ლანჩხუთელი ზურაბ თავართქილაძე, რომელმაც 41 წლის წინ ქალაქი დიდი ხანძრისგან იხსნა, 75 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, გრძელდება ის, რის შესახებაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვწერდით _ მისი თავგანწირვა სათანადოდ არ დაფასებულა, ისე, როგორც გმირი მეხანძრე-მაშველი იმსახურებდა…
ამავე თემაზე წაიკითხეთ: რატომ ვერ ვაფასებთ გმირს, რომელმაც 40 წლის წინ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ლანჩხუთი დიდ უბედურებას გადაარჩინა
1985 წლის 22 ნოემბერს ლანჩხუთის ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა. საჭირო იყო ონკანის გადაკეტვა, რადგან დიდი ავზების აფეთქება ქალაქისთვის კატასტროფას გამოიწვევდა. ცეცხლმოკიდებულ ონკანთან მისვლა ადგილობრივმა მეხანძრემ სიცოცხლის რისკის ფასად შეძლო. მისმა მოქმედებამ ხანძრის ლიკვიდაციას შეუწყო ხელი და ქალაქი შესაძლო კატასტროფისგან იხსნა.
ამ ამბიდან 35 წლის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში, ზურაბ თავართქილაძე ტრაგიკულად დაიღუპა _ ქალაქის ცენტრში ხეების მოჭრის დროს სიმაღლიდან გადმოვარდა.
მისი გარდაცვალებიდან ზუსტად ორი წლისთავზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გმირის ამაგი დაფასდებოდა: მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერს, რომელიც ამავდროულად ზურაბ თავართქილაძის სახლის წინ მდებარეობს, მის სახელს მიანიჭებდნენ, ხოლო სახლზე, სადაც გმირი ცხოვრობდა, მემორიალურ დაფას განათავსებდნენ.
როგორც გაირკვა, სკვერს ზურაბ თავართქილაძის სახელი მიენიჭა, თუმცა ოჯახმა ამის შესახებ „გურია Today“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებიდან შეიტყო.
ლანჩხუთის საკრებულოს 2023 წლის 27 ივნისის განკარგულებით, მერიას სკვერისთვის ზურაბ თავართქილაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების ორი თვის ვადაში მოგვარება დაევალა.
როგორც აღვნიშნეთ, სკვერს გმირის სახელი უკვე მიენიჭა, თუმცა ამის აღმნიშვნელი წარწერა (მემორიალური დაფა) დაპირებიდან თითქმის 4 წლის შემდეგაც არ გაკეთებულა.
ასევე წაიკითხეთ: რა მოხდა 1985 წლის 22 ნოემბერს? გმირები არ კვდებიან… ლანჩხუთელი, რომელმაც ქალაქი დიდ განსაცდელს ააცილა, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა





