„ლანჩხუთისთვის გრიგოლეთის ბაზის დაბრუნება იყო ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი“ _ „გურიას“ ყოფილი სპონსორი მარინა თოთლაძე განცხადებას ავრცელებს (R)

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | მარინა თოთლაძე და გრიგოლეთის ბაზა

ლანჩხუთის „გურიასა” და გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით კლუბის ყოფილი სპონსორი მარინა თოთლაძე განცხადებას ავრცელებს:

„გურია Today“-ს საშუალებით, სოციალურ ქსელში, თვალყურს ვადევნებ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს. სურვილი გამიჩნდა, გამოვეხმაურო გრიგოლეთის ბაზასთან ატეხილ აჟიოტაჟს, მით უმეტეს, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი დამსახურება მაქვს ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ „გურიასთან“ მიმართებაში.

აქვე ვაცხადებ, რომ წარმატებებს ვუსურვებ ჟორდანიების ოჯახს და იმედს ვიტოვებ, ჩემგან განსხვავებით, გვერდით დაიყენებს არა ფუტკრის თაფლით სავსე კასრის მსგავსებს, არამედ ერთგულ ადამიანებს, რომლებიც დააფასებენ მის შრომას.

დავიწყებ იმით, რომ ღმერთმა შეარგოს ლანჩხუთელებს ის ბედნიერი წუთები, რაც ექვსი თვის განმავლობაში მივანიჭე. სანთელ-საკმეველი თავის გზას არასოდეს დაკარგავს. თუკი დაინტერესდებიან ახლანდელი მფლობელები, „გურიას“ ნამდვილი კეთილისმსურველები მოუყვებიან გუნდის აღმავლობის იმ ექვსსთვიან პერიოდზე.

ახლა კონკრეტულად გრიგოლეთის ბაზასთან დაკავშირებით: როგორც მახსოვს, გარკვეული წლების მერე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, დაუბრუნდა ლანჩხუთს გრიგოლეთის ბაზა. მოკლედ რომ ვთქვა, ეს იყო ბატონი ბიძინას საჩუქარი ლანჩხუთელებისთვის, რომლეთა დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ეს ტერიტორია სააგარაკე ზონებად არაა დაქუცმაცებული!

ამიტომ, როგორც  ადამიანი, რომელსაც გარკვეული დამსახურება მაქვს ლანჩხუთის „გურიას“ მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ბაზა უნდა დარჩეს ლანჩხუთის საკუთრებად და ნებისმიერმა ინვესტორმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან.

და ერთიც: ჩემი სურვილია, ისევე, როგორც ალბათ ლანჩხუთელების უმრავლესობის, რომ ინვესტორს ბაზა მიეცეს იმ ვადით, რა ვადითაც უპატრონებს საფეხბურთო კლუბს, რადგანაც აპრიორია ლაჩხუთელებისთვის, რომ გრიგოლეთის ბაზა და საფეხბურთო კლუბი „გურია“ განუყოფელი და ერთი მთლიანობაა“ _ აღნიშნულია „გურიას“ ყოფილი სპონსორის, მარინა თოთლაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.