დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაღუპვიდან 20 წელი გავიდა. 2004 წლის 16 აგვისტო ის დღეა, რომელმაც გურული ბიჭი გმირად აქცია.
გმირებად კი, არ იბადებიან, გმირებს მერე მოვლენები და სიტუაციები ქმნიან ხოლმე. ადამიანმა არც კი იცის, რომ შეუძლია თავი გაწიროს ვინმეს გულისთვის. სულაც არ ფიქრობს, რომ ოდესმე მსხვერპლად შეეწირება და დათმობს ყველაზე ძვირფასს ამქვეყნად, სიცოცხლეს…
ეს მერე ხდება, მერე, როდესაც ხედავ, რომ შენი დახმარებაა საჭირო… ვერც აცნობიერებ, ისე მიდიხარ შეტევაზე, დგები სიკვდილის პირისპირ და… ყველაზე უცნაური ისაა, რომ არც ფიქრობ სიკვდილზე…
გგონიათ, არ გრძნობდა? გრძნობდა და თავის დღიურებშიაც წერდა ამაზე. ზაზა დამენია, სანამ სამაჩაბლოში საკუთარ სიცოცხლეს გაწირავდა, აფხაზეთის ომშიც იცავდა საქართველოს.
მცირე ამონარიდები მისი დღიურიდან:
„სოხუმი, დაბა აგუძერა. ყოფილ პიონერთა ბანაკ „ჩერნომორეცს“ ვუახლოვდებით. ამ ბანაკში უკვე მეექვსე თვეა დგას ბატალიონი. შესასვლელთან ყარაულში მდგომ ბიჭებს მივესალმე და ეზოში შევედი. მრავალწლოვანი ნაძვების ქვეშ ჩვენი ტექნიკა დგას. ადამიანის ხელითა და გონებით შექმნილ საშინელ ურჩხულებს თვალი მოვავლე და გული დამწყდა. ადამიანის სიცოცხლე ხომ ისედაც ბავშვის პერანგივით მოკლეა. ჩემი გულის ტკივილის დრო არ არის… ახლა ომია.. შტაბის წინ მსხდომ ოფიცრებს მივესალმე და ყაზარმაში შევედი. წამოწოლილ ბიჭებსაც მივესალმე. განაპირა ოთახი ოზურგეთელებს გვიკავია. სულ შვიდნი ვართ. შვიდიდან ექვსი ერთი სოფლიდან არიან… მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის…… თითოეულის თვალებში მეგობრისა და თანამოძმისთვის თავდადება იკითხება. ასეთი ხალხის გვერდით მშიშარა ვერ იქნები… ომს თავისი კანონები აქვსო, ამბობენ, მე კი ვიცი, ომს საერთოდ არავითარი კანონი არ გააჩნია და არც არაფერს ემორჩილება.

ზაზა დამენიას საფლავი ოზურგეთში
ზაზა! – მომმართა ბატალიონის მეთაურმა შეიარაღების დარგში, – სასწრაფოდ მოემზადეთ, პოზიციებზე მივდივართ. ჯუმბერ მეტრეველი ცხინვალელია. მარცხენა ხელის მტევანზე მხოლოდ ცერა თითი აქვს. სოხუმში ერთ-ერთი დავალების შესრულებისას დაკარგა. ჭრილობის შეხორცებისთანავე ბატალიონში დაბრუნდა, ბიჭებს ვერ მივატოვებო…… პოზიციაზე გასასვლელად ვემზადებით. იარაღის საწყობს მივაშურე. მთელი რიგი დგას. იარაღს, ტყვია-წამალს და ყუმბარებს არიგებენ. თვალი შევავლე საბრძოლო იარაღს და გავიფიქრე, ომში რამდენი ტყვიაც გავარდება, ყველამ რომ მიზანს მიაღწიოს, კაცობრიობა გადაშენდება-მეთქი, მაგრამ ახლა მაღალ იდეალებზე ფიქრის დრო არ არის, სამშობლოს გვართმევენ. მე თუ მკითხავთ, ზედმეტად რისკიანი. ჩემი აზრით, რისკს მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ იმედის ნაპერწკალიც ახლავს თან. თუ გადარჩენის იმედი არა გაქვს და ეგრეთ წოდებულ ტარანზე მიდიხარ, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია…
– აბა, მანქანებზე, – გაიცა ბრძანება. მანქანას კალიებივით შევესიეთ. სწრაფად კეცავს კილომეტრებს ჩვენი მანქანა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ მძღოლმა მანქანის ფარები გამორთო. უკუნი სიბნელე ჩამოწვა. ვცდილობთ, ნელა და უხმაუროდ დავფაროთ დარჩენილი მანძილი. ვგრძნობ, ფრონტის ხაზს ვუახლოვდებით. ბიჭების გარინდება კიდევ უფრო ამუქებს ომის საშინელ ზრახვებს.
მანქანა გაჩერდა. ბიჭებმა მანქანა დავცალეთ. პოზიციებზე გავედით… ახლა ის წუთებია, როცა სიცოცხლის გადარჩენაზე ინსტინქტურად ფიქრობ. უცნაური გრძნობა მეუფლება, ერთი აზრი მიტრიალებს თავში. ვიცი, რომ დიდი გაჭირვების დროს შენიანს უნდა მიეშველო, გადაარჩინო, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად… აქ ჯოჯოხეთია და საუბედუროდ, ყველას გადარჩენა არ შეგიძლია… ვინ მოთვლის, რამდენ ადამიანს შევხვდი ამ ბრძოლების, ომისა და ნგრევის დროს. რა რჯულისა და ჭკუის ხალხს არ გადავეყარე. მე თუ მკითხავ, ომი კაცობრიობის სირცხვილია, მსახვრალი წისქვილი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უმოწყალოდ ფქვავს. ომი მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა. სხვებისაგან გაგონილი ან მონაყოლი ამბები ზუსტი შეფასებების საშუალებას არ იძლევა. დროის ცნება ომში მეტად პირობითია. შესაძლოა, ერთი საათის მანძილზე უფრო მეტი განიცადო, მეტი ტკივილი, სიხარული და იმედგაცრუება ნახო, ვიდრე მთელ ცხოვრებაში…
დამთავრდა აფხაზეთის ომი. ჩვენ დავმარცხდით. ბევრი ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა ამ ომში, მაგრამ სამშობლო ერთია და არც სიცოცხლე მენანება…“
როგორც ჩანს, მისთვის ეს იმდენად ბუნებრივი იყო, არც უფიქრდებოდა.
მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, ერედვში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად მივიდა სახლში, ცოლ-შვილი ჩაიხუტა და უთხრა: “ვინ იცის, კიდევ როდის გნახავთ… როცა მოვკვდები, შენი ცრემლები გულზე უნდა დამაშრო“.
მისი ჩანაწერები, რომლებიც ოჯახში ინახება, მებრძოლის სულიერ სამყაროსა და პასუხისმგებლობის გრძნობას ასახავს. მაგალითად, წერს: „ომი თავისთავად სიმწარეა და სიკვდილი… ის მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა… ბევრ მწარე მოგონებას იტევს… ზოგი ისეთია, დროც ვერ ერევა, ვერ შლის გონებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაჭედილ ტკივილს. ასეთი სიმწარე თან მიაქვს ომგადახდილ ადამიანს… ადამიანის სიცოცხლე ბავშვის პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანი ყოფილა“.
თითქოს წინასწარ იცოდა, თუ როგორი იქნებოდა მისი დასასრული: “მეომარს შეუძლია თავის დაფარვა ტყვიისაგან, ასევე შეუძლია დაემალოს ავტომატს, ტყვიამფრქვევს… ჭურვსაც აიცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვემეხის მიერ გასროლილ ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს… თუ მთლად განწირული არა ხარ და ის ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ დაეცა“.
ის კიდევ ერთი ღიმილის ბიჭია, რომელიც ადგა და უბრალოდ, თანამებრძოლთა გადასარჩენად, ხელყუმბარას გადაეფარა და საკუთარი სული წამში უკვდავებასთან წილნაყარი გახადა ამით:
2004 წლის 5 აგვისტოს ცხინვალის რაიონში ქართული სოფლების დასაცავად შეიყვანეს. ბრძოლა გორის რაიონში, სოფელ ერედვის მთაზე მიმდინარეობდა. 16 აგვისტოს, გარიჟრაჟზე, მტრის ხელყუმბარა სწორედ იმ სანგარში ჩავარდა, სადაც ზაზა დამენია იყო თანამებრძოლებთან ერთად. ზაზა გადაეფარა ხელყუმბარას და ოთხი ქართველი იხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან.
იმ დღეს მასთან ერთად ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. თანამებრძოლების გადმოცემით, დაღუპვამდე ორი დღით ადრე ნაღმის აფეთქების გამო ზაზას თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, პოზიციის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა: “წიგნის კითხვა აღარ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ, და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებო”.
უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თანამებრძოლებს დაპირდა: საკუთარი სიცოცხლის ფასად სიცოცხლე აჩუქა მათ, ომში შეფიცულ ძმებს!
ზაზა დამენიას სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.
ოზურგეთის სკოლა, სადაც გმირი სწავლობდა, ასევე ერთ-ერთი მწვერვალი გომისმთაზე, მის სახელს ატარებს.
„არ ვიცი, გაჭირვების დროს რატომ ვცდილობ ყველას მივეშველო და გადავარჩინო“ _… ესეც გურული გმირის დღიურიდანაა.





