„ამოთხრილ მიწაში ჩაგდებულ შლანგებს წყლის მომარაგების პროექტებს არქმევდით და წყლის მაგივრად ტალახი მისდიოდა მოსახლეობას. ზოგან ტალახიც არ ამოვიდა და ობობებმა ქსელი გააბეს. ეგ თემები ლანჩხუთის მესამედ “არჩეულმა” მერმა კარგად იცის“
ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, ოპოზიციონერი კახა ასკურავა კორუფციის ბრალდებით მაღალჩინოსნების დაკავებას, მათ შორის გურიაში ბოლო პერიოდის რეზონანსურ საქმეებს ეხმაურება.
„კორუფცია გურიაში დღეს არ დაწყებულა, გუშხამ დეიწყო. ჯერ კიდევ შსს-ს გურიის სამართველოს უფროსი კახა მურადაშვილი რომ იყო, იქედან და მისი ძმა ახლა მერად გყავთ და თავად ისევ ორგანოშია. ყველა კარიერის წილში იჯდა და მაშინდელი საპატრულოს უფროსთან ერთად ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ლანჩხუთს, გადატვირთულ, ამორტიზირებულ მზიდებს დაატარებდნენ, უკანონოდ, ზემოთ-ქვემოთ!“ _ წერს ასკურავა სოციალურ ქსელში.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ბახმაროში უკანონო მშენებლობებზე, მისი პარტია _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველი იყო, ვინც განგაში ატეხა და პასუხი იყო – იტყუებითო!
„სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ხარჯზე გამდიდრებულ წვრილფეხა ქოცებზე არაფერს ვამბობ, სისტემური ხასიათი ჰქონდა, როგორც ამოთხრილ მიწაში ჩაგდებულ შლანგებს, რომელსაც წყლის მომარაგების პროექტებს არქმევდით და წყლის მაგივრად ტალახი რომ მისდიოდა მოსახლეობას. ზოგან ტალახიც არ ამოვიდა და ობობებმა ქსელი გააბეს“ _ წერს ოპოზიციონერი და დასძენს, რომ „ეგ თემები ლანჩხუთის მესამედ “არჩეულმა” მერმა კარგად იცისო“.
ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და ექს-ვიცე გუბერნატორი სუსის მოქმედ უფროსს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს:
„მოიკითხეთ ბოლო ხუთ წელიწადში რამდენი ფულია გადაყრილი, მოპარულს რომ შევეშვათ დროებით?!დაუსრულებელ და ექსპლუატაციის ვადის გასვლამდე მდგომარეობიდან გამოსულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არაფერს ვამბობ, 2016 წელს აშენებული საბავშო ბაღი 2024-ში ხელახლა ასაშენებელი რომ გახდა და ისეთი ბაღები რომ დაანგრიეთ, რომლის საერმონტო სამუშაოები წინა წელს იყო ჩატარებული, რომელი ერთი მოვთვალო, ბატონო მამუკა?“ _ წერს ასკურავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
იგი დარწმუნებულია, რომ კორუფცია არ აღმოიფხვრება: „რასაც ქვია, იხრჩობით კორუფციაში და ამას თქვენ ვერ მოაგვარებთ, რადგან როგორც იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” _ დასძენს ლანჩხუთელი ოპოზიციონერი.
„გურია თუდეი“ დეტალების დასაზუსტებლად კახა ასკურავას დაუკავშირდა:
_ კახა, თქვენ წერთ, რომ 2016 წელს აშენებული საბავშვო ბაღი 2024 წელს თავიდან გაკეთდა, ასევე წინა წელს გარემონტებული დაანგრიეს. სად მოხდა ეს?
_ პირველი შემთხვევა ჯურუყვეთის თემში მოხდა, ხოლო ჩოჩხათის თემში წინა წელს ან მაქსიმუმ 2 წლის წინ გარემონტებული ბაღი დაანგრიეს.
_ რა იცის ალექსანდრე სარიშვილმა, რისი მინიშნებაც გაქვთ თქვენს განცხადებაში?
_ ჩოჩხათის თემში დაიხარჯა 200 ათასი და წყალი არ ამოვიდა საერთოდ. მოგეხსენებათ, მერი ამ თემიდანაა და დეტალურად იცის ყველაფერი, ამას ვგულისხმობდი. რაც შეეხება წყლის გაყვანას, იგივე ჩოჩხათის, ასევე ნიგოითის თემში ამოთხრილ მიწაში ჩაყრილია მილები და მოსახლეობა ან ტალახიან წყალს იღებს, ან საერთოდ არაფერს. ფილტრებიც კი არ არის დაყენებული და ამას ეძახიან წყლის გაყვანას.
როგორც დავაზუსტეთ, კახა ასკურავა გულისხმობს გულიანში ჩატარებულ სამუშაოებს, რის შესახებაც იგი ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა. „ეს „აკოფი“ არ გეგონოთ, აქ უნდა ესხას წყალი და 80 გულიანელს უნდა უწყვეტდეს სასმელი წყლის პრობლემას. ეს გვირაბი, სადაც წყლის მაგივრად ობობები ბინადრობენ ახლა, 200 ათას ლარზე მეტი დაუჯა ლანჩხუთის ბიუჯეტს. შემსრულებულმა გახსნის დღეს მოიტანა ცისტერნებით წყალი, ჩაასხა, გახსნა და მას მერე არც წყალი უნახია მოსახლეობას და არც შემსრულებელი“ _ აცხადებდა მაშინ ოპოზიციონერი.

„გურია თუდეის“ პირველი გვერდი, #138 (894), 30 ნოემბერი, 2022 წ.
ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივის ლიდერის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
„ჩამოთვლილ ,,ბრალდებათაგან“ ერთ-ერთი ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპანია ,,ბი და ბის“ მიერ განხორციელებული პროექტია. მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი. პროექტის ავტორი კომპანია მიუთითებდა სამშენებლო სამუშაოების არასათანადოდ წარმოებაზე, ხოლო შემსრულებელი კომპანია – პროექტის ხარვეზზე. ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია რესურსი დაადგინოს თუ რომელი კომპანიის მიზეზით ვერ განხორციელდა სათანადო დადებითი შედეგით სამუშოების დასრულება, წერილით მიმართა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას და ითხოვა შეისწავლონ სამუშაოების პროექტირებისას ან სამუშაოთა წარმოებისას ადგილი ხომ არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. თავის მხრივ კომპანიამ მიმართა სასამართლოს და მუნიციპალიტეტისგან ითხოვს იმ თანხის (დაახლოებით 240 000 ლარი) ანაზღაურებას, რომელიც მერიას მისთვის არ აქვს გადახდილი“ _ აღნიშნულია პასუხში, რომელიც მერიის პრესსამსახურმა „გურია თუდეის“ გამოუგზავნა.
იმავე წერილში ადგილობრივი ხელისუფლება კახა ასკურავას მიერ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გაკეთებულ ბრალდებებს პასუხობს: „რაც შეეხება შრომისუბნის საბავშვო ბაღს, მშენებელი კომპანიის მიერ დაქირავებული ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მზიდი კონსტრუქციების გაშიშვლებისას გამოვლინდა ისეთი დეფექტები, რომლის აღმოფხვრა და შეკეთებაც არარენტაბელური იყო. ჯურუყვეთის საბავშვო ბაღში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, 2023 წელს ლანჩხუთს სკოლამდელმა საგანმანათლებლო ცენტრმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზას, რომლის დასკვნის საფუძველზე სოფელ ჯურუყვეთის საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა და მისი არსებული სახით ექსპლოატაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ამ დროისთვის ჯურუყვეთისა და შრომისუბნის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, მიმდინარეობს პროექტების განხილვა და დაზუსტება“ _ აღნიშნულია ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილში.
„გურია თუდეი“ გამოაქვეყნებს სტატიაში დასახელებული ნებისმიერი პირის კომენტარს, თუ ისინი ამის სურვილს გამოთქვამენ.





