„საოცარი ბიჭია, ახლახან დაოჯახდა, არც ნასვამი იყო და მანქანაც ახალი ჰყავდა“ _ რას ამბობენ გომისმთაზე მომხდარ ტრაგედიაზე: 4 ტურისტი გარდაიცვალა, 11 დაშავებულიდან 6 ბავშვია

|

Loading

ფოტო ტრაგედიის ადგილიდან | www.batumelebi.ge

გურიაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, როცა გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა 4 ადამიანი იმსხვერპლა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

გავრცელებულ ინფორმაციებს მიკროავტობუსის შესაძლოა გაუმართაობაზე, მძღოლის მეზობელი გამოეხმაურა: „ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით, ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი „მერსედესის“ მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა, არ ვიცი და ძალიან ვწუხვარ, საოცარი ბიჭია, საოცარი ოჯახი აქვს. ჩემი მეზობელია. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, ვფიქრობ, მანქანამ უღალატა. ძლიერი მძღოლი იყო, არანაირი ნასვამი და არანაირი ჯართი, როგორც აქ წერენ” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ცნობილი ხდება, რომ 11 მგზავრი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 6 ბავშვია. ერთ-ერთის მდგომარეობას ექიმები საყურადღებოდ აფასებენ.

„ჩვენთან შემოყვანილია 11 პაციენტი. ესენი არიან ტურისტები, რომლებიც მოგზაურობდნენ საქართველოში. ამ 11-დან 6 არის ბავშვი. მათგან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, აღენიშნება ეპიდურული სისხლჩაქცევა, რის გამოც მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მოზრდილებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობაც, ასევე, საყურადღებო იყო და ისიც მოთავსებულია რეანიმაციაში. დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ამ დილით ბავშვების მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – განაცხადა კლინიკის დირექტორის მოადგილე გიორგი კიკაბიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი, რომელსაც შსს 276-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა და გაწერის შემდეგ წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.

როგორც ირკვევა, მიკროავტობუსში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ბელარუსი ტურისტები იყვნენ და კურორტ გომისმთიდან ოზურგეთში ბრუნდებოდნენ. ტრაგედია 12 აგვისტოს, სოფელ გომში დატრიალდა _ მიკროავტობუსმა გზის სავალი ნაწილი დატოვა, ბორდიური გაიტანა და ხევისკენ გადავარდა. ტრანსპორტი ხეებმა შეაჩერა, მძიმე დარტყმამ კი მსხვერპლი გამოიწვია.

რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. მგზავრების ნაწილი ოზურგეთისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.