ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოპერისა და ბალეტის მხატვრის, ივანე ასკურავას დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქვიანიდან დიდ სცენაზე“ გაიმართა.
გურიის პატარა სოფლიდან დაწყებული გზისა და ლანჩხუთის თეატრის სცენაზე გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ლალი რამიშვილმა, რომელმაც სახელოვანი თანამემემამულის პორტრეტი ლამაზი ისტორიებითა და ეკრანზე გაცოცხლებული ფოტოებით ისე ლამაზად დაგვიხატა, სახელოვან მხატვარს რომ ეკადრებოდა.
მამის შესახებ ისტორიები გაიხსენა მხატვრის შვილმა, მეგი ასკურავამ და მისმა ბიძაშვილმა, ილტანი სარჯველაძემ. ისინი სპეციალურად ამ დღისთვის ჩამობრძანდნენ ლანჩხუთში.
სიტყვა წარმოთქვეს ღონისძიების მთავარმა ორგანიზატორმა ნონა იმნაძემ და ინიციატივის ავტორმა გოგი ფირცხალაიშვილმა. სახელგანთქმული სცენოგრაფის იუბილესადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა სამსონ მათითაიშვილმა, საამაყო თანასოფლელის შესახებ ისაუბრა პოლიტიკოსმა კახა ასკურავამ, რომელმაც წიგნის გამოცემა დაანონსა.
ლანჩხუთის თეატრალურ სამყაროსთან ურთიერთობაზე თეატრისა და კინოს მუზეუმის გამგემ, მაია ჩხაიძემ საინტერესო შტრიხები წარმოგვიდგინა. მან მუზეუმს საჩუქრად გადასცა ივანე ასკურავას მიერ ადგილობრივი თეატრის სცენისთვის მომზადებული დეკორაციის ფოტო.
აღნიშნული დეკორაცია კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ინახება, რომლის ხელმძღვანელმა გოდერძი ქურიძემ მისი მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხი წამოაყენა.
მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და მობრძანებულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ მხატვრის ნათესავები და ქვიანის მაცხოვრებლები. მათ შორის, აშშ-ში მცხოვრები სასამართლო ექსპერტი, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე რიმა ასკურავა.
ასევე წაიკითხეთ: ქვიანიდან დიდ სცენაზე… ფუნჯის დიდოსტატი და ბალეტის მხატვარი – ივანე ასკურავას კვალი ქართული სცენოგრაფიის ისტორიაში და ლანჩხუთის თეატრში დაწყებული ლეგენდა





