„ლანჩხუთის მოსახლეობის 90%-ს ვიცნობ და თითოეულს ისე ჩავხედავ თვალებში, არ შემრცხვება“ _ როდის გადაარჩინა სიდედრის სისხლმა და რას ეძებდა ცხენით 18 დღე თენგიზ ქერქაძე?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | თენგიზ ქერქაძე გამგეობის შენობის წინ, კაბინეტში და ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრისას

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, ქალაქის პირველი ვიცე-მერი თენგიზ ქერქაძე გარდაიცვალა. მოწესრიგებული, საქმიანი და ყურადღებიანი _ ასეთად დარჩება იგი თანაქალაქელთა მეხსიერებაში. დიდი ტრაგედიის მიუხედავად, იგი მთელი ცხოვრება საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. სათაურად ფრაზა შემთხვევით არ გამოგვიტანია, ბატონი თენგიზი მაღალი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც, ამაყად დააბიჯებდა ქალაქის ქუჩებში და შემხვედრთაგან მხოლოდ სიყვარულს იღებდა.

„გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს თენგიზ ქერაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.

არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია ზუსტად 25 წლის წინ…

…

ლანჩხუთის გამგებელს სასაუბროდ მისსავე კაბინეტში სამუშაო საათების შემდეგ ვეწვიეთ. თენგიზ ქერქაძესთან  აუდიენცია ახალი დაწყებული გვქონდა, როცა „ლელასმა“ (ლანჩხუთის თელასი) გვიმტყუნა და ინტერვიუს დიდი ნაწილის სანთლის შუქზე ჩაწერა მოგვიხდა.

ვრცელი შესავლით თავს არ შეგაწყენთ  და პირდაპირ კითხვა-პასუხზე გადავალთ. იმედია, არ დაგვზარდებით და წერილს ბოლომდე წაიკითხავთ.  სიტყვას გაძლევთ, რომ ნამდვილად არ ინანებთ.

_ ბატონო თენგიზ, თქვენი ბავშვობით დავიწყოთ.

_ კარგი ბავშვობა მქონდა (იღიმის).

_ ცელქი იყავით?

_ აბა, როგორ? ბავშვი ყველა ცელქია. თუმცა უზრდელი არასდროს ვყოფილვარ.

_ განებივრებდნენ?

_ ალბათ, კი _ მშობლებს ერთი შვილი ვყავდი და…

_ როგორ სწავლობდით?

_ საშუალოდ.

_ უფრო კონკრეტულად?

_ ხუთოსანი ვიყავი-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ოთხები მყავდა, სამიანებიც…

_ 2-იანი მიგიღიათ?

_ რა თქმა უნდა! 2-იანი ვის არ მიუღია?!

_ სამაგიეროდ, ფიზკულტურაში _ ფრიადი, ყოფაქცევაში _ ფრიადი?

_ კაი ოხერი ხარ (იცინის)…

მარცხნიდან: ავთანდილ ჯორბენაძე, ირინა სარიშვილი, თენგიზ ქერქაძე, ამირან გამყრელიძე

_ ოქტომბრელი და პიონერი იქნებოდით…

_ კი, მაშინ ყველა იყო ოქტომბრელი და პიონერი. მაგარი ბიჭი იყავი და არ ყოფილიყავი…

_ კომკავშირის წევრიც, ხომ?

_ (ფიქრობს) აღარ მახსოვს, მომიწევდა ალბათ… (იცინის).

_ კარგი, ახლა…

_ ჰო, კარგი, ვიყავი. თუმცა, ისეთი „დამწვარი“ ნამდვილად არა, სურათები რომ გადამეღო.

_ ეგ რაღას ნიშნავს?

_ ხომ მითხარით, ყელსახვევით გადაღებული სურათი მომეციო.

_ თქვენ სწავლასთან ერთად სპორტსაც მისდევდით.

_ ჰო და ბევრი გაიძახის, ფიზკულტურელი გამგებელი გვყავსო (იცინის).

_ როგორც გავიგეთ, ოჯახი წინააღმდეგი იყო თქვენს გაფიზკულტურელობაზე.

_ ეკონომისტი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ფიზკულტურულზე ჩავაბარე. თუმცა, შემდეგ ეკონომიკურიც დავამთავრე.

_ მუშაობა სად დაიწყეთ?

_ უნივერმაღში.

_ გამყიდველად?

_ არა, კაცო, ბუღალტერიაში. ეს მანამდე იყო, სანამ უმაღლესში ჩავაბარებდი.

_ რა შეიცხადეთ, აგერ, თენგიზ კიკვაძემ მითხრა, ფოსტალიონად დავიწყე მუშაობაო… მერე ისიც ფინანსებისკენ გადაიხარა, მაგრამ ბოლოს პოლიციაში ამოყო თავი…

_ არ დაგიჭიროს, უფრთხილდი (იცინის).

_ მართალია, ჯარში დარჩენას სთავაზობდნენო?

_ კი, 25 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ოჯახმა არ დამანება. თანაც, ამ დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი.

_ ოჯახზე ქვემოთ გკითხავთ. დაამთავრეთ სასწავლებელი და სად დაიწყეთ მუშაობა?

_ გორის სკოლა-ინტერნატში, ფიზკულტურის მასწავლებლად. სხვათა შორის, ახლა ჩვენი გამგეობის შენობა რომ დგას, აქ იყო მოედანი, სულ აქ ვიყავი და აქედან გამომყვა სპორტის სიყვარული.

_ ალბათ, გამგებლობისაც…

_ არ უნდა შემომეშვი აქ (იცინის).

_ კარგი, ეს ვიხუმრე, მაგრამ ფაქტია, მთელი ცხოვრება ამ ადგილზე ხართ. პირველად როდის მოხვდით „თეთრ სახლში“?

_ 25 წლის წინათ, რაიონის აღმასკომში ინსტრუქტორად დავიწყე მუშაობა, თუმცა სულ მალე ლანჩხუთის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ გადამიყვანეს. სწორედ იმ დროს დაიწყო „გურიას“ წარმატებული სვლა საბჭოთა ფეხბურთის ელიტისაკენ.

_ თქვენ ამ ცოტა ხნის წინათ „გურიას“ პრეზიდენტი გახდით, რასაც ჭორები მოჰყვა…

_ უხელფასო პრეზიდენტი ვარ, ვის რა აქვს სათქმელი?

_ ისევ „ძველს დროს“ დავუბრუნდეთ. კომპარტიის წევრი როდის გახდით?

_ 1977 წელს, რეკომენდაცია ცხონებულმა ვახტანგ წილოსანმა გამიწია.

_ „გაწითლება“ დაგგვიანებიათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სულ მალე თქვენთვის 2 ასეული კომუნისტი ჩაებარებინათ.

_ მიგიხვდით მინიშნებას. კი, ერთ-ერთ სოლიდურ საწარმოში პარტორგანიზაციის მდივანი გახლდით.

თენგიზ ქერქაძე ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში სტუმრობისას

_ გეტყობათ, პარტიული საქმეები მოგეწონათ…

_ მერე, ამაში ცუდი რა არის?

_ … და ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში ამიტომ ჩააბარეთ?

_ ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა.

_ იმ დროს!

_ ჰო.

_ მაშინ ბევრი იყო პარტსკოლა დამთავრებული?

_ ლანჩხუთში, მგონი, არავინ.

_ ჰოდა, ამ საქმეში პიონერს, რაიკომის მდივნობაზე პრეტენზია თუ არ გექნებოდათ, იოცნებებდით მაინც.

_ არ მქონია მასეთი ოცნებები…

_ თქვენი წარმატებული კარიერა, ამაზე ნაკლებად მიგვანიშნებს…

_ (იცინის) ასე გამოდის, მაგრამ ყველაფერს ჩემით მივაღწიე, ისე, რომ არავინ დამხმარებია.

_ ანუ „კრიშა“ არ გყოლიათ?

_ არა, რას ამბობთ. ჩემი თავის „კრიშა“ მე თვითონ ვარ.

_ 80-იანი წლების შუაში, თქვენ რაიკომში დაბრუნდით, თუმცა მალევე პარტიული საქმიანობა მიატოვეთ და სამეურნეოზე გადახვედით. მიზეზი რა იყო?

_ ჯერ იმას გეტყვით, რომ საორგანიზაციო განყოფილებაში მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე. იმ დროს სოფლები და მთლიანად რაიონი შევისწავლე. გულახდილად გეტყვით: ლანჩხუთის მოსახლეობის 90%-ს ვიცნობ.

_ ოჰო! 99,99%-ს არა _ კომუნისტური „სიზუსტით“?

_ (იცინის) ნამდვილად არ ვაჭარბებ! მეტიც: ნებისმიერ ლანჩხუთელს ისე შევხედავ თვალებში, არ შემრცხვება, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ცუდი არასდროს გამიკეთებია.

რაც შეეხება თქვენს წინა შეკითხვას: რაიკომმა საყოფაცხოვრებო სამსახურის უფროსად დამნიშნა და სიმართლე გითხრათ, დიდი სურვილი მქონდა, ამ სფეროში მემუშავა. 6 წლის მანძილზე ერთი თვის გეგმაც არ ჩამიგდია.

მარცხნიდან: „გურიას“ ლეგენდარული მწვრთნელი შალვა კაკაბაძე, სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და ლანჩხუთის გამგებელი თენგიზ ქერქაძე | ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის ლოჟა, ევგრაფ შევარდნაძის სახელობის ტურნირი, 2002 წ.

_ „უძრაობის ხანაში“ ეს დიდი რამ არ იყო, ბოლოს და ბოლოს, ქაღალდზე სრულდებოდა…

_ როგორ გეკადრებათ, სხვაგან რა ხდებოდა, ვერ გეტყვით და ჩვენთან ასე არ იყო.

_ „თეთრ სახლს“ დიდი ხნით მაინც ვერ დაშორდით და უკვე გამგეობაში დაბრუნდით. შემდეგ ქალაქის პირველი მერი გახდით…

_… პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელიც (იცინის)! თუმცა, მანამდე ქალაქის გამგებელი გახლდით.

_ გამგეობაში გამგებლის მოადგილედ დაბრუნდით.

_ ჰო, ცხონებული მიშა გვარჯალაძე იმ დროს გამგებლად გადაიყვანეს და მის ადგილზე მე დამნიშნეს. არ შემიძლია, ბატონი მიშას ლანჩხუთელობა და კაცურკაცობა არ აღვნიშნო.

_ გამგებელი კი გახდით, მაგრამ, როგორც ამბობენ, გუბერნატორის ფავორიტი თქვენ არ იყავით…

_ ახლა გუბერნატორს ნუ წამკიდებთ (იცინის). ისე კი ვიცი, რომ ბატონმა კარლომ მე გამიწია რეკომენდაცია პრეზიდენტთან. ჟურნალისტებმა კი დამაღალატეთ, მაგრამ… (იცინის).

_ ვერ მიგიხვდით.

_ გამოკითხვაში მეოთხეზე თუ მეხუთეზე ხომ გამიყვანეთ?

_ „მოქალაქეთა კავშირზე“ რას გვეტყვით?

_ რა გითხრათ… ზოგიერთებივით, პარტია პირადი მიზნებისათვის არასდროს გამომიყენებია.

_ დატოვებას ხომ არ აპირებთ?

_ არა, რატომ?!

_ მართალია, თქვენზე რომ ამბობენ „ზვიადისტი“ იყოო?

_ ვერ გეტყვით, რას გულისხმობთ, ექს-პრეზიდენტს არჩევნებშიც და შემდეგაც ვუჭერდი მხარს, ახლაც რომ ის იყოს პრეზიდენტი, მისი მხარდამჭერი ვიქნებოდი. დღეს, ედუარდ შევარდნაძეს ვუჭერ მხარს!

_ კაბინეტში პრეზიდენტ შევარდნაძის სურათი გიკიდიათ, ამბობენ, ადრე ზვიად გამსახურდიას სურათი ჰქონდა გამოკრულიო…

_ ის კაცი პრეზიდენტი იყო!

_ მოდით, თქვენი ქონებრივი დეკლარაცია შევავსოთ.

_ მაქვს სახლი, რომელიც მამაჩემმა დამიტოვა, 50 წლის წინ არის  აშენებული და მეორე სართული დღესაც გაუწყობელი მაქვს.

თენგიზ ქერქაძე მედიის წარმომადგენლებს ხშირად ხვდებოდა

_ გვეხუმრებით?!

_ არა, ბატონო, თუ არ გჯერათ, სახლში მესტუმრეთ და დაგათვალიერებინეთ. ეს არ დაწეროთ, უხერხულია…

_ აგარაკები, დაჩები ზღვისპირეთში?

_ არცერთი!

_ თქვენ საქართველოში ყველაზე ღარიბი გამგებელი ყოფილხართ.

_ ეგ ნამდვილად არ ვიცი.

_ იქნებ მეუღლის ან სიდედრის სახელზე გაქვთ გაფორმებული?

_ არა-მეთქი! ჩემი ცოლოურიდან მარტო მეუღლე მყავს, დანარჩენი ქვისლებს ჰკითხეთ (იცინის).

_ კარგი, ვკითხავ…

_ ერთ კურიოზს მოგიყვებით. სიდედრი ცუდად გახდა, დაკონსერვებული სისხლი გამატანეს გასასინჯად თბილისში. დიდი სიჩქარით მიმავალი ინსპექტორებმა გამაჩერეს. როცა ვუთხარი, რაც მიმქონდა, ბევრი იცინეს და უპრობლემოდ გამიშვეს.

_ ცოტაც თქვენს ოჯახზე გვითხარით…

_ გინდათ, მოგიყვეთ, როგორ დავოჯახდი?

_ ამისთვის ვარ მოსული…

_ ჩემი მეუღლის და ჩემს თანაკლასელს გაყვა. მისალოცად მივედი, მანანას (ბატონი თენგიზის მეუღლე – ავტ.) გასეირნება შევთავაზე და… სახლში მივიყვანე. მერვე კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი… ასე რომ, ჩემს სიმამრს ერთ კვირაში ორი ქალიშვილი გაუთხოვდა…

_ დავით წულაძეც ხომ თქვენი ქვისლია…

_ დათო „ც“ არ არის, ის ძალიან წესიერი და განათლებული კაცია!

_ ერთი ეგაა „ცუდი“ _ „ახალი მემარჯვენეა“, თორემ…

_ ნუ ოხუნჯობთ (იცინის). პარტია ოჯახურ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს! ოჯახზე ვსაუბრობდი, მყავს ორი შვილი: ნიკა ეკონომისტია, ანა სტუდენტი გახლავთ. 1977 წელს ჩემს ოჯახში დატრიალდა დიდი ტრაგედია, სამ თვეში დამეღუპა მამა და შვილი _ ირაკლი. მას შემდეგ ჩემი გული ტრავმირებულია.

_ ძალიან სამწუხაროა. განვაგრძოთ დეკლარაციის შევსება. გამოგრჩათ, რომ გყავთ მანქანა.

_ დიახ, ის არის ჩვენი ოჯახის ფუფუნება. მანქანა მყავდა, მყავს და მეყოლება. მახსოვს, პირველად მამაჩემმა მიყიდა.

_ ახლახანს „ოპელი“ იყიდეთ…

_ ათი წლის მანქანაა. ჩვენ გვყავდა ძველი „ოპელი“, გავყიდეთ და ეს ვიყიდეთ.

_ გამგებლის ხელფასი 100 ლარამდეა, „ყველაზე ღარიბი გამგებელი“ რითი არჩენს ოჯახს?

_ მეუღლე და ნიკა მუშაობენ, ნორმალური ანაზღაურება აქვთ და ასე თუ ისე, გვყოფნის. გვყავს საქონელი, ვამუშავებთ ყანას…

_ საქონელს ვინ უვლის?

_ ოჯახის წევრები, მათ შორის მეც.

_ ვთქვათ, საქონელი გაგებნათ, ვინ მოძებნის?

_ 3-4 წლის წინათ იყო შემთხვევა, 18 დღის მანძილზე ცხენით ვეძებდი.

წინა რიგში, მარცხნიდან _ აკაკი ჩხაიძე, ჯონი ფირცხალაიშვილი, თენგიზ ქერქაძე, უკან (ღია კოსტიუმით) _ ბადრი წილოსანი | ლანჩხუთის თეატრის შენობა, 2003 წ.

_ არ გვითხრათ, ყანასაც ვთოხნიო…

_ ადრე კი, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა არ მაძლევს ამის საშუალებას და ნათესავები მეხმარებიან.

_ ქეიფი გეყვარებათ.

_ რა თქმა უნდა, თუმცა დიდი მსმელი არასდროს ვყოფილვარ, თამადობა კი მეხერხება (ეღიმება).

_ როგორც ჩანს, თავში ჯდომა კარგად გაქვთ დაცდილი.

_ აბა, ეგეთები არ იყოს… (იცინის).

_ კარგი, ის მაინც გვითხარით, ღვინოს ამჯობინებთ თუ?..

_ „ადესა“ ყველას მირჩევნია.

_ გურმანი ხართ?

_ კარგად გაკეთებულს ყველაფერს მივირთმევ. თევზი მიყვარს ძალიან.

_ ზუთხი?!

_ არა, სხვაც. თუ სადმე წავაწყდი, ზუთხიც!

_ ბაზარში საყიდლებზე თქვენ დადიხართ?

_ კი. სხვათა შორის, ლანჩხუთის ბაზრის გარდა არსად დავდივარ.

_ გცნობენ?

_ ხომ გითხარით, ლანჩხუთელების 90%-ს ვიცნობ-მეთქი.

_ ფასს გიკლებენ?

_ არა, კაცო, ვინ დაგიკლებს (იცინის).

_ თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

_ სად მაქვს თავისუფალი დრო?!

_ მაინც?

_ რაღაც გინდათ მათქმევინოთ, გეტყობათ და მიმანიშნეთ…

_ საღამოობით ლაშისღელეში, ბენზინგასამართ სადგურთან გხედავენ.

_ მართალია, თუმცა ასე ძალიან იშვიათად ხდება, ახალგაზრდებთან ვსაუბრობ ხოლმე. კარგი, ახლა გამიშვით, უბნის „ბირჟაზე“ ვარ წასასვლელი (იცინის).

მამუკა ქანთარია

(ინტერვიუ ჩაწერილია 2001 წელს)