნენ, ოჯახი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

– დაბოლოს, ისევ „გურია” და გურულები…

– ვგიჟდები გურიაზე, ჩემს ულამაზეს სოფელ გულიანზე, გუნდ „გურიას” მხარდამჭერი ვარ, თუ რამე დაჭირდება ჩემი მხრიდან, მზად ვარ, გვერდში დავუდგე.

ნინო ხელაძე, ლელა კვირკველია
„ლანჩხუთი პლუს“, 5 ივნისი, 2012 წ.