გურიის კოლორიტს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, ვენერა გოლიაძეს 100 წელი შეუსრულდა. დამსახურებული მასწავლებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა ისტორიას.
მის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს და საზეიმო ღონისძიებიდან ვიდეოს აქვეყნებს.
„შემოქმედის სკოლასთან 60 წელი მაკავშირებს. 10 წელი ვსწავლობდი იქ და 50 წელი კიდევ მე ვასწავლიდი ბავშვებს. მე კარგად მახსოვს მოსწავლეობის და სტუდენტობის დროინდელი წლები. პირველად, როდესაც მომიხდა შესვლა კლასში, როგორც მასწავლებელს, დამხვდა თვალხატულა და ნიჭიერი ბავშვები. სკოლის მოსწავლეებთან ნებისმიერი ჩატარებული გაკვეთილი მახსოვს და სულ მემახსოვრება. ყველაზე მეტად მწყდება გული ჩემი მოსწავლეებიდან ბევრი არის გარდაცვლილი და მე კიდევ ცოცხალი ვარ“ – უთხრა გამოცემას ვენერა გოლიაძემ.
„გურია თუდეი“ ულოცავს ღვაწლმოსილ პედაგოგს საუკუნოვან იუბილეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
ვრცლად წაიკითხეთ სტატია: „ბავშვობიდან მშვიდი ხასიათი მქონდა და ამ სიმშვიდემ განაპირობა ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე“




