ციცების 21-ე მოგება და დანელიას 42 გოლი _ „ლანჩხუთმა“ ისევ დიდი ანგარიშით მოიგო, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა… და მადლობა „კვარტალს“!

|

Loading

„ლანჩხუთმა“ „თეთრიწყაროს“ ისევ 4:0 მოუგო

„ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსთან“ პროტესტის ნიშანდ ჩაშლილი მატჩის შემდეგ, ჩემპიონატში პირველი შეხვედრა გამართა და ისევ დიდი ანგარიშით მოიგო.

ეს გიორგი ჩხაიძის გუნდის 21-ე მოგებაა სეზონში, 17-ჯერ ისე მოიგეს ციცებმა, საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ. სხვათა შორის, „კვარტალი“ თანაქალაქელი „ნიკე-ლუსოს“ შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გურულებმა დიდი ანგარიშით ვერ მოუგეს. ის მატჩი 2:0 დასრულდა.

დანარჩენ 8 გუნდს „ლანჩხუთმა“ ყველა თამაში დიდი ანგარიშით მოუგო. მათ შორის, მესამედ _ კვარტალს“ _ 9:1, 4:0 და 5:1.

ამჯერად ლიგის მთავარმა მეგოლემ, ნათია დანელიამ ტაიმებში თითო გოლი გაიტანა, ხოლო ეთერ სულაშვილმა ბოლო 10 წუთში ჰეთ თრიკი შეასრულა და 5:1 გაიმარჯვეს.

„ლანჩხუთმა“ ჩემპიონობის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა

ისინი ლიგის მთავარი მეგოლეები არიან ასევე თანაგუნდელ ნინო ბუხრიკიძესთან ერთად, რომელიც 25 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორეა და „სულას“ 4-ით უსწრებს.

ციცების 132 გოლიდან თითქმის მესამედი (42) კი დანელიას ანგარიშზეა, ვისაც, ალბათ, ამ სეზონში ვერავინ დაეწევა. სულ სამეულს 88 გოლი დაუგროვდა და დიდია შანსი, 100-საც გადააცილონ…

„ლანჩხუთმა“ მეტოქეს მადლობა ფეისბუკის გვერდზე გადაუხადა სოლიდარობისთვის და ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით: „როცა სათქმელი ბანერის გარეშეც გასაგებია!“ [ნახეთ ფოტო]

ზემონახსენები მატჩის ჩაშლის გამო, „ლანჩხუთს“ „ნიკე-ლუსოსთან“ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა, რამაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საჩემპიონო ბრძოლას, ფაქტობრივად, ჩამოაშორა, მაგრამ როგორც კლუბმა თავის განცხადებაში აღნიშნა: „შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ერთადერთი არჩევანი“.

ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ: „შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა ჩვენთვის მთავარი სწორ მხარეს დგომაა“ _ „ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოსთან“ ჩათვლილ ტექნიკურ წაგებას ეხმაურება

03.11.2026 | თბილისი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი | კვარტალი 1:5 ლანჩხუთი

0:1, 1:2 დანელია (26, 63), 1:3, 1:4, 1:5 სულაშვილი (80, 86, 90)

ლანჩხუთი: გაბელია (46. თაბაგარი), გუჯაბიძე (56. სიჭინავა), რასელი, მურილიო, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ნარსია, დანელია, კამარგო (46. სულაშვილი), ბუხრიკიძე, ჯოჯუა