„არ ჰქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ _ გომისმთის ავარიის საქმეზე მძღოლს ბრალი წარედგინა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გომისმთა და ლადო მენაბდის ფოტო ტრაგედიის ადგილიდან

გურიაში, გომისმთის გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, საქართველოს პროკურატურამ მძღოლს ბრალი წარუდგინა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც არ ჰქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია და რომელსაც მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს. შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მიკროავტობუსის 16 მგზავრმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.

სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 12 აგვისტოს, ოზურგეთის სოფელ გომის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი შეეწირა. მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. დაღუპულები ბელარუსი ტურისტები არიან.

ასევე წაიკითხეთ: „საოცარი ბიჭია, ახლახან დაოჯახდა, არც ნასვამი იყო და მანქანაც ახალი ჰყავდა“ _ რას ამბობენ გომისმთაზე მომხდარ ტრაგედიაზე: 4 ტურისტი გარდაიცვალა, 11 დაშავებულიდან 6 ბავშვია