ლანჩხუთელი ახალგაზრდა ბესიკ სანიკიძე აშშ-ში გარდაიცვალა. უკეთესი მომავლის საძიებლად წასული 30 წლის მშრომელი ბიჭის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. არსებული ინფორმაციით, იგი ავტომობილში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაყვანისას, სავარაუდოდ, გზაში გაუჩერდა გული.
სამწუხარო შემთხვევა 14 ოქტომბერს მოხდა. ახლობლებმა მეორე დღესვე მიმართეს საკონსულოს და ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას შეჰპირდნენ, რაც ჯერ არ მომხდარა.
„ამერიკაში, ნიუ ჯერსის შტატში მუშაობდა სატვირთოს მძღოლად. როგორც ვიცი, გარდაცვალებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე საავადმყოფოში იწვა, რადგან გზაში, სავარაუდოდ, ცუდად გახდა და ავარია მოუხდა. კლინიკაში იწვა, მალევე გამოუშვეს. როგორც ჩანს, საჭიროებდა დამატებით მკურნალობის გაგრძელებას, თუმცა დედას ამშვიდებდა, კარგად ვარ, არ მინდა ექიმთან მისვლაო. იმ დღესაც მეგობართან ერთად უნდა წასულიყო სამსახურში. რომ არ გამოჩნდა და არც ტელეფონის ზარს პასუხობდა, მეგობარი შემდეგ წასულა ფეხით და რამდენიმე მეტრში დაუნახავს ბესოს მანქანა, პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო. ის ბიჭი ამბობს, რომ კლინიკაში მიყვანამდე გზაში გაუჩერდა გული“ _ გვეუბნება ახლობელი.
ბესო სანიკიძე სოფელ ლესიდან გახლდათ. მას მთელი სოფელი გლოვობს და დასტირის. საუკეთესო ახალგაზრდად მიაჩნდათ და მისმა ტრაგედიამ ყველა დაამწუხრა.
“მართლაც ძალიან კარგი ახალგაზრდა დააკლდა სოფელს. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს” – წერს სოციალურ ქსელში ლესის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე.
ლალი სანიკიძე, მამიდა: „ჩემო მონატრებულო ძმისშვილო, მონატრება მწუხარებით შემეცვალა, ტრაგიკულად დასრულდა შენი სიცოცხლე უცხო მიწაზე. ბედისწერას ვერავინ გაექცევა, ყველგან გიპოვის, სადაც იქნები. ვერ აისრულე შენი მიზნები. დაგვწყვიტე ყველას გული, ვინც გიცნობდა, ჩემო თბილო და მოსიყვარულე ბიჭო. ნათელში იყოს შენი სული მარადის“.
არსებული ინფორმაციით, 30 წლის ბესო სანიკიძე მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.
“პატიოსანი, ზემაღალი სულის, საოცრად გულიანი, თავისი სილამაზით, სისადავით და სიმამაცით, სისპეტაკით და სიყვარულით. უზადო სიკეთის და ყველას მიმართ გულუხვად სითბოს მფრქვეველი ბესო. ყველასგან ყველაფრით გამორჩეულო, ძალიან მიმძიმს ყოველივეს გათავისება და სიტყვა თანაგრძნობის თქმა” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნანა სანიკიძე.
როგორც გავიგეთ, ბესოს მამა ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლის, ჯუსტან სანიკიძის შვილია. მისი კოლეგა და მეგობარი კობა ფიფაიშვილი ოჯახისთვის დახმარებას ითხოვს: „ეს უსაყვარლესი ქართველი ვაჟკაცი ბიჭი ჩემი მეგობრის, ჯუსტან სანიკიძის შვილია. ვისაც შეგვიძლია, დროულად დავეხმაროთ, მისი ანგელოზი შვილი დროულად ჩამოვასვენოთ ჩვენს პატარა ლანჩხუთში. იმედი მაქვს, ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება“.
“გურია Today” მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს



